სტატია გამოქვეყნდა Economist-ის ბეჭდური ვერსიის „ევროპის“ განყოფილებაში .

1945 წლის 27 იანვარს, ანუ იმ დროისთვის, როდესაც საბჭოთა ჯარებმა აუშვიც–ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკი გაათავისუფლეს, დაღუპული ადამიანების რაოდენობა, რომელთა 90%-ს ებრაელები შეადგენდნენ, ერთ მილიონს აჭარბებდა. პოლონეთში მდებარე უდიდესი გერმანული სიკვდილის ბანაკი ნაცისტური ბოროტების საყოველთაოდ აღიარებულ სიმბოლოს წარმოადგენს, თუმცა მისი გათავისუფლების 75–ე წლისთავი პოლიტიკური ბრძოლის ველად იქცა.

აღნიშნული მოვლენის ხსოვნის ცერემონიას, რომელიც ბანაკის ტერიტორიაზე ჩატარდება, ა.წ. 27 იანვარს პოლონეთი უმასპინძლებს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამ ღონისძიებას ბოიკოტს უცხადებს. ერთი ღონისძიება, ხსენებულ თარიღამდე ოთხი დღით ადრე, იერუსალიმში მდებარე ჰოლოკოსტის ხსოვნის მემორიალზე „იად ვაშემ“ გამართა და მას ბოიკოტი პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ გამოუცხადა. ბოიკოტის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ ღონისძიებაზე პრეზიდენტ პუტინს სიტყვით გამოსვლა სთხოვეს, მას კი არა (ორგანიზატორის განმარტებით, სიტყვით გამოსვლის უფლება მხოლოდ განმათავისუფლებელი ქვეყნების ლიდერებს ჰქონდათ. თუმცა ამ სიაში გერმანიაც მოხვდა).

პოლონეთსა და რუსეთს შორის არსებულ ანტაგონიზმს ხანგრძლივი ისტორია აქვს. თუმცა გასულ თვეში პრეზიდენტმა პუტინმა აღნიშნული დაპირისპირება უფრო გაამძაფრა და ხელისუფლებაში 20-წლიანი ყოფნის პერიოდში ყველაზე მასშტაბური პროპაგანდისტული იერიში წამოიწყო, რომელიც 2007 წელს მიუნხენში NATO–ს წინააღმდეგ პუტინისვე სიტყვით გამოსვლას შეიძლება, შევადაროთ. ამჯერად პუტინმა სცადა, აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა აგრესიის ისტორია კარდინალურად შემოებრუნებინა. ამ ისტორიაში საკვანძო მომენტი 1939 წლის აგვისტოა, როდესაც სტალინმა და ჰიტლერმა თავდაუსხმელობის პაქტი გააფორმეს და აღმოსავლეთ ევროპის გაყოფაზე შეთანხმდნენ. შემდეგ თვეს ნაცისტური გერმანია და საბჭოთა კავშირი პოლონეთში შეიჭრნენ და მეორე მსოფლიო ომი დაიწყო.

მიუხედავად ამისა, 20 დეკემბერს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ლიდერთა სამიტზე, პრეზიდენტმა პუტინმა საკუთარ ერთსაათიან მოხსენებაში ომის დაწყებაში პოლონეთი და მისი დასავლელი მოკავშირეები დაადანაშაულა. მან აღნიშნა, რომ ომის დაწყებამდე პოლონეთმა გერმანიასთან ანტისაბჭოური ალიანსი ჩამოაყალიბა და 1938 წელს ჩეხოსლოვაკიის გაყოფაში იღებდა მონაწილეობას. ამით პუტინმა მიანიშნა, რომ პოლონეთს საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენის უფლება არ ჰქონდა. გაოგნებულ ლიდერებს რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განუცხადა, რომ საბჭოთა კავშირს ჰიტლერთან შეთანხმების გაფორმების გარდა სხვა არჩევანი არ ჰქონდა, რადგან დასავლური სახელმწიფოები სსრკ–სთან მოკავშირეობას ჰიტლერის წინააღმდეგ არ თანხმდებოდნენ. „საბჭოთა კავშირს პოლონეთისგან არასდროს წაუღია რამე“ – დასძინა პუტინმა (მას არ უხსენებია საბჭოთა ჯარების მიერ 1940 წელს კატინის ტყეში დახვრეტილი 20 000 პოლონელი, ისევე, როგორც ომის შემდეგ ათწლეულების განმავლობაში, პოლონეთისთვის თავსმოხვეული კომუნისტური დიქტატურა).

რამდენიმე დღის შემდეგ, რუსი გენერლებისა და დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა პუტინმა 1938 წელს ნაცისტურ გერმანიაში პოლონეთის ელჩის ციტატა მოიყვანა, რომელიც მიესალმებოდა ჰიტლერის გეგმას ებრაელების აფრიკაში დეპორტაციის შესახებ და მას „ნაძირალა და ანტისემიტი ღორი“ უწოდა. პოლონელი ებრაელების ლიდერებმა განაცხადეს, რომ ხსენებული ელჩი, იოზეფ ლიპსკი, ომამდე ებრაელებს გერმანიიდან პოლონეთში გაქცევაში ეხმარებოდა და აღნიშნეს, რომ ომის ისტორიის დამახინჯება საფრთხეს უქმნის „თანამედროვე ევროპული იდენტობის საფუძველს“.

შესაძლოა, სწორედ, ეს არის პუტინის მიზანიც, რომელიც ამას თავდაცვად განიხილავს. რუსეთის მმართველი რეჟიმი ცდილობს ნაცისტებზე საბჭოთა კავშირის გამარჯვების აღმნიშვნელი ზეიმის გამოყენებას და იმედოვნებს, რომ რუსები დღევანდელ კრემლს ისტორიულ ტრიუმფთან დააკავშირებენ. სექტემბერში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც ომის გაჩაღებაში ბრალი სტალინსა და ჰიტლერს შორის გაფორმებულ პაქტს ედება. რეზოლუცია ასევე გმობს „ფაშისტურ, სტალინისტურ და სხვა ტოტალიტარულ და ავტორიტარულ რეჟიმებს“ და მოუწოდებს „მედეგობისკენ დემოკრატიის წინაშე დღეს არსებული საფრთხეების წინააღმდეგ“, რაც კრემლის მისამართით განხორციელებულ შენიღბულ დარტყმას წარმოადგენს.

საპასუხო დარტყმის მისაყენებლად, პროპაგანდისტებმა კრემლს ევროკავშირს და პოლონეთს შორის, ამ უკანასკნელის მიერ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე წამოწყებული იერიშის შედეგად გაჩენილი ბზარების გამოყენება ურჩიეს. რუსული პრესის ინფორმაციით, ისტორიკოსებს შორის გამართულ საუბარზე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ფიოდორ გაიდამ, შესაბამისი სტრატეგია წარმოადგინა: „თუ ჩვენ და ევროპელ ბიუროკრატებს საერთო მტერი გვჭირდება, ვფიქრობ, ამის პირველი კანდიდატი პოლონეთია... ჩვენი მთავარი მოკავშირე, დიახ, ისრაელია. ჩვენ უნდა განვავითაროთ შემდეგი თემები: ებრაელები წითელ არმიაში და ა.შ.“

ისრაელს საკუთარი მიზეზები აქვს, თუ რატომ უნდა ჰქონდეს კარგი ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც სირიაში წამყვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა. პრეზიდენტი პუტინი პოპულარულია ისრაელის რუს ემიგრანტებში და პრემიერ–მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბოლო საარჩევნო კამპანიაში პუტინთან ერთად გადაღებული სურათები გამოიყენა. თუმცა არც ერთ ამ შემთხვევას აქვს რაიმე საერთო ისტორიასთან, რომელიც ყოველთვის აწმყოში მიმდინარე პოლიტიკური ბრძოლების მსხვერპლია.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი