ძველი ვერსია - 02.02.2016 ფაქტ-მეტრი ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხზე მუშაობას აგრძელებს. 2014 წლის 5 აგვისტოსანაკლიაში შავი ზღვის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და განვითარების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევა გამოცხადდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გამარჯვებული კომპანია ჯერ კიდევ 2015 წლის სექტემბერში უნდა გამოვლენილიყო. ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის 14 ოქტომბრის განცხადებით, გამარჯვებულს 2-3 კვირაში დაასახელებდნენ. თუმცა, არც ეს პროგნოზი გამართლდა. ფაქტ-მეტრი ამ თემაზე მაშინაც წერდა (იხ. სტატია). მიმდინარე წლის 15 იანვარს კი, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა,რომ კომპანიას, რომელიც ანაკლიის პორტს ააშენებდა, 12 დღეში დაასახელებდნენ. გამარჯვებული კომპანია დღემდე არ დასახელებულა. ფაქტ-მეტრი შეეცადა გაერკვია, თუ რა სიტუაცია გვაქვს ამჟამად.

შეგახსენებთ, რომ ინტერესთა გამოხატვაში 2 კონსორციუმია დარჩენილი. ერთ-ერთი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმია", რომელიც "თიბისი" ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ დააარსა. ის პროექტში ამერიკულ კომპანია Conti Group-თან თანამშრომლობს. მეორე კონსორციუმი კი, ბიზნესმენ თემურ ქარჩავას მიერ დაფუძნებული "ანაკლია - ინდუსტრიული ეკოპარკი და პორტია". მისი პარტნიორი არის Power Construction Corporation of China, რომელიც ჩინეთის უმსხვილესი კომპანიის Power China-ს შვილობილი კომპანიაა.

გასული წლის ბოლოს საქართველოს მთავრობის მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადებები ჩინური მხარის მზადყოფნაზე იმის შესახებ, რომ ისინი ანაკლიის პორტის მშენებლობას დააფინანსებდნენ.

5თებერვალს ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები ჩინურ მხარესთან გრძელდება. გამარჯვებული კომპანია კი, უახლოეს მომავალში, სამუშაო შეხვედრების დასრულების შემდეგ გამოვლინდება. კონკრეტულ თარიღს, თუ როდის გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია, ეკონომიკის სამინისტროში ვერ ასახელებენ. რატომ გაიწელა სამუშაო შეხვედრები და რაზე ვერ თანხმდება სახელმწიფო ჩინურ მხარესთან, ამ კითხვებზე პასუხი ეკონომიკის სამინისტროსგან ვერ მივიღეთ. სამინისტროს პრეს-სამსახურში განგვიცხადეს, რომ ამ ეტაპზე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით უწყებაში სხვა კომენტარს ვერ გააკეთებენ.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ჩინურ მხარესთან მოლაპარაკებები სატენდერო პირობების შესახებ მიმდინარეობს და ჯერჯერობით შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება. ამ თემაზე გაზეთ "რეზონანსთან" "ანაკლია - ინდუსტრიული ეკოპარკი და პორტის" დამფუძნებელმა თემურ ქარჩავამ ისაუბრა. მისი განცხადებით, "ჩინური კომპანია Power China მზად არის დააფინანსოს, ააშენოს და ექსპლოატაცია გაუწიოს ამ დიდ პროექტს, რასაც ანაკლიის პორტი ჰქვია. განსახილველია რამდენიმე საკითხი საინვესტიციო ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით... გარკვეული პუნქტები საერთაშორისო ფინანსურ სტანდარტებთან მიმართებაში უნდა მოწესრიგდეს". თემურ ქარჩავას თქმით, თუ სახელმწიფო საინვესტიციო ხელშეკრულების პირობებს არ შეცვლის, მაშინ ჩინური მხარე პროექტში მონაწილეობაზე უარს იტყვის.

მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, სახელმწიფოს მხოლოდ ერთი ინვესტორი - "თიბისი ჯგუფი" (ამერიკულ კომპანია "კონტი ჯგუფთან" ერთად) რჩება. თუმცა, დათანხმდება თუ არა ეს უკანასკნელი საინვესტიციო ხელშეკრულების არსებულ პირობებს, ჯერჯერობით უცნობია.

განახლებული ვერსია - 10.02.2016 მიმდინარე წლის 8 თებერვალს ანაკლიაში შავი ზღვის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და განვითარების შესახებ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულად "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი"დასახელდა.

კონსორციუმი TBC ჯგუფსა და ამერიკულ კომპანია Conti International-ს აერთიანებს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის, განვითარების, ოპერირების და გადაცემის შესახებ გამარჯვებულ კომპანიასთან მოლაპარაკება სამი თვის ვადაში გაიმართება. ამის შემდეგ ხელი მოეწერება საინვესტიციო ხელშეკრულებას. გამარჯვებულ კომპანიასთან გასაფორმებელი საინვესტიციო კონტრაქტის ხანგრძლივობა 49 წლით განისაზღვრება.

პროექტის მოთხოვნებისმიხედვით, ანაკლიის პორტის მშენებლობა საინვესტიციო ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში უნდა დაიწყოს. პორტის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად წარიმართება და მისი საბოლოო გამტარუნარიანობა 100 მილიონი ტონა იქნება. პორტი ოპერირებას მშენებლობის დაწყებიდან არაუგვიანეს 3 წელიწადში დაიწყებს, იმ დროისთვის მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 7 მილიონი ტონა უნდა იყოს.

ანაკლიაში შავი ზღვის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და განვითარების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევა 2014 წლის 5 აგვისტოს გამოცხადდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გამარჯვებული კომპანია 2015 წლის სექტემბერში უნდა გამოვლენილიყო, თუმცა ამ ვადამ არაერთხელ გადაიწია (იხ. ფაქტ-მეტრის კვლევაამ თემაზე).

სპეციალური კომისიის 2015 წლის მაისის გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტის მშენებლობაზე გამოცხადებულ მოწვევაში ორიკონსორციუმი დარჩა.

მათგან ერთ-ერთი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" იყო. ხოლო მეორე, კონსორციუმი "ანაკლია - ინდუსტრიული ეკოპარკი და პორტი", რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქართველი ბიზნესმენი თემურ ქარჩავაა. მისი პარტნიორი არის Power Construction Corporation of China, რომელიც ჩინეთის უმსხვილესი კომპანიის Power China-ს შვილობილი კომპანიაა.

გასული წლის ბოლოს საქართველოს მთავრობის მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადებები იმის შესახებ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობას ჩინური მხარე დააფინანსებდა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ჩინურ მხარესთან მოლაპარაკებები სატენდერო პირობებზე მიმდინარეობდა, კომპანია საინვესტიციო ხელშეკრულების პირობებს შეცვლას ითხოვდა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მოლაპარაკება არ შედგა.

ფაქტ-მეტრი ანაკლიის პორტის მშენებლობის თემას მომავალში კვლავ დაუბრუნდება.

თეგები: