სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Eduard Jishkariani, რომლის გავრცელებული ყალბი ამბავი „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს, უკრაინული პრესის ცნობით, არესტოვიჩმა კალიფორნიაში ერთ-ერთ მდიდარ უბანში 1 მილიონ დოლარად სახლი იყიდა. Facebook-პოსტს თან ერთვის ფოტო, რომელზეც ავტორის მტკიცებით, არესტოვიჩის სახლია გამოსახული. რეალურად, არესტოვიჩის მიერ კალიფორნიაში უძრავი ქონების შეძენა არ დასტურდება.
მტკიცება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩევლის შესახებ სოციალურ ქსელში პირველად 2024 წლის 11 იანვარს, მისი იურისტის, ვასილი კოსტიუკის მიერ გავრცელდა. საკუთარ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში იგი ამტკიცებდა, რომ ალექსეი არესტოვიჩი საზღვარგარეთ გაიპარა და აშშ-ში, კონკრეტულად, კალიფორნიის შტატში, უზარმაზარი ვილა იყიდა. იგი განცხადებას თან სახლის ფოტოებს ურთავს, რომელშიც, მისი მტკიცებით, პოლკოვნიკ არესტოვიჩის ოჯახი დასახლდა. კოსტიუკის თანახმად, არესტოვიჩმა უძრავ ქონებაში $1 მილიონზე მეტი გადაიხადა.
ბრალდებას ალექსეი არესტოვიჩმა ვასილი გოლოვანოვთან ეთერში უპასუხა (იხილეთ 28:33 წუთიდან). პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა აშშ-ში სახლის შეძენასთან დაკავშირებით ჭორები უარყო და მაყურებელს მობილურით კვლავ გასაყიდი სახლის განცხადებაც აჩვენა.
სახლი არა კალიფორნიაში, არამედ ფლორიდაში მდებარეობს და მისი მფლობელი არესტოვიჩის თქმით, ქალი, სახელად სვეტლანაა და არა ის. მართლაც, იმ პერიოდისთვის, როცა არესტოვიჩის მიერ სახლის შესყიდვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, უძრავი ქონება კვლავაც გასაყიდად იყო გამოტანილი და მისი ღირებულება 1 749 000 აშშ დოლარს შეადგენდა. 2024 წლის 21 იანვრამდე ვებგვერდზე რჩებოდა გასაყიდი სახლის განცხადება, 21 იანვრის შემდეგ კი, განცხადება შეიცვალა. აღნიშნული უძრავი ქონება ამჟამად ქირავდება (განცხადებასთან დაკავშირებული ისტორიის სანახავად ეწვიეთ ბმულს).
ამგვარად, გავრცელებული მტკიცება იმის შესახებ, რომ არესტოვიჩმა კალიფორნიის შტატში სახლი 1 მილიონ დოლარად შეიძინა, არ დასტურდება.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.