ეკონომიკის სამინისტრომ პარლამენტს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი წარუდგინა. პროექტის თანახმად, იცვლება მმართველი საბჭოს დაკომპლექტების სტრუქტურა და ფონდს თანხის უფრო მაღალრისკიან აქტივებში დაბანდების უფლება ენიჭება. მმართველობითი საბჭოს დაკომპლექტებაში მცირდება პარლამენტისა და იზრდება მთავრობის როლი. გარდა ამისა, იცვლება დასახელება და „საპენსიო სააგენტო“ „საპენსიო ფონდი“ ხდება. 0.5%-დან 0.75%-მდე იზრდება ფონდის მართვის ადმინისტრაციული ხარჯებიც. 31 მაისის მდგომარეობით, პარლამენტს ცვლილებებისთვის პირველი მოსმენით აქვს მხარი დაჭერილი.

განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონის მიღების აუცილებლობა საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სისტემის დახვეწის საჭიროებითა და მმართველობით სისტემაში არსებული ხარვეზებითაა განპირობებული. კანონპროექტის მოსალოდნელ შედეგებში კი აღნიშნულია, რომ ახალი მმართველობითი სტრუქტურა დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვას და ზედამხედველობას უფრო ეფექტურს გახდის.

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი (მისი ძირითადი ნაწილი) საქართველოში 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდა. სისტემა 2+2+2 პრინციპით მუშაობს. დასაქმებული თავისი ხელფასიდან 2%-ს იხდის, 2%-ს დამსაქმებელი უმატებს და 2% სახელმწიფო ბიუჯეტიდან იფარება. იმ დასაქმებულთათვის, რომელთა დასაბეგრი ხელფასიც წლიურად 24 000 - 60 000 ლარის ფარგლებში მერყეობს, სახელმწიფოს თანამონაწილეობა 1%-ს შეადგენს, ხოლო მათთვის, ვისი წლიური ხელფასიც 60 ათას ლარს აღემატება - 0%-ს. დაქირავებით დასაქმებულთათვის სისტემაში ჩართვა სავალდებულოა (2019 წელს, 40 წელს გადაცილებულ პირებს მისი დატოვების უფლება გააჩნდათ), თვითდასაქმებულთათვის ნებაყოფლობითი.

2024 წლის მაისის მდგომარეობით, სისტემაში 1.5 მლნ-ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული და მობილიზებული თანხის მოცულობა 5 მლრდ ლარს აჭარბებს. დაგროვებითი პენსიით, 10 000-მდე ადამიანმა ისარგებლა.

2024 წლის 1-ლი იანვრისთვის, მაშინ როცა სააგენტოში 4.4 მლრდ ლარი იყო განთავსებული, ამონაგების მოცულობა ამ თანხის 19.7%-ს - 867 მლნ ლარს შეადგენდა.

2019 წელს ბიუჯეტიდან დაგროვებითი პენსიის თანადაფინანსებაზე 110 მლნ ლარი დაიხარჯა, 2020 წელს - 211 მლნ. ზრდა შემდგომ წლებშიც გაგრძელდა და 2023 წელს 375 მლნ-ს მიაღწია. 2024 წლის ბიუჯეტით კი 430 მლნ-ის დახარჯვაა გათვალისწინებული.

გრაფიკი 1: სახელმწიფო ბიუჯეტის თანამონაწილეობა დაგროვებით საპენსიო სისტემაში (მლნ. ლარი)

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

სააგენტო უკვე 5 წელზე მეტია, რაც ფუნქციონირებს, მაგრამ აკუმულირებული თანხის გაორმაგება წელიწადსა და 9 თვეში მოხერხდა. მასში გარკვეული როლი 2022 წლის მაღალმა ინფლაციამაც ითამაშა, მაგრამ საერთო ჯამში დინამიკა მაინც მზარდია.

სააგენტოში მობილიზებული თანხების ზრდის ტემპს აჩქარებს ის ფაქტიც, რომ საქართველოში, მართალია შრომის ანაზღაურება ჯერ კიდევ ძალიან დაბალია, თუმცა ნომინალური ხელფასი ყოველწლიურად იზრდება. თუ კანონის ამოქმედებისას, 2019 წელს, ნომინალური დასაბეგრი საშუალო ხელფასი 1130 ლარს უდრიდა, 2023 წელს 1860 ლარს გაუტოლდა. შესაბამისად, თუ 2019 წელს ერთი დასაქმებულიდან სააგენტოში ყოველთვიურად სააშუალოდ 68 ლარი ირიცხებოდა, 2023 წელს ეს თანხა 112 ლარამდე გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს თანამონაწილეობა ხელფასის ზრდასთან ერთად მცირდება და შემდეგ სულ უქმდება, წლიურად 24 ათას და 60 ათას ლარამდე ხელფასი ჯერ კიდევ ძალიან ბევრს აქვს.

სააგენტოში დაგროვილი თანხის მკვეთრი ზრდა 2020 წელს ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც მოხერხდა, შესაბამისად, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, ეს თანხები შემდეგი წლების განმავლობაში გარანტირებულად გაიზრდება.

გრაფიკი 2: საპენსიო სააგენტოში აკუმულირებული თანხები ამონაგებიანად (მლნ. ლარი)

წყარო: საპენსიო სააგენტო

ამ ოდენობის თანხა (5 მლრდ ლარი) საქართველოში სხვა რომელიმე ფონდს არ გააჩნია. ინფლაციამ რომ დაგროვილი თანხის რეალური ღირებულება არ შეამციროს, ინვესტირებაა საჭირო. ინვესტირებისას ამონაგებმა ინფლაციის ტემპს უნდა გაუსწროს და ამავე დროს რისკები მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი.

ზოგადად, პოტენციური მოგების ზრდასთან ერთად, რისკის კოეფიციენტიც იზრდება, შესაბამისად ერთგვარი ოქროს შუალედის პოვნაა საჭირო.

ამჟამინდელი კანონმდებლობით, სააგენტო თანხებს დაბალ (კონსერვატიულ), საშუალო (დაბალანსებულ) და მაღალრისკიან (დინამიკურ) პორტფელებად ყოფს. დაბალრისკიანი აქტივები მხოლოდ დეპოზიტებსა და ფასიან ქაღალდებშია განთავსებული. საშუალო რისკიანისთვის სხვა ტიპის აქტივებისთვის 15%-იანი ლიმიტია დაწესებული და მაღალრისკიანისთვის 20%. ცვლილებების თანახმად, დაბალრისკიანისთვის 15%-იანი ლიმიტი ჩნდება და შემდეგ ეს ლიმიტები შესაბამისად 20%-მდე და 25%-მდე იზრდება. რა შეიძლება იყოს „სხვა ტიპის აქტივები“ დაკონკრეტებული არ არის.

თუ დავუშვებთ, რომ „სხვა ტიპის აქტივები“ მეგაპროექტები შეიძლება იყოს, პორტი ან ჰესები, მაშინ შინაარსობრივად საპენსიო ფონდი გარკვეულწილად სახელმწიფო ბანკს დაემსგავსება.

კანონით მინიჭებული უფლების მიუხედავად, საპენსიო სააგენტო „სხვა ტიპის აქტივებს“ არ ფლობს. განსხვავება რისკიანობის მიხედვით ძირითადად იმაში გამოიხატება, რომ დაბალრისკიან პორტფელში აქტივების 81% ლარშია განთავსებული, საშუალორისკიანში - 67% და მაღალრისკიანში - 51%. აგრეთვე დაბალრისკიანში აქტივების ძირითადი ნაწილი - 59% სადეპოზიტო სერტიფიკატებია და უცხოური კორპორაციების აქციების წილი მხოლოდ 18%-ს შეადგენს, მაშინ, როცა მაღალრისკიანში უცხოური კომპანიების აქციების წილი 51%-ია და სადეპოზიტო სერტიფიკატების - 32%.

იმისთვის, რომ აქტივები ეფექტიანად იქნას მართული, მენეჯმენტი დამოუკიდებელი და პროფესიონალი კადრებით უნდა იყოს დაკომპლექტებული. დღეს საინვესტიციო საბჭოში ოთხი წევრია და ოთხივე უცხოელია. მმართველობით საბჭოში 9-დან 15-მდე წევრი იქნება.

თუ დღეს მოქმედი რედაქციით, საინვესტიციო საბჭოს 5 წლის ვადით პარლამენტი ირჩევს, ცვლილებების მიხედვით, უფლებამოსილება თითქმის მთლიანად მთავრობაზე გადადის. კანდიდატებს კომისია არჩევს და დასამტკიცებლად პრემიერს უგზავნის. პრემიერს, გარდა წევრთა დამტკიცებისა, მათი გათავისუფლების შესაძლებლობაც ენიჭება.

შესარჩევი კომისია 7 წევრისგან შედგება: ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, პარლამენტის 3 წევრი და 1 დამოუკიდებელი წევრი, რომელსაც ეროვნული ბანკი წარადგენს.

დღეს არსებული ჩანაწერით, სისტემის მონაწილე პირს, 2025 წლიდან, სურვილისამებრ, აქტივების მმართველი კომპანიის, მათ შორის - უცხოური კომპანიის, შერჩევის უფლება ენიჭებოდა. ცვლილებებით, აღნიშნული შესაძლებლობა იზღუდება.

0.5%-დან 0.75%-მდე იზრდება ადმინისტრაციული ხარჯის ჭერი. 5 მლრდ-სთვის 0.75% 37.5 მლნ ლარია. 6 მლრდ-სთვის, რასაც დაგროვილი თანხა სავარაუდოდ რამდენიმე თვეში მიაღწევს - 45 მლნ ლარი. შედარებისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მთავრობის ადმინისტრაციის ჯამური ხარჯი 2024 წლისთვის 37 მლნ ლარითაა განსაზღვრული.

მე-8 მუხლის მიხედვით, მმართველობით საბჭოს 3 ფუნქცია ექნება: საინვესტიციო, რისკის და აუდიტის. მე-12 მუხლის მიხედვით აუდიტის კომიტეტს საბჭოს წევრები სავალდებულო წესით ქმნიან. იმავე მუხლში განმარტებულია, რომ შიდა აუდიტის ფუნქცია საოპერაციო საქმიანობისგან დამოუკიდებლად უნდა იქნას შესრულებული, მე-9 მუხლში კი, სადაც საბჭოს ფუნქციებია ჩამოწერილი, აღნიშნულია, რომ საბჭო დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარებას უზრუნველყოფს. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი აუდიტის სამსახურის ერთგვარ გამიჯვნას ითვალისწინებს, კომიტეტის მმართველობით საბჭოში არსებობა ერთგვარ ინტერესთა კონფლიქტს აჩენს.

შიდა აუდიტის მიღმა კანონპროექტში ნარჩუნდება ჩანაწერი რომელიც მსოფლიოს 4 უმსხვილესი აუდიტორული კომპანიიდან ერთ-ერთის მიერ ჩასატარებელ გარე აუდიტს ითვალისწინებს.

„ფაქტ-მეტრი“ მტკიცებით ფორმაში ვერ იტყვის, თუ რას ემსახურება ცვლილებები, თუმცა არსებობს გარკვეული პასუხგაუცემელი კითხვები:

1) რას ნიშნავს „სხვა ტიპის აქტივები“? შესაძლოა, თუ - არა ის მოიცავდეს დაბალი რეპუტაციის მქონე კომპანიების ფასიანი ქაღალდების შეძენას, თანხის გასესხებას ან ისეთი პროექტების დაფინანსებას, როგორებიცაა მაგალითად, ანაკლიის პორტი ან ნამახვანჰესი, საიდანაც პოტენციური ამონაგები დროში გაწელილი იქნება?

2) რატომ მცირდება პარლამენტის და იზრდება მთავრობის როლი? რას ნიშნავს „უფლებამოსილების არასათანადოდ განხორციელება“, რომლის საფუძველზეც პრემიერს მმართველობითი საბჭოს წევრის მოხსნის უფლება ენიჭება?

3) ერთგვარი გამიჯვნის მცდელობის მიუხედავად, რა აუცილებლობითაა გამოწვეული რისკის კომიტეტის მმართველობითი საბჭოს ფარგლებშივე შექმნა, რაც გარკვეულ ინტერესთა კონფლიქტს ქმნის?

4) ზოგადი განმარტების გარდა, არ არის წარმოდგენილი შესაბამისი ანალიზი შემოთავაზებული ცვლილებების დასასაბუთებლად. შესაბამისად, გაუგებარია, რა აუცილებლობას წარმოადგენს ცვლილებები? რა გავლენა ექნება ცვლილებებს დაგროვილი აქტივების უსაფრთხოების ხარისხსა და ამონაგების მოცულობაზე? ან რატომ ჩაითვალა ის არსებულზე უკეთეს ალტერნატივად?

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გარდა, კანონპროექტს ეკონომისტთა ნაწილიც ეწინააღმდეგება. მათი შეფასებით, ცვლილებებით პოლიტიკური ჩარევისა და თანხების დაკარგვის რისკი იზრდება. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ ეს არის მზადება „შავი დღისათვის“ და რომ შეიძლება, მთავრობამ ის ფული ბიუჯეტში გადაამისამართოს. კორუფციისა და დანაზოგების დაკარგვის საფრთხეზე საუბრობს ეკონომისტი აკაკი ცომაიაც.

პარლამენტმა ცვლილებს პირველი მოსმენით 30 მაისს დაუჭირა მხარი, წინ კიდევ ორი მოსმენა და პრეზიდენტის შესაძლო ვეტოა, რომლის დაძლევის საშუალებაც უმრავლესობას გააჩნია.