2020 წლის 19 ნოემბერს, Facebook-მომხმარებელმა შორე შანიძემ საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „ანგელა მერკელის პარტიამ კბილებით გაიტანა და მიიღეს კანონი ნებისმიერ სახლში პოლიციის დაუკითხავად შესვლის, ჩხრეკის, დაპატიმრების, თუ აქვთ ეჭვი რომ ბინაში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს, კორონა წესების დარღვევის და ა.შ. მიზნით...ფაქტიურად ყველაფერს გაგვიკეთებენ რაც მოესურვებათ იძულებითი ვაქცინაციიდან ჩიპიზაციით დამთავრებული...დამთავრდა თავისუფლება...“. აღნიშნული პოსტი გერმანიაში 18 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციას უკავშირდება, თუმცა მასში გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

2020 წლის 18 ნოემბერს გერმანიაში, ცენტრალურ ბერლინში საპროტესტო აქცია ნამდვილად გაიმართა. აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ ახალი კანონის მიღებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც მთვარობას კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების ამოქმედების უფლებამოსილება გაეზარდა.

აქციამდე, 17 ნოემბერს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დაანონსა, რომ ინფიცირებულთა რიცხვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლების გამო, გერმანიაში აუცილებელი გახდებოდა უფრო მკაცრი შეზღუდვების შემოღება. აღნიშნული საკითხები კი ერთი კვირის ვადაში უნდა განხილულიყო.

შედეგად, სამოქალაქო დაცვის მე-3 აქტის (3rd Civil Protection Act) „ინფექციისგან დაცვის შესახებ“ შესწორებებში მითითებულია პირობები და მოთხოვნები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია COVID-19-ის გავრცელებისგან დამცავი ზომების შემოღება. შესწორების თანახმად, გერმანიაში მნიშვნელოვნად შეიზღუდა თავყრილობები, პირადი შეხვედრები მეგობრებთან, ახლობლებთან და ნათესავებთან, კერძო და საჯარო წვეულებების გამართვა. ასევე სასურველია, რომ მოქალაქეებმა დახურულ საზოგადოებრივ სივრცეებში ყოფნას, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას, სხვადასხვა ტიპის დასასვენებელ-გასართობ აქტივობებს თავი აარიდონ. სამოქალაქო დაცვის მე-3 აქტი, პანდემიასთან ბრძოლის შემდგომი ღონისძიებების განხორციელებისთვის მრავალ სამართლებრივ საფუძველს შეიცავს. მაგალითად, შემდეგ საკითხებზე: ციფრული რეგისტრაცია, ანტიგენის სწრაფი ტესტების გამოყენება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისების გაძლიერების მიზნით ზომების მიღემა, საჭირო მედიკამენტების ან ვაქცინების შესყიდვა და დაფინანსება.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ზომები ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს (ამას არც გერმანიის მთავრობაში უარყოფენ) გარკვეულწილად ზღუდავს, ეს ყოველივე პირდაპირ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდით იყო განპირობებული (100000 შემთხვევა 7 დღის განმავლობაში, 19 ნოემბრის მონაცემებით). აქედან გამომდინარე, სიმართლეა რომ გერმანიაში ახალი კანონი მიიღეს, რომელმაც ხალხის პროტესტი გამოიწვია. თუმცა, ამ საკანონმდებლო შესწორებებს შორე შანიძის პოსტში გამოქვეყნებულ დებულებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან გაუფრთხილებლად ბინაში შესვლის, ჩხრეკის, დაკავების ან სხვა რაიმე მსგავსი ტიპის დებულებები გერმანიის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმაში ნამდვილად არ მოიძებნება.

რაც შეეხება პოსტში ნახსენებ „ჩიპიზაციასა“ და იძულებით ვაქცინაციას, სიმართლეს არც ეს დებულებები შეესაბამება. ვაქცინის საყოველთაო სავალდებულოობაზე არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და არც რომელიმე სახელმწიფოს დღემდე არაფერი განუცხადებია. ხოლო ჩიპიზაციის პროცესთან დაკავშირებული დეზინფორმაცია უკვე დიდი ხანია სხვადასხვა ფორმით, მეტწილად კი ბილ გეითსთან დაკავშირებული შეთქმულების თეორიების სახით ვრცელდება. აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაციებისა და კონსპირაციული თეორიების შესახებ „ფაქტ-მეტრი“ აქამდე სხვა სტატიებშიც წერდა (ბმული 1, ბმული 2).

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია