რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტი 2.071 მლრდ ლარით იყო განსაზღვრული. კორონავირუსის პანდემიის გამო წარმოშობილი პრობლემების გადასაჭრელად სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირება გახდა აუცილებელი. 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტი 15 923 800 000 ლარით განისაზღვრა. 2020 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტის მიხედვით, ყველაზე მეტად ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება შემცირდა. კერძოდ, 251. 3 მლნ ლარით და 1.820 მლრდ ლარი შეადგინა. ანტიკრიზისული ბიუჯეტი საქართველოს პარლამენტმა 24 ივნისს 84 ხმით დაამტკიცა.

პანდემიის პირობებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ ჩვენ უკვე ვწერდით (იხილეთ: სტატია). თუმცა მაშინ მხოლოდ მიმდინარე წლის I კვარტლის მონაცემები იყო ხელმისაწვდომი. როგორც ცნობილია, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და პანდემიის შედეგების გავლენა ინფრასტრუქტურულ პროექტების მიმდინარეობაზე უფრო მკაფიო და ცხადი II კვარტლის მონაცემებით გახდა. აქედან გამომდინარე, პანდემიის პირობებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესაფასებლად, სამინისტრო ბიუჯეტის, ცალკეული პროგრამების და პროექტების მეორე კვარტლის შესრულების მაჩვენებლები გავაანალიზეთ.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმდინარე წლის II კვარტლის გეგმა 774 161მლნ ლარი იყო, შესრულების მაჩვენებელმა 830 378 მლნ ლარი შეადგინა. შესაბამისად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს II კვარტლის გეგმა 107.2%-ით შესრულდა.

ცხრილი 1: ცალკეული ინფრასტრუქტურული პროგრამების ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი II კვარტლის მონაცემის მიხედვით (მლნ ლარი)

პროგრამის დასახელება

გეგმა

ფაქტი

შესრულება (%)

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

357.916

408.885

114

ჩქაროსნული ავტომაგისტრალი

341.035

391.085

115

წყალგაყვანილობის ინფრასტრუქტურის აღდგენა

71.616

77.54

108

რეგიონული და მუნიც. ინფრატრუქტურის აღდგენა

74.205

74.312

100.1

მყარი ნარჩენების მართვა

1.33

1.59

119

ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია

664

306.592

46.2

წყარო: სახელმწიფო ხაზინა

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წარმოებული პროგრამების გეგმა თითქმის გადაჭარბებით შესრულდა, გამონაკლისი მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამაა, სადაც მნიშვნელოვანი ჩამორჩენაა და კვარტლის გეგმა ნახევრადაც ვერ შესრულდა. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დონორების დაფინანსებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების, კერძოდ, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ცალკეული მონაკვეთების ბიუჯეტის II კვარტლის ათვისება შემდეგნაირი იყო:

ცხრილი 2: ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ცალკეული მონაკვეთების ბიუჯეტის შესრულება 2020 წლის II კვარტალი (მლნ ლარი)

მონაკვეთი

გეგმა

ფაქტი

შესრულება (%)

ზემო ოსიაური-რიკოთი

36.291

40.087

110

ბათუმის ახალი გზა

35.339

39.557

112

სამტრედია-გრიგოლეთი

34.485

34.408

99.7

ჩუმათელეთი-ხევი

5.12

4.604

89.9

ხევი-უბისა

33.845

53.027

156.7

უბისა-შორაპანი

52.62

52.484

99.7

შორაპანი-არგვეთა

102.773

124.068

120.7

ქვეშეთი-კობი

19.765

21.294

107.7

ზესტაფნი-ქუთაისი-არგვეთა

4.262

4.252

99.7

წყარო: სახელმწიფო ხაზინა

როგორც მონაცემებიდან ჩანს, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მიმდინარე მონაკვეთების მშენებლობის ბიუჯეტი უმეტეს შემთხვევაში გადაჭარბებით არის შესრულებული, მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთს მცირედი ჩამორჩენა აქვს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის განხილვისას ასევე მნიშვნელოვანია, რეგიონული განვითარების და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდების ათვისების მაჩვენებლები:

ცხრილი 3: რეგიონული განვითარების და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის 2020 წლის II კვარტლის შესრულება (მლნ ლარი)

ფონდი

გეგმა

ფაქტი

შესრულება (%)

რეგიონული განვითარების ფონდი

119.268

109.746

92.01

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი

5.005

2.455

49.05

წყარო: სახელმწიფო ხაზინა

ცხრილის მიხედვით, ორივე ფონდის ბიუჯეტის შესრულებაში ჩამორჩენაა, მთის დასახლებების განვითარების ფონდი ნახევრადაც არ არის ათვისებული. შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტომ პანდემიის პირობებში II კვარტლის გეგმა გადაჭარბებით შეასრულა (როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ანტიკრიზისული ბიუჯეტი პარლამენტმა 24 ივნისს დაამტკიცა, შესაბამისად, სამინისტროს ბიუჯეტის ცვლილებები II კვარტალში არ ასახულა). ჩვენ აღნიშნულ ფაქტს მხოლოდ მივესალმებით, თუმცა წარსული წლების გამოცდილება გვახსოვს, როცა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები (ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გარკვეული მონაკვეთების მშენებლობა, განსაკუთრებით დღემდე დაუსრულებელი სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთი) შეფერხებით მიმდინარეობდა და პროექტების დასრულების ვადები ხშირად ირღვეოდა (იხილეთ: სტატია 1, სტატია 2). ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სრულად დასრულების ვადაც რამდენჯერმე შეიცვალა და დაანონსებული 2020 წლის ნაცვლად, 2022 წლამდე გადაიწია.

თეგები: