რეზიუმე: ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე მსჯელობა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლის მიხედვით შეგვიძლია. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტი 2.071 მლრდ ლარით განისაზღვრა. სამინისტროს მიმდინარე წლის I კვარტლის გეგმა 408.078 მლნ ლარი იყო, შესრულების მაჩვენებელმა 433.9 მლნ ლარი შეადგინა. შესაბამისად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს I კვარტლის გეგმა 106.3%-ით შესრულდა. ასევე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წარმოებული ყველა პროგრამის I კვარტლის გეგმა თითქმის გადაჭარბებით შესრულდა. ყველაზე მასშტაბური პროექტის, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ცალკეული მონაკვეთების ბიუჯეტის I კვარტლის გეგმაც თითქმის 100 პროცენტით არის შესრულებული. მიუხედავად ამისა, რადგან ზაზა გაბუნიას განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 22 აპრილს გაჟღერდა და აპრილის თვის შედეგები მხოლოდ მიმდინარე წლის II კვარტლის მონაცემში აისახება, თანაც საგანგებო მდგომარეობაც საქართველოში 21 მატს გამოცხადდა და პანდემიის შედეგების გავლენა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე უფრო მკაფიო და ცხადი ასევე 2020 წლის II კვარტალში იქნება, ყოველი ზემოთქმულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ.
ანალიზი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა: „არ გაჩერებულა არცერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი“. ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე მსჯელობა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლის მიხედვით შეგვიძლია. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტი 2.071 მლრდ ლარით განისაზღვრა. სამინისტროს მიმდინარე წლის I კვარტლის გეგმა 408.078 მლნ (ბიუჯეტი კვარტლების მიხედვით იგეგმება, შესაბამისად, ამ ეტაპზე, მხოლოდ I კვარტლის ბიუჯეტის გეგმის შესრულების მონაცემი არსებობს) ლარი იყო, შესრულების მაჩვენებელმა 433.9 მლნ ლარი შეადგინა. შესაბამისად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს I კვარტლის გეგმა 106.3%-ით შესრულდა.
ცხრილი 1: ცალკეული ინფრასტრუქტურული პროგრამების ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი I კვარტლის მონაცემის მიხედვით
პროგრამის დასახელება |
გეგმა |
ფაქტი |
შესრულება (%) |
საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება |
295.452 |
302.206 |
102.3 |
ჩქაროსნული ავტომაგისტრალი |
217.92 |
224.931 |
103.2 |
წყალგაყვანილობის ინფრასტრუქტურის აღდგენა |
45.454 |
61.308 |
134.8 |
რეგიონული და მუნიც.ინფრასტრუქტურის აღდგენა |
41.428 |
44.668 |
107.8 |
მყარი ნარჩენების მართვა |
7.917 |
8.01 |
101.2 |
იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერა |
5.301 |
5.301 |
100 |
ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია |
11.005 |
10.966 |
99.6 |
წყარო: სახელმწიფო ხაზინა
მონაცემების მიხედვით, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წარმოებული ყველა პროგრამის I კვარტლის გეგმა თითქმის გადაჭარბებით შესრულდა, გამონაკლისი მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამაა, სადაც მცირედი ჩამორჩენაა. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დონორების დაფინანსებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების, კერძოდ, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ცალკეული მონაკვეთების ბიუჯეტის I კვარტლის ათვისება შემდეგნაირი იყო:
ცხრილი 2: ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ცალკეული მონაკვეთების ბიუჯეტის ათვისება 2020 წლის I კვარტალში
მონაკვეთი |
გეგმა |
ფაქტი |
შესრულება (%) |
აგარა-ზემო ოსიაური |
284 ათასი |
281 ათასი |
98.9 |
ზემო ოსიაური-რიკოთი |
12.590 მლნ |
12.579 მლნ |
99.9 |
სამტრედია-გრიგოლეთი |
17.775 მლნ |
17.737 მლნ |
99.8 |
ბათუმის ახალი შემოვლითი გზა |
16.857 მლნ |
21.660 მლნ |
128.5 |
ჩუმათელეთი-ხევი |
1.454 მლნ |
1.437 მლნ |
98.8 |
ხევი-უბისა |
23.630 მლნ |
23.613 მლნ |
99.9 |
უბისა-შორაპანი |
18.100 მლნ |
18.087 მლნ |
99.9 |
შორაპანი-არგვეთა |
87.805 მლნ |
90.227 მლნ |
102.8 |
ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედია |
4.262 მლნ |
4.236 მლნ |
99.4 |
ქობულეთის ახალი შემოლითი გზა |
2.180 მლნ |
2.102 მლნ |
96.4 |
წყარო: სახელმწიფო ხაზინა
როგორც მონაცემებიდან ჩანს, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მიმდინარე მონაკვეთების მშენებლობის ბიუჯეტი ყველა შემთხვევაში თითქმის შესრულებულია, ორი მონაკვეთის შემთხვევაში კი, გადაჭარბებითაც.
თუმცა იმისთვის, რომ აპრილის ბოლოსთვის (განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 22 აპრილს გაჟღერდა) ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის უწყვეტობაზე ვიმსჯელოთ, ამისთვის უპრიანია 2020 წლის მეორე კვარტლის ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მონაცემს დაველოდოთ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობით ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა არ შეზღუდულა, კომპანიებს სამუშაოების წარმოება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი უსაფრთხოების წესების და რეკომენდაციების გათვალისწინებით შეეძლოთ. თუმცა სამშენებლო მასალების წარმოებაზე შეზღუდვები დაწესდა, რომელიც მხოლოდ 5 მაისს მოიხსნა. შეზღუდვების მოხსნა სამშენებლო მასალის რეალიზაციას არ ეხებოდა და რეალიზაცია მხოლოდ ონლაინრეჟიმში იყო დასაშვები. აქ ასევე გასათვალისწინებელია წარსული წლების გამოცდილებაც, როცა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები (განსაკუთრებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გარკვეული მონაკვეთების მშენებლობა) შეფერხებით მიმდინარეობდა და პროექტების დასრულების ვადები ხშირად ირღვეოდა (იხილეთ: სტატია 1, სტატია 2). ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუ როგორ მიმდინარეობდა ინფრასტრუქტურული პროექტები პანდემიის პირობებში, ნათელი სურათი 2020 წლის მეორე კვარტალში გამოჩნდება. ჩვენ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას თვალს მივადევნებთ და მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით.