სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლები საფრანგეთის პირველი ლედის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ (ბმული 1, 2). მათი მტკიცებით, ბრიჯიტ მაკრონი ტრანსგენდერია. სინამდვილეში, სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლო შეთქმულების თეორიაა. მტკიცება ბრიჯიტ მაკრონთან ერთად, პრეზიდენტმა მაკრონმაც უარყო და მას „სიგიჟე“ უწოდა. აღსანიშნავია, რომ ეს დეზინფორმაცია რუსულ პროპაგანდისტულ მედიაშიც „Московский комсомолец” და РИА «Новости» გამოაქვეყნეს.
მნიშვნელოვანია, რომ დეზინფორმაცია, თითქოს, საფრანგეთის პირველი ლედი ტრანსგენდერია, აქამდეც გავრცელებულა. Facebook-მომხმარებლები ინფორმაციას ჯერ კიდევ 2021 წელს ავრცელებდნენ (ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია). საფრანგეთის პირველი ლედი ყალბი განცხადებების სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც 2021 წლის სექტემბერში ულტრამემარჯვენე ვებსაიტმა აღნიშნული დეზინფორმაცია გაავრცელა. მსგავსი ბრალდება ბარაკ ობამას მეუღლის, მიშელ ობამას, შესახებაც გავრცელებულა. ინფორმაცია მიშელ ობამას ტრანსგენდერობის შესახებ პირველად 2008 წელს გაჩნდა, როდესაც მისი მეუღლე, ბარაკ ობამა, საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა.
საფრანგეთის პირველი ლედის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება 2022 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებს უძღოდა წინ, რომელშიც ემანუელ მაკრონი კენჭს იყრიდა. დეზინფორმატორთა მტკიცებით, ბრიჯიტ მაკრონი ტრანსგენდერი, ხოლო ემანუელ მაკრონი ჰომოსექსუალი იყო. ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლებს შორის იყვნენ ულტრამემარჯვენე ჯგუფები, ანტივაქსერული მოძრაობები, ჰომოფობიური, ჰომოფობიური და ტრანსფობიური ჯგუფები, QAnon-ის შეთქმულების თეორეტიკოსები.
2024 წელს ემანუელ მაკრონის მეუღლის შესახებ დეზინფორმაცია ხელახლა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ამერიკელმა ჟურნალისტმა, კენდის ოუენსმა ის საკუთარ გადაცემაში გაიმეორა. ამერიკელი ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული დეზინფორმაცია რუსული პროპაგანდისტული მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა.
„Московский комсомолец“-ის სტატიაში „ზუსტი მტკიცებულება, რომ მაკრონის ცოლი 30 წლამდე მამაკაცი იყო“ ავტორი ამერიკელი ჟურნალისტის, კენდის ოუენსის დასკვნებს ეყრდნობა, რომ „საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მეუღლე, ბრიჯიტი, სქესის შეცვლამდე მამაკაცი, სახელად ჟან მიშელი იყო“. ავტორის თანახმად, ოუენსი ამ დასკვნამდე ჩინური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით მივიდა, რომლის შესახებაც განმარტება YouTube არხის ეთერში გააკეთა. მან გადაცემაში შეადარა ჟან მიშელის ბავშვობის ფოტო და საფრანგეთის პირველი ლედის ამჟამინდელი ფოტო და თითქმის 100 პროცენტით მსგავსება აღმოაჩინა.
„РИА «Новости“-ის სტატიაში სახელწოდებით - „შეერთებულ შტატებში საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლის შესახებ „გამოძიება“ გამოქვეყნდა“, ამბავს უფრო დეტალურადაა განხილული. ამავე სტატიაში აღნიშნავენ, რომ ბრიჯიტის გენდერის შესახებ ინფორმაცია პირველად წამოაყენა ნატაშა რეიმ და ჟურნალისტმა ხავიერ პუსარმა 2021 წელს.
ფრანგული გამოცემა Libération-ის მიერ დეზინფორმაციის წარმოშობის შესახებ ჩატარებული გამოძიებით დაადგინა, რომ ინფორმაცია პირველად მართლაც ულტრამემარჯვენე ჟურნალის „ფაქტები და დოკუმენტები“ გამოძიების დროს ჟურნალისტმა ნატაშა რეიმ გამოაქვეყნა. იგი ამტკიცებდა, რომ ისაუბრა ექსპერტებთან და შეაგროვა რამდენიმე მტკიცებულება, რომ პირველი ლედის სახელი დაბადებით „ჟან-მიშელ ტრონიე“ იყო. „ჰეშთეგი“ #JeanMichelTrogneux მრავალი კონსპირაციული და ტრანსფობიური ანგარიშის საშუალებით მასობრივად გავრცელდა.
მას შემდეგ, რაც გენეალოგიის ონლაინ საიტებზე ინფორმაცია შეიცვალა, საფრანგეთის პირველმა ლედიმ გადაწყვიტა, დეზინფორმაციას გამოხმაურებოდა. RTL France-თან ინტერვიუში ბრიჯიტ მაკრონმა განაცხადა, რომ ჟან-მიშელ ტრონიე რეალურად მისი ძმაა. „ჩემი ოჯახის [გენეალოგიური] ხე შეცვალეს. ჩემი ოჯახის სამი მეოთხედი სწორად იყო [წარმოდგენილი], მაგრამ შემდეგ მივედით ჩემს ძმამდე და მე ჩემი ძმა ვარ. ისინი ურევენ ჩემი მშობლების გენეალოგიას, რაც შეუძლებელია“.
სწორედ ინტერვიუს 13-წამიანი ფრაგმენტი ვრცელდება სოციალურ ქსელში ერთ-ერთი დეზინფორმატორის მიერ, რომელიც ასევე ამტკიცებს, რომ საფრანგეთის პირველი ლედი ტრანსგენდერია. გავრცელებული მონაკვეთი რედაქტირებულია. მისი რეალურ ჩანაწერთან შედარებით ნათელი ხდება, რომ გავრცელებულ ფრაგმენტში მე-8 წამიდან ბრიჯიტ მაკრონის ნამდვილ ხმას ბოხი ხმა ფარავს (რეალურ ჩანაწერში იგივე მონაკვეთი შეგიძლიათ იხილოთ მე-8 წამიდან).
მტკიცებას, რომ საფრანგეთის პირველი ლედი კაცი იყო, გამოცემა The Insider-იც გამოეხმაურა. გამოცემის თანახმადაც, ბრიჯიტი 1980 წელს ძმის ქორწილში მოწმე იყო, როდესაც მან ცოლად ვერონიკ-კრისტინ დომინიკი შეირთო. ჟან-მიშელ ტრონიე ცოცხალი რომ არის, ამას მისი სახელის 2022 წლის ამომრჩეველთა სიებში გამოჩენაც ადასტურებს. ფრანგი ჟურნალისტი ჯონათან მოადაბი ასევე აცხადებს, რომ სატელევიზიო კადრებში მაკრონის გვერდით ჟან-მიშელი შენიშნა. ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ტრონიეს ორმა ნაცნობმა დაადასტურა, რომ მაკრონის გვერდით ნამდვილად ჟან-მიშელი იყო.
მეტიც, 2022 წელს ჟან-მიშელი ბრიჯიტისა და მისი სამი შვილის სარჩელს შეუერთდა რეისა და როის წინააღმდეგ, რაც ოუენის ვერსიის თანახმად, უნდა ნიშნავდეს, რომ მან სარჩელს ხელი ორჯერ მოაწერა, როგორც ქალმა და როგორც მამაკაცმა.
The Insider-მა ბრიჯიტ მაკრონის ოჯახისა და ბავშვობის ფოტოებიც წარმოადგინა.
მოცემული ოჯახური ფოტო 1950-იან წლებშია გადაღებული. მასში ბრიჯიტი ჯერ კიდევ ძალიან პატარაა და რთულია მისი სახის ნაკვთების გარჩევა, თუმცა გამოცემა მისი ბავშვობის სხვა ფოტოებსაც ავრცელებს.
ბრიჯიტის ქორწილის ფოტო პირველ მეუღლესთან, ანდრე-ლუი ოზიერთან ერთად
ანდრე-ლუი და ბრიჯიტ ოზიერები
ბრიჯიტსა და ოზიერის სამი შვილი ჰყავდათ, რაც მტკიცებას, რომ ბრიჯიტ მაკრონი ტრანსგენდერია, კიდევ უფრო აბსურდულს ხდის.
2024 წლის 8 მარტს ჭორები ემანუელ მაკრონმაც უარყო და ჟურნალისტს განუცხადა, რომ: „არსებობს პატარა, ყოველდღიური ჟესტები, უსიამოვნებები და დამცირებები, რომლებიც აუტანელია“.
ამდენად, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ბრიჯიტ მაკრონის სქესის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას დამაჯერებელს გახდის.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.