ანაკლიის სიახლოვეს პორტის აშენების იდეა ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან არსებობდა (იხილეთ ფაქტ-მეტრის კვლევაამ თემაზე).

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლებაში ყოფნისას ლაზიკის პორტის მშენებლობა დაგეგმა, რომელიც 2015 წლის პირველ ნახევარში უნდა დასრულებულიყო. პორტი ლაზიკა საქართველოს ზღვისპირეთში ყველაზე დიდი უნდა ყოფილიყო, მისი მშენებლობა 85 ჰექტარზე იყო გათვალისწინებული. პროექტის ღირებულება დაახლოებით 535 მილიონ ლარს შეადგენდა. ლაზიკის პორტის მშენებლობასთან ერთად, ასევე გათვალისწინებული იყო ქალაქ ლაზიკას მშენებლობაც, რომელიც კოლხეთის დაბლობზე, ანაკლიასა და ყულევს შორის უნდაგაშენებულიყო.

2012წელს ლაზიკის პორტის მშენებლობა საწყის ეტაპზე იყო, არსებობდა რამდენიმე საპროექტო წინადადება, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. ასევე, საბოლოო პროექტის დამუშავებისთვის ჯერ მოსამზადებელი სამუშაოების და კვლევების ჩატარება იყო საჭირო.

ლაზიკის პროექტს 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში "ქართული ოცნება" მწვავედ აკრიტიკებდა. თუმცა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მმართველი გუნდი ანაკლიის მიდამოებში ღრმაწყლიანი პორტის აშენების იდეით დაინტერესდა. ანაკლიის პორტის აშენების შესახებ გადაწყვეტილება საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილმა 2013 წლის 30 სექტემბერს, ხელისუფლებაში მოსვლიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ ამცნო. ფაქტ-მეტრის კვლევისშედეგად დადგინდა, რომ ანაკლიისა და ლაზიკის პორტებს შორის თვისობრივი განსხვავება არ არსებობს. ორივე კონცეფცია ანაკლიის მიმდებარე ტერიტორიაზე ღრმაწყლიანი პორტის აშენებასა და ამისთვის ანაკლიის სანაპიროსთან მდებარე ენგურის კანიონის გამოყენებას გულისხმობს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ანაკლიისა და ლაზიკის პორტების "კონცეფციებს" შორის სხვაობა მხოლოდ სახელწოდებებშია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მაშინდელმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2014 წლის 13 მაისსგანაცხადა, რომ ანაკლიის მიდამოებში ღრმაწყლიანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერი წლის ბოლომდე გამოცხადდებოდა.ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობაზე ტენდერი 2014 წლის ივლისში უნდა გამოცხადებულიყო. საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტის განცხადებით, ფონდს უკვე გააჩნდა ახალი პორტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, აგრეთვე მისი საწყისი დიზაინი და გენერალური გეგმა. გიორგი კვირიკაშვილის 2014 წლის 10 ივლისის განცხადებითკი, ანაკლიის პორტის მშენებლობა 2015 წელს, სავარაუდოდ შემოდგომაზე უნდა დაწყებულიყო, ვინაიდან დაახლოებით ერთი წელი სჭირდებოდა როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური რესურსების მობილიზაციას.

2014 წლის 5 აგვისტოს "ანაკლიაში შავი ზღვის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და განვითარების შესახებ" ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევა გამოცხადდა. ასევე, მთავრობის განკარგულებით, ანაკლიაში პორტის აშენების ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განცხადებათა განმხილველი კომისიაშეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის მიხედვით, ანაკლიის პორტის გამტარუნარიანობა 100 მილიონი ტონა იქნება. მშენებლობა 7 ეტაპს მოიცავს. პორტის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 18 თვის ვადაში უნდა დაიწყოს, ექსპლუატაციაში კი მშენებლობის დაწყებიდან 3 წლის ვადაში უნდა შევიდეს.

ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ინტერესი 12-მა კომპანიამ გამოხატა, რომელთაგან კომისიამ 7 შეარჩია. 2015 წლის იანვარში ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის სექტემბრამდე ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე კომპანიებიდან გამარჯვებული კომპანია გამოვლინდებოდა, რომელიც ანაკლიის პორტს ააშენებდა. კომისიის 2015 წლის მაისის გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტის მშენებლობაზე გამოცხადებულ მოწვევაში ე.წ. მოკლე სიაში შემავალი შვიდი კონსორციუმიდან ორი დარჩა.

მათგან ერთ-ერთი, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", "თიბისი" ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ დააარსა და პროექტში ამერიკულ კომპანია Conti Group-თან თანამშრომლობს. მეორე კონსორციუმი, ქართველი ბიზნესმენის თემურ ქარჩავას მიერ დაფუძნებული "ანაკლია ინდუსტრიული ეკოპარკი და პორტია". მისი სტრატეგიული პარტნიორი არის Power Construction Corporation of China, რომელიც ჩინეთის უმსხვილესი კომპანიის PowerChina-ს შვილობილი კომპანიაა.

გამარჯვებული კომპანია ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი. ეკონომიკის ამჟამინდელი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის 14 ოქტომბრის განცხადებით, გამარჯვებული 2-3 კვირაში გამოვლინდება. მისივე ინფორმაციით, ანაკლიის პორტის მშენებლობა 2016 წლის ივლისში ან აგვისტოს დასაწყისში დაიწყება. ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, "ანაკლიის პორტის უკან 600 ჰექტარზე გაკეთდება თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელიც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის".

ფაქტ-მეტრი შეეცადა გაერკვია, შესაძლოა თუ არა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების თარიღმა კიდევ ერთხელ გადაიწიოს. როგორც ეკონომიკის სამინისტროში განგვიმარტეს, ამ ეტაპზე, ინტერესეთა გამოხატვაში მონაწილე დარჩენილ ორივე კონსორციუმთან სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს, შესაბამისად დაზუსტებით ვერც ამ პროცესის დასრულების და ვერც მშენებლობის დაწყების თარიღს ვერ გვისახელებენ. ისინი იმედოვნებენ, რომ გამარჯვებული კომპანია 2-3 კვირაში გამოვლინდება, როგორც ეს ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა.

ფაქტ-მეტრი თვალს ადევნებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ მოვლენათა განვითარებას და ამ თემას უახლოეს მომავალში კვლავ მიუბრუნდება.

თეგები: