სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც, მტკიცების მიხედვით, ჩანს ის მამაკაცი, რომელმაც დონალდ ტრამპის მკვლელობა სცადა. პოსტის აღწერაში ნათქვამია, რომ „ტრამპის მკვლელობის მცდელობამდე მსროლელმა, მეთიუ კრუკსმა, წინა დღის ვიდეო წინასწარ ჩაწერა“, „მე მქვია მეთიუ თომას კრუკსი. მე მძულს რესპუბლიკელები. მე მძულს ტრამპი“.

აღნიშნული ვიდეო იმ მტკიცებით, რომ მასში მეთიუ კრუკსია ასახული და ვიდეო ტრამპის მკვლელობის მცდელობამდე არის ჩაწერილი, საერთაშორისო მასშტაბით გავრცელდა. შესაბამისად, მტკიცებას ფაქტების გადამმოწმებლები მსოფლიოს მასშტაბით გამოეხმაურნენ.

BBC Verify-ს ჟურნალისტმა შაიან შარდარიზადემ თავის X ანგარიშზე დაწერა, რომ აღნიშნული ვიდეო პენსილვანიაში ტრამპზე თავდამსხმელს არ ეკუთვნის და ის X-ის (წარსულში twitter) ზუსტად იმ ანგარიშმა გაავრცელა, ვინც თავს ხუმრობით თავდამსხმელად წარმოაჩენს (დაარქივებული ბმული).

შაიან შარდარიზადე გულისხმობდა ამ ადამიანის მიერ საკუთარ ანგარიშზე (@jewgazing) გამოქვეყნებულ ფოტოებს, რომელიც მან სახუმაროდ ე.წ. „ტროლინგისთვის“ გამოაქვეყნა და სადაც ის საკუთარ თავსა და თავდამსხმელს შორის ფიზიკურ მსგავსებას უსვამდა ხაზს.

მის ანგარიშზე აღნიშნული პოსტები წაშლილია, ამდენად, ხელმისაწვდომი აღარაა, თუმცა X-ის სხვა მომხმარებლებმა მისი პოსტების ეკრანის ანაბეჭდები გამოაქვეყნეს (დაარქივებული ბმული).

ფოტო 1: თავდასხმის შემდეგ გავრცელებული ფოტო, რომელიც თავდასხმაში ეჭვმიტანილს ასახავს და რომელიც X-ზე ანგარიშმა @jewgazing გააზიარა, სავარაუდოდ, მასთან გარეგნული მსგავსების გამო

ფოტო 2: X-ანგარიშის (@jewgazing) მიერ თავდასხმაში ეჭვმიტანილის ფოტოს მსგავსი პოზიციიდან და კუთხიდან გადაღებული საკუთარი ფოტო

ფოტო 3: X-ანგარიშის (@jewgazing) მიერ გაზიარებული პოსტი, სადაც მისი ფოტო თავდასხმაში ეჭვმიტანილის ფოტოსურათად იყო წარმოჩენილი

როგორც N1 ეკრანის ანაბეჭდიდან ჩანს, ვიდეოს ავტორმა ტრამპზე თავდამსხმელის ფოტოს გასაჯაროების შემდეგ დაწერა, რომ თავისი ყველა ფოტო სწრაფად უნდა წაეშალა [სავარაუდოდ, თავდამსხმელთან მისი ფიზიკური მსგავსების გამო]; მოგვიანებით, მან [ეკრანის ანაბეჭდი N2] თავდამსხმელის ფოტოს მსგავსი პოზიციიდან და კუთხიდან გადაღებული საკუთარი ფოტოც გამოაქვეყნა და აღწერა დაურთო ‘breaking: ტრამპზე თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია“; ბოლო ეკრანის ანაბეჭდში [ფოტოს ანაბეჭდი N3] ასევე ჩანს, რომ ანგარიშმა გააზიარა სხვა X-ანგარიშის პოსტი, სადაც ნამდვილი თავდამსხმელისა და მის მიერ გამოქვეყნებული ფოტოები ერთმანეთის გვერდით იყო ნაჩვენები და აღწერაში ეწერა „შეიარაღებული პირის ფოტოები ჩნდება“. ამ პოსტს მან დაურთო აღწერა „არა, ღმერთო ჩემო, არა..“;

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილას მოკლეს, ხოლო მისი ფოტო მოგვიანებით გავრცელდა. სწორედ თავდამსხმელის ფოტოზე ნანახი გარეგნული მსგავსების შემდეგ გამოაქვეყნა X-ანგარიშმა (@jewgazing) ფოტოები და ვიდეო, რომელშიც მან საკუთარი თავი თავდამსხმელად მოიხსენია. ამდენად X-ანგარიშის მიერ საკუთარი ფოტოს და ვიდეოს გამოქვეყნება, სადაც ის თავს თავდამსხმელს უწოდებს, ქრონოლოგიურად მოსდევს რეალური ეჭვმიტანილის მოკვლის შემდეგ მედიის მიერ მისი ფოტოების გავრცელებას. შესაბამისად, X-ანგარიშის პოსტები მხოლოდ ტროლინგის, ხუმრობის ფუნქციას ატარებს და ის რეალურად, თომას მეთიუ კრუკსი არაა.

აღსანიშნავია, რომ X-ანგარიშის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე დაყრდნობით, მცდარი ინფორმაცია თითქოს ფოტოზე თავდამსხმელი იყო ასახული, ასევე გამოაქვეყნა OSINTdefender-მა, რომელიც ღია წყაროების გამოძიებასა (OSINT) და ფაქტების გადამოწმებაზე კონცენტრირდება.

ფოტო: OSINTdefender-ის მიერ X-ზე მცდარი აღწერით გამოქვეყნებული ფოტო, თითქოს მასზე გამოსახული მამაკაცი თომას მეთიუ კრუკსია

თუმცა მოგვიანებით მან პოსტი წაშალა და გამოაქვეყნა განცხადება, სადაც მან აღიარა, რომ ფოტოს მცდარი აღწერა ჰქონდა თანდართული, თითქოს ფოტოზე ნაჩვენები მამაკაცი ტომას მეთიუ კრუკსი იყო. მან დაწერა, რომ ფოტო სინამდვილეში ასახავს არა რეალურად თავდამსხმელს, არამედ ვიღაცას, ვინც ჰგავს თავდამსხმელს და ვინც X-ზე [Twitter-ზე] იბრალებდა, რომ ტომას მეთიუ კრუკსი იყო.

ამდენად, არც ფოტოზე და არც ვიდეოში ნაჩვენები ადამიანი ნამდვილი თავდამსხმელი არაა და ის პოსტებს ტროლინგის მიზნით აქვეყნებდა.

PolitiFact-მა, რომელიც ამერიკულმა ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციაა, დონალდ ტრამპზე თავდასხმის შემდეგ გავრცელებული ყალბი ან კონსპირაციული მტკიცებები შეისწავლა და, მათ შორის, ასევე მიმოიხილა გავრცელებული ვიდეო, სადაც მამაკაცი ამბობს, რომ მეთიუ ტომას კრუკსია და რესპუბლიკელები და ტრამპი სძულს. PolitiFact-მა ეს მტკიცება ყალბ ამბად შეაფასა და განაცხადა, რომ ვიდეოებმა, რომელშიც მამაკაცი თავს თომას მეთიუ კრუკსად წარმოაჩენდა, ოფიციალური პირების მიერ თავდასხმაში ეჭვმიტანილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის დადასტურების შემდეგ, რამდენიმე საათში დაიწყო გავრცელება.

ამდენად, მტკიცება, რომ ვიდეო ტომას მეტიუ კრუკსს ასახავს და ის ტრამპის მკვლელობის მცდელობამდე წინა დღესაა ჩაწერილი, ყალბია. სინამდვილეში, ვიდეო ეჭვმიტანილის გარდაცვალების დადასტურებიდან რამდენიმე საათში გამოქვეყნდა და ის არა ტომას მეთიუ კრუკსს, არამედ X-ის მომხმარებელს ასახავს, რომელმაც ეჭვმიტანილთან ფიზიკური მსგავსების გამო სახუმარო (trolling) პოსტები მოამზადა.

-----------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.