სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს ისტორიული კუთხის, მესხეთის შესახებ ლექსს კითხულობს. ვიდეოს თან ქართული თარგმანიც ერთვის, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს:

„მესხეთო!

ჩემში მნათო ნაკვერჩხალო, ანთებულო ცეცხლო!

ჩემო ძირძველო, სამშობლო მარადიულო!

ამ წლების განმავლობაში, ვცხოვრობ შენთან შეხვედრის იმედად,

მესხეთო!

მაქვს ჩემი უძლეველი ჯარის იმედიც!

თურქული მიწის ყველაზე გაძარცვულო ნაწილო! როგორც ნუკრს გაშორებულო თვალცრემლიანო ირემო!

მესხეთო!

იმედი არ დაკარგო!

დღე დადგება, ოქროს ხანაც მოვა შენი!

დაელოდე შვილებს თავდადებული მოთმინებით! დიდი მთების იმედით!

ერთადერთი დროშის და ხელთ გაერთიანებით!

განათდება სამშობლო, კერიაში დაინთება ცეცხლი!“

აღნიშნული ვიდეო მასალის გადამოწმების თხოვნით ფაქტ-მეტრს არაერთმა პირმა მომართა.

თურქეთის პრეზიდენტმა მესხეთზე ლექსი, 2019 წლის 10 დეკემბერს, ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან ადამიანების იძულებით გადასახლების 75 წლისთავთან დაკავშირებით, თურქეთის დედაქალაქში ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის ბოლოს მართლაც წაიკითხა. [1] თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ლექსის ორიგინალი ვერსიაცაა მოცემული:

„Ahıska!

Sensin içimde yanan kor ateş;

Sensin, ezeli ve ebedi yurdum!

Kavuşma ümidiyle yaşadım bunca yıldır;

Ümitler ki benim yenilmez ordum!

Ahıska!

Sen talan olmuş Türk yurdunun;

Gözü yaşlı maralısın.

Evladından ayrı düşmüş;

Anne gibi yaralısın…

Ahıska!

Yitirme ümidini bir gün de olsa,

Gelecek senin de altın çağların!

Bekle evlatlarını derviş sabrıyla;

Yeşertsin ümidi ulu dağların;

Birleşince tek bayrak altında erler;

Aydınlanacak yurtların, ocakların yanacak!“

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსთან დაკავშირებულ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ლექსი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (პარლამენტის) დეპუტატს, განირა ფაშაევას ეკუთვნის. ფაქტ-მეტრის მიერ თურქული ლექსის ქართული თარგმანის სიზუსტის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ მასში რამდენიმე უზუსტობაა. კერძოდ, ქართულ თარგმანში სტრიქონების თანმიმდევრობა დარღვეულია და მასში ლექსში გამოყენებული სიტყვების მნიშვნელობა ბოლომდე ზუსტად გადმოცემული არაა. ამასთან, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო რედაქტირებულია და ღონისძიების მონაწილეთა აპლოდისმენტები, რომელიც ვიდეოს ორიგინალ ვერსიაში ერდოღანის მიერ ლექსის დამთავრებას მოსდევს, თარგმანის მოცემული მონაკვეთის შემდეგ - „მაქვს ჩემი უძლეველი ჯარის იმედიც!“ - ხელოვნურადაა ჩასმული.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ლექსის ქართული თარგმანი თურქული, ორიგინალში არსებული ვერსიისგან, შინაარსობრივად, მნიშვნელოვნად არ განსხვავდება და ლექსის ძირითად პათოსს იმეორებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ერდოღანმა ლექსის წაკითხვამდე წარმოთქმულ სიტყვაში განაცხადა, რომ გადასახლებულ ადამიანთა რიცხვი დღეს 550 ათასის ფარგლებშია, ხოლო ამ პირთა ნაწილს თავიანთ სახლებში დაბრუნება სურს, რაშიც მათ თურქეთი საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მხარს დაუჭერს. ერდოღანის განცხადებით, იძულებით გადაადგილებული პირების ნებაყოფლობითი და უსაფრთხო დაბრუნების თხოვნის გამო არავინ უნდა შეშფოთდეს. მისივე თქმით, თურქეთი აღნიშნული საკითხის სამართლებრივ ჩარჩოში მოგვარებას მეგობრობით, პატივისცემითა და კეთილი განწყობით განაგრძობს. ამ კონტექსტში, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარა ქართველ თანამდებობის პირებთან და ევროსაბჭოსთან მუშაობას გააგრძელებს. ერდოღანის მიხედვით, აღნიშნული თემა თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებში და სამხრეთ კავკასიის მიმართ ქვეყნის მიერ წარმოებულ პოლიტიკაში პრიორიტეტებს შორის კვლავაც დარჩება.

მიუხედავად მსგავსი განცხადებებისა, სოციალურ ქსელში ერდოღანის სიტყვით გამოსვლის მხოლოდ ის მონაკვეთი მოხვდა, რომელშიც ის ლექსს კითხულობს. ლექსზე დაყრდნობით კი, Facebook-ის არაერთი მომხმარებელი და თურქოფობიური განწყობების გაღვივებაში აქამდეც შემჩნეული წყარო ერდოღანის საკითხისადმი დამოკიდებულებას სრული კონტექსტის გარეშე ავრცელებდა.

ამასთან, მიუხედავად საკითხის მიმართ თურქეთის ოფიციალური პოზიციისა და საკუთრივ ერდოღანის გამოსვლაში გაჟღერებული კეთილმეზობლური და კონსტრუქციული განცხადებებისა, ფაქტ-მეტრის რედაქცია მიიჩნევს, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტის მიერ საჯარო სივრცეში მსგავსი ლექსის წაკითხვა კორექტული არ იყო.

[1] შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით:

„1944 წლის 15-17 ნოემბერს, სსრკ-ის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1944 წლის 31 ივლისის N6279-cc დადგენილების საფუძველზე საბჭოთა ხელისუფლების მიერ საქართველოს სსრ-იდან, შუა აზიაში გადასახლებულ იქნა, სამხრეთ საქართველოში - ძირითადად მესხეთის რეგიონში მცხოვრები 20 000-მდე ოჯახი.“

უწყების მიხედვით:

„2007 წლის 11 ივლისს მიღებულ იქნა კანონი (№ 5261) “ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ”, რითაც სახელმწიფომ გადასახლებულ პირთათვის და მათი შთამომავლებისთვის შექმნა შესაძლებლობა მოემართათ სახელმწიფოსთვის და დადგენილი წესით წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოიპოვებინათ რეპატრიანტის სტატუსი, რაც შემდგომში, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებულად მინიჭების შესაძლებლობას ითვალისწინებდა. კანონში გათვალისწინებულია სამართლიანობის აღდგენის, ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნების პრინციპები და ეტაპობრივი რეპატრიაცია.“

ამასთან, სახელმწიფო მინისტრის აპარატი აღნიშნავს, რომ:

„კანონით დადგენილ ვადებში რეპატრიანტის სტატუსის მოთხოვნით წარმოდგენილ იქნა 5841 განაცხადი, საიდანაც ოჯახის ერთიანობის პრინციპის დაცვით რეპატრიანტის სტატუსი მიენიჭა 1998 პირს (სტატუსის მინიჭება მოხდა განაცხადის წარმოდგენის დროისათვის სრულწლოვანი პირისათვის; განაცხადში წარმოდგენილი არასრულწლოვანი პირისთვის სტატუსის მინიჭება მოხდა ავტომატურად)...დღეის მდგომარეობით, პირობადებული მოქალაქეობა მიენიჭა 494 რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირს - ყველა იმ პირს, ვინც სახელმწიფოს მომართა მოქალაქეობის მისაღებად“.