სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი „მსოფლიო ამბები“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1; 2), ავრცელებს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, შემდეგ ციტატას: „,მე მჯერა ბატონ პუტინთან დიალოგის. მე მჯერა დიალოგის ძალის და გავაგრძელებ დიალოგს მასთან“.

ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ნამდვილად გააკეთა, თუმცა გავრცელებულ პოსტში ფორმულირება ორიგინალისგან მცირედით შეცვლილია: „მე მჯერა დიალოგის ძალის და გავაგრძელებ დიალოგს ვლადიმირ პუტინთან“.

მაკრონის აღნიშნული განცხადება მისი ვრცელი ინტერვიუდან შერჩევით და იზოლირებულად არის გავრცელებული, რამაც შესაძლოა, მკითხველს არასწორი წარმოდგენა გაუჩინოს და განცხადების იმგვარი ინტერპრეტაციისკენ უბიძგოს, თითქოს პრეზიდენტ მაკრონს პუტინის (და მასთან დიალოგთან დაკავშირებით) მიმართ იმაზე მეტად შემრიგებლური და რბილი პოზიცია აქვს, ვიდრე ეს მისი სრული ინტერვიუდან/განცხადებიდან და საკითხის გარშემო მაკრონის მიერ სხვადასხვა დროს დაფიქსირებული პოზიციებიდან ჩანს. გავრცელებულ პოსტში ემანუელ მაკრონის განცხადების კონტექსტი არ ჩანს, სადაც ის აკრიტიკებს პუტინთან იმგვარ კომპრომისებზე საუბარს, რამაც მხოლოდ მოკლევადიანი „მშვიდობა“ შეიძლება მოიტანოს და გრძელვადიანად მაინც დამაზიანებელი აღმოჩნდეს.

ემანუელ მაკრონმა 24 ივლისს პოდკასტში - Do It Yourself Generation - სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, რუსეთ-უკრაინის ომზე, ისაუბრა. პოდკასტის წამყვანმა საფრანგეთის პრეზიდენტს უკრაინასთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა, მათ შორის, იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ბევრი ადამიანი, შესაძლოა, ფიქრობდეს, რომ პუტინთან საუბარი შეუძლებელია, ხოლო ზოგი, შესაძლოა, ფიქრობდეს, რომ უკრაინის დახმარებით მაკრონი უკრაინაში ომს მეტად აღვივებს/ამძაფრებს, რამაც შესაძლოა, ომი გამოიწვიოს საფრანგეთშიც.

შეკითხვას მაკრონი შემდეგნაირად პასუხობს: „არ მგონია, რომ ჩვენს მიწაზე ომი დაიწყება და არც ის, რომ ხვალ უკრაინის მიწაზე ჩავერთვებით [ომში]. მაგრამ რაც უკრაინაში წყდება, რომელიც ჩვენი საზღვრიდან 1500 კილომეტრშია, ეს არის ევროპის მომავალი და ჩვენი უსაფრთხოება. თუ ჩვენ არ გავაკეთებთ იმას, რასაც [ახლა] კოლექტიურად ვაკეთებთ, [ამ შემთხვევაში] ჩვენ გავგზავნით მესიჯს, რომ „წესებს ძლიერი ადგენს“ და არ იარსებებს არავითარი მიზეზი, რომ რუსეთი იქ გაჩერდება. ჩვენ მართლები ვიყავით, კოლექტიურად, არამხოლოდ საფრანგეთი, რომ გავგზავნეთ იარაღი, აღჭურვილობა, ჩავატარეთ ტრენინგები და ამ კონტექსტში გავაძლიერეთ მხარდაჭერა. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ომი ავირიდო და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით პირველი დღიდან - მე ასობით საათი დავხარჯე იმ დროს ქალბატონ მერკელთან ერთად, რათა აგვერიდებინა, რომ პუტინი კვლავ იმავე ტიპის კონფლიქტს დაიწყებდა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არ იყოს ესკალაცია. ჩვენ ორი რამ გვიცავს: ჩვენ ვმოქმედებთ, როგორც ევროპელები და როგორც მოკავშირეები და [ვმოქმედებთ] ჩვენს არაევროპელ მოკავშირეებთან ერთად და ჩვენ გვაქვს ბირთვული შეკავება. ამის წყალობით, ჩვენ თავს არ დაგვესხმებიან. ჩვენ[ი შეკავება] სანდოა. ჩვენ სწორი ვართ [პოზიციაში], ვიყოთ მტკიცე. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ომი თავიდან ავიცილო. სიმტკიცე გვხდის სანდოს, რაც მდგრად მშვიდობას გახდის შესაძლებელს, რომელიც პატივს სცემს კანონს. (...) პირიქით, სისუსტე ან პუტინთან კომპრომისი, რომლისკენაც ზოგი გვიბიძგებს, შესაძლებელია, უფრო ხელსაყრელი ჩანდეს მშვიდობისთვის მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ ეს არის ერთგვარი „დანებებით“ მშვიდობა“.

ამ მონაკვეთის შემდეგ მაკრონი აგრძელებს: „მე მჯერა დიალოგის ძალის და გავაგრძელებ დიალოგს ვლადიმირ პუტინთან". ჟურნალისტის კითხვაზე, ისევ აქვს, თუ - არა დიალოგი პუტინთან, საფრანგეთის პრეზიდენტი პასუხობს: „ბოლო თვეებში არა, მაგრამ არ გამოვრიცხავ დიალოგს ამა თუ იმ თემაზე, მათ შორის, ატომურ ელექტროსადგურებსა და სხვა საკითხებზე, მაგრამ, გულწრფელად გეუბნებით, ვფიქრობ, რომ ყოველთვის მნიშვნელოვანია დიალოგის გაგრძელება და რომ არ გაწყდეს ეს ძაფი, რათა არ მივცეთ ხალხს საკუთარი თავის იზოლირების საშუალება. და მაინც, დიალოგის წარმოება საჭიროა სანდო ფორმაში - თუ თქვენ მეორე მხარეს გყავთ მხარე, რომელსაც საკუთარი თავის დაცვა შეუძლია და ჩვენ რომ არ გაგვეკეთებინა ყველა სხვა ევროპელთან, ამერიკელებთან, კანადელებთან, იაპონელებთან და კიდევ რამდენიმე სხვასთან ერთად, რაც ორი წლის განმავლობაში ჩვენ უკრაინისთვის გავაკეთეთ, აღარ იქნებოდა არანაირი დიალოგი, უკრაინა შთანთქმული იქნებოდა“.

საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პუტინთან დიალოგზე აქამდეც ისაუბრა. კერძოდ, გასული წლის დეკემბერში მაკრონმა განაცხადა, რომ ის ღიაა პუტინთან დიალოგისთვის მშვიდობიანი გადაწყვეტის პოვნაზე, თუ პუტინი მას დაუკავშირდება. ამავდროულად, საფრანგეთის პრეზიდენტი აგრძელებს უკრაინის დახმარებას. მაკრონი გამოირჩევა მოწოდებებით, რომ NATO-ს მოკავშირეებმა უკრაინის დასახმარებლად მეტი გააკეთონ. მან უკრაინაში სამხედროების გაგზავნაც არ გამორიცხა და უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გასაგზავნად ქვეყნების კოალიციის ჩამოსაყალიბებლად მოლაპარაკებებს აწარმოებდა/აწარმოებს. მისი განცხადებით, უკრაინისათვის საფრანგეთის მხარდაჭერას „ლიმიტები არ აქვს“. მიმდინარე წლის მაისში გერმანიის კანცლერთან ერთად მაკრონმა განაცხადა, რომ მათი სურვილია, უკრაინას საშუალება მიეცეს, გამოიყენოს მათი იარაღი რუსეთის შიგნით მდებარე იმ ობიექტებისთვის, საიდანაც მოსკოვი უკრაინას უტევს.

ამდენად, ემანუელ მაკრონის ციტატა კონტექსტის გარეშე ვრცელდება, რამაც შესაძლოა, მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს. კერძოდ, იმავე ინტერვიუდან, სადაც მაკრონმა პოსტში მოცემული განცხადება გააკეთა, მაკრონი პუტინთან/რუსეთთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით სხვა ფრაზასაც იყენებს, რომელშიც მისი პოზიცია უფრო სრულად ჩანს - იგი ღიაა დიალოგისთვის, მაგრამ არა იმგვარი ფორმით, რომელზეც სხვები საუბრობენ - პუტინთან კომპრომისით, რომელიც მასთან დანებებას/დათმობას გულისხმობს და მხოლოდ მოკლევადიანი მშვიდობა შეიძლება მოიტანოს, მაგრამ გრძელ ვადაში, პირიქით, კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს.

აღნიშნული ნაწილის გამოტოვების გამო, პოსტმა მკითხველს შეიძლება შეუქმნას შთაბეჭდილება, რომ მას პუტინთან/რუსეთთან მოლაპარაკებაში შედარებით შემრიგებლური და რბილი პოზიცია აქვს; მაშინ, როდესაც იმავე ინტერვიუში მაკრონი დამატებითი განცხადებებით საკუთარ პოზიციას უფრო მკაცრად წარმოაჩენს, ვიდრე მხოლოდ გავრცელებული ნაწყვეტი. შესაბამისად, „მსოფლიო ამბები-ს“ გავრცელებულ პოსტში წარმოდგენილი განცხადება ინტერვიუდან შერჩევითად და იზოლირებულად იმგვარად არის მოცემული, რომ აკლია საჭირო კონტექსტი და შესაძლოა, მკითხველს არასწორი წარმოდგენა შეუქმნას.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5559 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი