სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი „მსოფლიო ამბები“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1; 2; 3), წერს: „გაირკვა, რომ მამაკაცი, რომელმაც ტრამპის მოკვლა სცადა, ადგილობრივი ებრაული თემის წევრი იყო” - ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს“. ანგარიში ასევე ავრცელებს ფოტოს, რომელზე აღბეჭდილ პირებსაც ებრაელების ტრადიციული ქუდი, კიპა ახურავთ. ფოტოზე შემოხაზულია პირი, რომელსაც, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპის თავდამსხმელ მეთიუ კრუქსთან აიგივებენ. რეალურად, დასავლური მედიაში მსგავსი ინფორმაცია არ ვრცელდება. ამავდროულად, გავრცელებული ფოტოს პირველწყაროს ნახვის შემდეგ ეჭვქვეშ დგება მტკიცება, რომ ფოტოზე თომას მეთიუ კრუქსია გამოსახული.

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს 13 ივლისს საღამოს, პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში შეიარაღებულმა პირმა რამდენიმე ტყვია ესროლა. დონალდ ტრამპს თავდასხმის დროს ყური დაუზიანდა. გამოძიების ფედერალური სამსახურის (FBI) ინფორმაციით, თავდამსხმელი 20 წლის თომას მეთიუ კრუქსია. ჯერჯერობით, თავდამსხმელის შესახებ რამდენიმე დეტალია ცნობილი. თომას კრუქსმა 2022 წელს ბეთელ პარკის საშუალო სკოლა დაამთავრა, 2 თვის წინ კი ალეგენის ოლქის სათემო კოლეჯი დაასრულა და მუშაობა მოხუცთა თავშესაფარში დაიწყო. 19 ივლისის მონაცემით, თავდამსხმელის მოტივების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის.

დონალდ ტრამპზე თავდასხმის დღიდან სოციალურ ქსელში დეზინფორმაციული მტკიცებები ვრცელდება, რასაც „ფაქტ-მეტრი“ უკვე არაერთხელ გამოეხმაურა (1,2,3).

Facebook-ანგარიშის მტკიცება, რომლის მიხედვითაც, დასავლური მედიის ინფორმაციით, ტრამპზე თავდამსხმელი ებრაული თემის წევრი იყო, მცდარია. გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ არც ერთი ცნობილი დასავლური მედია, მათ შორის The New York Times , BBC, Reuters, CNN, FoxNews მსგავს კავშირებზე არ წერს.

რაც შეეხება გავრცელებულ ფოტოს, ფოტოს პირველწყარო, აშშ-ში მდებარე ერთ-ერთი ებრაული სინაგოგის Facebook-გვერდია. 13 თებერვალს გამოქვეყნებული პოსტი ამჟამად, ინტერნეტში მხოლოდ დაარქივებული ბმულის სახით არის ხელმისაწვდომი, ხოლო სინაგოგის Facebook-გვერდი წაშლილია. პოსტის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ფოტოები ებრაული ტუ ბიშვატის დღესასწაულზე არის გადაღებული.

აღნიშნულ ფოტოზე გამოსახულ პირსა და მეთიუ კრუქს შორის მსგავსება მართლაც არის, თუმცა თუ პოსტის პირველ ფოტოს დავაკვირდებით, რომელზეც აღნიშნული პირი ანფასში დგას, სხვაობა შესამჩნევი ხდება. კერძოდ, განსხვავებულია სახის ფორმა, კრუქსის შემთხვევაში ნიკაპი წინ წამოწეულია, ხოლო ცხვირი ფოტოზე გამოსახულ პირთან შედარებით უფრო სქელია. ჯერჯერობით სხვა დეტალი, რომელიც ფოტოზე გამოსახული პირის ვინაობას დააზუსტებდა, ცნობილი არ არის.

ფოტოზე მარჯვნივ თომას კრუქსი

ამდენად, მტკიცება, რომ დასავლური მედია ტრამპზე თავდამსხმელსა და ებრაული თემის კავშირებზე წერს, მცდარია. ამავდროულად, ფოტოზე გამოსახული პირზე დაკვირვებით ეჭვქვეშ დგება მტკიცება, რომ ფოტოზე თომას მეთიუ კრუქსია გამოსახული. ჯერჯერობით პირზე დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5574 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია