სოციალურ ქსელში მომხმარებელი Patiko Antiliberasti Mxilebadze, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), ვოლოდიმირ ზელენსკისა და ოლენა ზელენსკას შორის გამართული სატელეფონო საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს. მეუღლესთან საუბრის ჩანაწერში უკრაინის პრეზიდენტი დასავლელ პარტნიორებს აკრიტიკებს და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს „ფარისეველს“, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს „კლოუნს“ უწოდებს. ჩანაწერში ვოლოდიმირ ზელენსკი ამტკიცებს, რომ მოკავშირეები მას კორუფციასთან ბრძოლას აიძულებენ, რაც ომის პირობებში შეუძლებელია. ჩანაწერში უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ კორუფციის გარეშე პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაიშლება, რამდენადაც უკრაინაში ახლა ფულს ყველა იპარავს. რეალურად, ჩანაწერის ავთენტურობა არ დასტურდება.
აუდიოჩანაწერი პირველად 2023 წლის 6 დეკემბერს ანტი-უკრაინული The Intel Drop-ის მიერ გამოქვეყნდა. ის დეზინფორმაციის გამავრცელებელ საერთაშორისო ვებგვერდებზე (იხილეთ, ბმული 1 და ბმული 2) სწრაფად გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ მაგალითად, ნიგერიული გამოცემა The Nation-მა წარსულში ოლენა ზელენსკას შესახებ დეზინფორმაცია გამოაქვეყნა, თითქოს მან ამერიკაში ვიზიტისას, ნიუ-იორკში Cartier-ის მაღაზიაში მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ აუდიოჩანაწერის გამავრცელებელი The Intel Drop-ი ჩანაწერის გამოქვეყნებისას წყაროს არ უთითებს. სტატიის თანდართულ კომენტარში ვკითხულობთ, რომ აუდიოჩანაწერის წარმომავლობა გაურკვეველია, თუმცა დასავლეთსა და უკრაინაში ზელენსკის შემცირებული პოპულარულობის გათვალისწინებით, ის უკრაინული და დასავლური სადაზვერვო სააგენტოების მიერ უნდა იყოს გავრცელებული. ამის მიუხედავად, აღნიშნული ჩანაწერი არც ერთ სანდო დასავლურ თუ საერთაშორისო მედიასაშუალებას არ გამოუქვეყნებია.
აუდიოჩანაწერის შესახებ კომენტარი უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრომ გააკეთა. მათ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აუდიოჩანაწერი ყალბია და მსახიობების მიერ არის შექმნილი. მსახიობებს ძლიერი რუსული აქცენტი და ატიპიური გამოთქმა აქვთ, განსხვავებით ზელენსკის მეტყველებისგან. მათი მტკიცებით, დეზინფორმატორები არ ერიდებიან უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ ყალბი ჩანაწერების შექმნასა და გამოყენებას, რათა ლიდერების ურთიერთდაპირისპირება და კიევისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების შეწყვეტა გამოიწვიონ.
ჩანაწერის გავრცელებას უკრაინული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია VoxUkraine-იც გამოეხმაურა. მათ მიერ გამოქვეყნებულ ანალიზში ვკითხულობთ, რომ საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკი სასაუბრო ენას უკრაინულიდან რუსულზე, და პირიქით, ხშირად ცვლის, ამასთანავე, უკრაინულ სიტყვებს წვალებითა და რუსული აქცენტით გამოთქვამს. ოლენა ზელენსკა კი რუსული აქცენტით ისე საუბრობს, თითქოს უკრაინული ენა საერთოდ არ იცის. YouTube-ზე გამოქვეყნებული ვიდეო კი YouTube-ს წესების დარღვევის გამო საერთოდ წაშლილია.
ამდენად, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერის ავთენტურობა არ დასტურდება.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.