ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირმა ნადირაშვილის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: საგზაო პროექტების მშენებლობაში პრობლემები მართლაც არსებობს. ცალკეული საგზაო მონაკვეთების სამშენებლო ვადები დარღვეულია დამნიშვნელოვანი ჩამორჩენაა. მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით, ჩქაროსნული ავტომაგისტარალის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, მთავრობის ოფიციალური ინფორმაციითვე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიგი მონაკვეთების (კერძოდ, ჩუმათელეთი-ხევი, ხევი-უბისა, უბისა - შორაპანის და შორაპანი - არგვეთას მონაკვეთების) მშენებლობის ვადები გადაიწია და 2021-2022 წლებში დასრულდება.

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე და ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის ორივე მონაკვეთზე მშენებლობა გარკვეული ხარვეზებით და შეფერხებით მიმდინარეობს. კერძოდ, სამტრედია-გრიგოლეთის მეორე და მეოთხე მონაკვეთებზე გზაზე ჯდენები (დეფორმაცია, ზედაპირის დაწევა) წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა. ამჟამად, კომპანია სამშენებლო ხარვეზის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით ახორციელებს. მესამე მონაკვეთზე, იტალიური კომპანია „ტოდინს“,ერთი წლის განმავლობაში, სამუშაოები საერთოდ არ დაუწყია, დეპარტამენტი კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობას განიხილავს. სამუშაოები შეჩერებულია სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე, რომელსაც კომპანია „ალტკომი“ ახორციელებდა. კომპანიამ სამუშაოების მხოლოდ 24% შეასრულა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამ ეტაპზე „ალტკომისგან“ საავანსო თანხის (18 338 910 ევრო) ამოღების სამართლებლივ პროცედურებს ახორციელებს. ჩამორჩენა არის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის ორივე მონაკვეთზე. ერთ შემთხვევაში კონტრაქტორმა დაგვიანებით დაიწყო სამუშაოები, ხოლო გზის მეორე მონაკვეთზე ხიდების მოწყობის სამუშაოები ჯერაც არ დაწყებულა.

ანალიზი

პარლამენტის სხდომაზე ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა: "რაში ვიხდით მილიარდებს, როდესაც გზების პროექტები არის შეფერხებული. ჩაბარების ვადები დარღვეულია ხანდახან თვეების განმავლობაში ან წლებით. რატომ ჩააბარეს საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიებს ყველაზე ძვირადღირებული პროექტები და მაგალითად მინდა დავასახელო კომპანია „სინოჰიდრო“, რომელსაც 710 მლნ-იანი პროექტი ჩააბარეს. ამ კომპანიას მსოფლიო ბანკმა უმკაცრესი სანქციები დაადო, მათ ტენდერებში მონაწილეობა ჰქონდათ აკრძალული, შავ სიაში იყვნენ. გარდა ამისა, სად გაქრა უკრაინული კომპანია „ალტკომი“, რომელმაც ავანსის სახით წაიღო 47 მილიონი".

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო პროგრამა წარადგინა, რომლის შემადგენელი ნაწილი იყო მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა. აღნიშნული გეგმით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა 2020 წლამდე უნდა დასრულებულიყო. მოგვიანებით, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2017-2020 წლებში განსახორციელებელი პროექტების სია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2020 წელს ვერ დასრულდება. კერძოდ, 2021-2022 წლებში (დაგეგმილი 2019-2020 წლის ნაცვლად) დასრულდება ჩუმათელეთი-ხევი, ხევი-უბისა, უბისა - შორაპანის და შორაპანი - არგვეთას მონაკვეთების მშენებლობა (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია).

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძეც გზების პროექტების შეფერხებით მიმდინარეობაზე ამახვილებს ყურადღებას და რამდენიმე პროექტს გამოყოფს. კერძოდ, შეფერხებით მიმდინარეობს სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთი. განსაკუთრებულად პრობლემურია აღნიშნული გზის მეორე მონაკვეთი, რომელსაც კომპანია „სინოჰიდრო“ ახორციელბს. მონაკვეთის თავდაპირველი პროექტის მიხედვით, გზა ბეტონის ხიმინჯებზე უნდა აშენებულიყო (რადგან ტერიტორია ჭაობიან ადგილს წარმოადგენდა). კომპანიამ სამუშაოების მსვლელობისას პროექტის შეცვლა მოითხოვა და ტერიტორიაზე ფითილები დაამონტაჟა. თუმცა, ფითილების გამოყენებით გზის მშენებლობამ შედეგი არ გამოიღო და გარკვეულ ადგილებში წარმოიშვა ჯდენები (დეფორმაცია, ზედაპირის დაწევა), რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა. ამჟამად, კომპანია „სინოჰიდრო“ საკუთარი ხარჯებით აწარმოებს გამოსასწორებელ სამუშაოებს.იგივე პრობლემებია გზისმეოთხე მონაკვეთზეც. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა 2016 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოები შეჩერებული იყო სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე, რომელსაც კომპანია „ალტკომი“ ახორციელებდა და რომლის სამუშაოები ჯერ კიდევ 2016 წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო. კომპანიამ სამუშაოების მხოლოდ 24% შეასრულა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამ ეტაპზე „ალტკომისგან“ საავანსო თანხის (18 338 910 ევრო) ამოღების სამართლებლივ პროცედურებს ახორციელებს. დეპარტამენტისვე ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები უახლოეს მომავალში განახლდება და ამჯერად, მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აკორდი“ განახორციელებს.

სამუშაოები 2018 წელს უნდა დასრულებულიყო სამტრედია-გრიგოლეთის მესამე მონაკვეთზე, სადაც მშენებლობა იტალიურ კომპანიას „ტოდინს“ უნდა ეწარმოებინა. სამუშაოები ჯერაც არ დაწყებულა.დეპარტამენტი ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტას განიხილავს.

ჩამორჩენა არის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის ორივე მონაკვეთზე. ერთ შემთხვევაში კონტრაქტორმა დაგვიანებით დაიწყო სამუშაოები, ხოლო გზის მეორე მონაკვეთზე ხიდების მოწყობის სამუშაოები ჯერაც არ დაწყებულა.

გარდა ამისა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, გარკვეული ჩამორჩენა არის მთის გზის პროექტების მიმდინარეობაშიც, სადაც დაგეგმილი 70 მილიონი ლარიდან, მხოლოდ, 13 მილიონი ლარი არის ათვისებული.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ერთ-ერთი კომპანია, რომელიც გზების სამშენებლო სამუშაობს შეფერხებით ახორციელებს, „სინოჰიდროა“. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანია „სინოჰიდრო“ ამჟამად ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამი მონაკვეთის მშენებლობას აწარმოებს, რომელთა ჯამური ღირებულება 597 362 447 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება კომპანია „სინოჰიდროს“ საერთაშორისო გამოცდილებას, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ კვლევის მიხედვით, კომპანია მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებშია ჩართული. საქართველო არ არის პირველი ქვეყანა, სადაც კომპანიას პრობლემები შეექმნა და ვალდებულებების არაკეთილსინდისიერ შესრულებაში დაადანაშაულეს. უგანდას რესპუბლიკაში სკანდალი გამოიწვია კომპანია „სინოჰიდროს“ მიერ საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში დასაქმებული მუშების მიმართ კანონსაწინააღმდეგო ხასიათის ხელშეკრულების შეთავაზების ფაქტმა. გამოძიებამ, რომელიც აფრიკის განვითარების ბანკის ჯგუფმა ჩაატარა, ცხადყო, რომ არსებობდა კომპანიის ჩართულობა თაღლითურ პრაქტიკაში. შესაბამისად, 2017 წლის ივნისში აფრიკის განვითარების ბანკმა „სინოჰიდრო“ შავ სიაშიშეიყვანა.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი