სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Eduard Jishkariani, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1; 2), უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას ფონდთან დაკავშირებით შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს: „ზელენსკის მეუღლე ოლენა ზელენსკას ფონდი უკრაინელებს ბავშვებს ართმევს და ბრიტანელ პედოფილებზე ყიდის - წერს ჟურნალისტ-გამომძიებელი ჯონათან ჰილი (Jonathan Hill) გაზეთ The Austin Crier-ში.....ინფორმაცია დევს ტვიტერზე TheIslander-ის და აღნიშნულ გაზეთის გვერდზე...“, - ვკითხულობთ პოსტში (არქივირებული ბმული).

სინამდვილეში, მტკიცება იმის შესახებ, რომ ოლენა ზელენსკას ფონდი ბავშვთა ტრეფიკინგშია ჩართული, ყალბია.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული ინფორმაცია გასული წლის ნოემბერშიც აქტიურად ვრცელდებოდა (ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია). წყაროდ ფრანგი ჟურნალისტის, რობერტ შმიდტის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას იყენებდნენ, რომელიც, თითქოს, ზელენსკას ფონდის ყოფილი თანამშრომელი იყო. სტატია ინგლისურენოვან საიტზე The Intel Drop-ზე გამოქვეყნდა, რომელიც რუსულ დეზინფორმაციულ ნარატივებსა და ყალბ ინფორმაციას ხშირად აქვეყნებს. „ფაქტ-მეტრს“ ამ ვებგვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ადრეც გადაუმოწმებია (იხილეთ სტატია 1; 2).

საგულისხმოა, რომ 2023 წლის ნოემბერში ეს ამბავი როგორც რუსულენოვან, ასევე ინგლისურენოვან სოციალურ ქსელშიც ვრცელდებოდა. ინფორმაციას EUvsDisinfo-ც (EUvsDisinfo არის ევროკავშირის ფლაგმანი პროექტი, რომელსაც ხელმძღვანელობს აღმოსავლეთის სამეზობლოს სტრატკომის სამუშაო ჯგუფი) გამოეხმაურა. ისინი წერდნენ, რომ არანაირი რეპორტაჟი ფრანგი ჟურნალისტის, რობერტ შმიდტის ავტორობით ამ თემასთან დაკავშირებით არ იძებნებოდა. ინტერნეტში, სათაურით „რობერტ შმიდტი ზელენსკა“ ძიებისას, მხოლოდ იმ წყაროებს აჩვენებს, რომლებიც კრემლისტურ დეზინფორმაციულ ეკოსისტემასთან არიან დაკავშირებული. არაფერია უშუალოდ გამოძიების შესახებ“, - ვკითხულობთ EUvsDisinfo-ს გვერდზე.

ბულგარულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ დაადგინა, თუ საიდან გავრცელდა ეს მტკიცება. მათი ინფორმაციით, თავდაპირველად ის ფრანგულად, ვებგვერდზე Netafrique.net 2023 წლის 3 ნოემბერს გამოქვეყნდა. Netafrique.net- თავს წარმოაჩენს, როგორც საინფორმაციო პორტალს, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას აფრიკის თემებსა და მსოფლიო სიახლეებზე. ამავე რიცხვში Netafrique.net-ზე გამოქვეყნებული სტატია გადაბეჭდა სენეგალურმა ვებგვერდმა Senenews.com, რის შედეგადაც ინფორმაცია უკვე სხვადასხვა ენაზე გავრცელდა, როგორც სოციალურ მედიაში, ასევე ვებგვერდებზე. ბოლოს კი, სტატია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, The Intel Drop-მაც გამოაქვეყნა.

გავრცელებულ პოსტში ამჯერად კიდევ ერთი ჟურნალისტი, ჯონათან ჰილი და გამოცემა The Austin Crier გვხვდება. The Austin Crier-ის ვებგვერდის სანდოობას რამდენიმე ფაქტობრივი გარემოება აყენებს ეჭვქვეშ. პირველი, ვებგვერდზე არ იძებნება გამოცემის შესახებ ინფორმაცია, მაგალითად, „ჩვენ შესახებ“ სექცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ამასთან, ვებგვერდზე ავტორის, ჯონათან ჰილის მიერ მხოლოდ ერთი სტატიაა გამოქვეყნებული. სტატიის დასაწყისში ნახსენებია „რეპრესიებთან ბრძოლის ცენტრი“ და მისი ხელმძღვანელი მირა ტერადა, რომელმაც, ავტორის მტკიცებით, მნიშვნელოვანი სამხილები მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ჯონათან ჰილის მიერ The Austin Crier-ზე გამოქვეყნებული სტატია იდენტური ტექსტით „რეპრესიებთან ბრძოლის ცენტრის“ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

„რეპრესიებთან ბრძოლის ცენტრი“ (ФБР) 2021 წელს რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა დააარსა. მათ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ФБР დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს კერძო შემოწირულებებით ეხმარება, ვინაიდან, როგორც თავად წერენ, „საზღვარგარეთ რუსოფობიისა და რუსეთის მოქალაქეების დისკრიმინაციის შესახებ სულ უფრო და უფრო მეტ ინფორმაციას იღებენ“. რაც შეეხება მირა ტერადას, (2017 წლამდე ოქსანა ვოვკი) რომელიც მოხსენიებულია, როგორც ორგანიზაციის დირექტორი, 2020 წელს მას აშშ-ის ვირჯინიის შტატის სასამართლომ ფულის გათეთრების ბრალდებით 30-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ტერადამ მტკიცება, რომ ზელენსკას ფონდი უკრაინელი ბავშვების დასავლეთში გაყიდვის საქმეში მონაწილეობს, X-ზე დაწერა, წყაროდ კი ზემოხსენებული The Austin Crier მიუთითა.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში, ინფორმაცია გადაამოწმეს ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორებიცაა: StopFake, VoxUkraine, Demagog და სხვა.

საგულისხმოა, რომ ФБР-ისსტატიაში მოწმეებად დასახელებულია სამი უკრაინელი დედა, რომლებიც მსხვერპლები და თან ფონდის დე-ფაქტო თანამშრომლები იყვნენ და კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც უსაფრთხოების მიზნით, ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინეს, კერძოდ, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, პოლონელი უფლებადამცველი გაერთიანებული სამეფოდან და ზელენსკას ფონდის ყოფილი თანამშრომელი.

აღსანიშნავია, რომ ოლენა ზელენსკას ფონდი ბავშვების ევაკუაციას არ ახდენს. ფონდი მრავალშვილიან ოჯახებს, ობლებს და ომის შედეგად მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს. ფონდი სკოლებს ამარაგებს დისტანციური სწავლებისთვის საჭირო ინვენტარით და ა.შ. ასევე, 2023 წლის 18 სექტემბერს, ფონდმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ საერთაშორისო საგრანტო პროგრამამ Capamerica, ოლენა ზელენსკას ფონდი გამჭვირვალე და თანამშრომლობისთვის სანდო ორგანიზაციად აღიარა. სპეციალისტებმა შეამოწმეს ფონდის მართვის სტრუქტურა, ფინანსური ანგარიშგება და ა.შ.

შესაბამისად, მტკიცება, რომ ოლენა ზელენსკას ფონდი ბავშვების გაყიდვის საქმიანობაშია ჩართული, ყალბია და ის რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანიც უკრაინის პრეზიდენტისა და მისი ოჯახის დისკრედიტაციაა.

-------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5574 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია