რეზიუმე: ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენების იდეა ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან არსებობდა, რაც დასტურდება ფაქტ-მეტრის კვლევით და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ გავრცელებული ინფორმაცით. ანაკლიაში ნავსადგურის აშენების პირველი მცდელობა 1960-იან წლებში იყო. 1970-იან წლებში ვ. ზენკოვიჩი, თავის სამეცნიერო ნაშრომში, მდ. ენგურის შესართავთან, ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენების იდეას განიხილავდა და დაახლოებითი მონახაზიც არსებობდა. 1980-იან წლებში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველი პროექტი შეიქმნა (არჩილ კიკნაძის პროექტი). 2000-იანი წლების დასაწყისში, ინჟინერმა სპარტაკ ერაგიამ, ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის ალტერნატიული პროექტი შეიმუშავა. 2010 წლიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენების იდეა კვლავ გააქტიურდა, რომელიც „ლაზიკას“ სახელწოდებითაა ცნობილი. „ლაზიკას პროექტს“ აკრიტიკებდა „ქართული ოცნება“. 2013 წელს კი, ხელისუფლებაში „ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენების შესახებ განცხადება გავრცელდა. საბოლოოდ, 2017 წელს პორტის მშენებლობა დაიწყო.
ანაკლიის სიახლოვეს პორტის მშენებლობის სხადასხვა პროექტების თუ წინადადებების შემთხვევაში, საერთოა იდეა - ყველა მათგანი მიმდებარე ტერიტორიაზე ღრმაწყლოვანი პორტის აშენებასა და ამისთვის ანაკლიის სანაპიროსთან მდებარე ენგურის კანიონის გამოყენებას გულისხმობს.
ანალიზი
ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილება ვერსია, რომ მამუკა ხაზარაძის და „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე მოვლენები,კავშირშია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან. შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე „თიბისი ჰოლდინგის“ დამფუძნებელია, რომელიც თავის მხრივ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, ძირითადი პარტნიორი და პროექტების დეველოპერია.
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე მოვლენების დაკავშირება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დიდი უპასუხისმგებლობაა. ანაკლიის პორტზე საუბრისას მან ასევე აღნიშნა: „მინდა, ყველას შევახსენო, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი გახლავთ ინიციატორი ამ უმნიშვნელოვანესი იდეის“.
ანაკლიაში პორტის აშენების იდეა ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან არსებობდა. ამის შესახებ ფაქტ-მეტრი 2014 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა. 2017 წელს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ანაკლიაში პორტის მშენებლობის მცდელობების ქრონოლოგია გაავრცელა. აღნიშნულ წყაროებზე დაყრდნობით, გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას ანაკლიაში პორტის მშენებლობის იდეებსა და მცდელობებზე.
ანაკლიაში ნავსადგურის აშენების პირველი მცდელობა 1960-იანი წლების ბოლოს იყო, აშენდა პირსი[i], თუმცა იდეა ამ ეტაპს არ გასცდენია. ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის იდეა აქტიურად განიხილება 1970-იან წლებში. 1976 წელს „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბეში“ ვ. ზენკოვიჩის სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნდა, სადაც ენგურჰესის მშენებლობის შედეგად, საქართველოს სანაპირო ზოლში, მოსალოდნელ ცვლილებებზეა საუბარი. აღნიშნულ ნაშრომში საუბარია ანაკლიაში, მდინარე ენგურის შესართავთან, პორტის მშენებლობის საჭიროებაზე, რომელიც ასევე განიხილება ნაპირდაცვითი პრობლემის გადაწყვეტის გზად.
1980-იან წლებში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველი პროექტი შეიმუშავეს გეოგრაფმა არჩილ კიკნაძემ და არქიტექტორმა გიორგი მეტრეველმა. 1993-1995 წლებში საქართველოს მთავრობას ანაკლიაში ნავთობტერმინალის მშენებლობის მცდელობა ჰქონდა. ანაკლიაში პორტის მშენებლობის იდეა აქტუალობას არც შემდეგ წლებში არ კარგავს. 2000-იანი წლების დასაწყისში „მშენპროექტის“ დირექტორმა, ინჟინერმა სპარტაკ ერაგიამ, ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის ალტერნატიული პროექტი შეიმუშავა. აღნიშნული პროექტით, პორტის გამტარუნარიანობა 100-120 მლნ ტონა უნდა ყოფილიყო.
„ნაციონალურმა მოძრაობის“ხელისუფლებაში ყოფნის დროს, კოლხეთის დაბლობზე, ანაკლიასა და ყულევს შორის, ქალაქ ლაზიკას მშენებლობა იგეგმებოდა, სადაც ასევე უნდა აშენებულიყო ღრმაწყლოვანი პორტიც. 2012 წელს ლაზიკის პორტის მშენებლობა საწყის ეტაპზე იყო, არსებობდა რამდენიმე საპროექტო წინადადება, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. ასევე, საბოლოო პროექტის დამუშავებისთვის ჯერ მოსამზადებელი სამუშაოების და კვლევების ჩატარება იყო საჭირო.
ლაზიკის პროექტს 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში„ქართული ოცნება“მწვავედ აკრიტიკებდა. თუმცა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მმართველი გუნდი ანაკლიის მიდამოებში ღრმაწყლოვანი პორტის აშენების იდეით დაინტერესდა. 2013 წელს„ქართული ოცნების“ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, ხელისუფლებაში მოსვლიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, ანაკლიის პორტის მშენებლობის შესახებგანაცხადა. ანაკლიაში შავი ზღვის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და განვითარების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევა 2014 წლის 5 აგვისტოს გამოცხადდა. გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის და შესაბამისად ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების ვადამ არაერთხელ გადაიწია (იხ. სტატია 1; სტატია2). საბოლოოდ, 2016 წლის თებერვალში გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, ანაკლიის პორტის მშენებლობა კი, 2017 წლის დეკემბერში დაიწყო.
ფაქტ-მეტრის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ანაკლიისა და ლაზიკის პორტებს შორის თვისობრივი განსხვავება არ არსებობს. ორივე კონცეფცია ანაკლიის მიმდებარე ტერიტორიაზე ღრმაწყლოვანი პორტის აშენებასა და ამისთვის ანაკლიის სანაპიროსთან მდებარე ენგურის კანიონის გამოყენებას გულისხმობს.