ოთარ აბესაძე: რეგისტრირებული 92 000 შპს-დან 26% ფუნქციონირებს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ოთარ აბესაძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.
საქართველოში ინდმეწარმეების ჩათვლით სულ 922 ათასი ბიზნესსუბიექტია რეგისტრირებული, საიდანაც მოქმედი 241 ათასია, რაც წილობრივად 26%-ს შეადგენს.
კანონმდებლობით, ბიზნესსაქმიანობის სულ 6 სამართლებრივი ფორმაა , მათგან 5 იურიდიული და ერთი ფიზიკური პირებისთვის.
რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტებიდან 62% ინდ მეწარმეა, 38% ანუ 349 ათასი - იურიდიული პირი, მათი 97% - 337 ათასი კი შპს არის.
მოქმედი ბიზნესსუბიექტებიდან იურიდიული პირი 81.7 ათასია და მათი 99% - 80.5 ათასი შპს-ის ფორმითაა რეგისტრირებული. მოქმედი შპს-ები რეგისტრირებულის 24%-ს შეადგენს.
ოთარ აბესაძის მიერ დასახელებული რიცხვი 92 ათასი, არც რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტებს და არც ცალკე აღებულ შპს-ებს შეესაბამება. რეგისტრირებულიდან მოქმედი სუბიექტების წილი სწორადაა დასახელებული, თუმცა ამ შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საქართველოში ბიზნესის დარეგისტრირება მარტივი პროცედურაა, მისი გაუქმება კი რთული. განვითარებულ ქვეყნებშიც დარეგისტრირებული ბიზნესიდან საქმიანობის გაგრძელებას ყველა ვერ ახერხებს.
ოთარ აბესაძის განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ ოთარ აბესაძის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად მცდარი.
ანალიზი:
საკრებულოში თბილისის მერიის ყოფილმა წარმომადგენელმა ოთარ აბესაძემ „TV პირველის“ ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა (0:44-დან): „საქართველოში რეგისტრირებულია დუინგ ბიზნესის პრინციპით 92 000-ზე მეტი იურიდიული პირი, ანუ კომპანია შპს ესე ვთქვათ, რომლის ფუნქციური არის ამის 26%, სწორედ პოლიტიკური პარტიის, საგადასახადო პოლიტიკისა და ეკონომიკური რეფორმის შინაარსი უნდა იყოს ის, რომ როგორც მინიმუმ აქტიური იყოს 76% ამ ბიზნესის“.
მეწარმეთა შესახებ კანონის მიხედვით (მუხლი 2), სამართლებრივად ბიზნესის 6 ფორმის რეგისტრაციაა შესაძლებელი, საიდანაც 5 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს), კომანდიტური საზოგადოება (კს), სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს) და კოოპერატივია. ფიზიკურ პირებს ბიზნესის წარმოება ინდ. მეწარმის სტატუსით შეუძლიათ.
გრაფიკი 1: რეგისტრირებული და მოქმედი ბიზნესსუბიექტები
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
რადგან შპს-ს შემთხვევაში, დამფუძნებელი საკუთარი ქონებით არ აგებს პასუხს, რეგისტრაცია და მართვა მარტივია და შესაბამისად, ის ყველაზე პოპულარულია. რეგისტრირებული იურიდიული ბიზნესსუბიექტებიდან შპს-ს წილი 97%-ს აღწევს, მოქმედიდან 99%-ს.
თუ სტატისტიკას უფრო ღრმად ჩავშლით, 2023 წლის 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, რეგისტრირებული შპს-ებიდან 24% იქნება მოქმედი, სააქციო საზოგადოებებიდან - 27%, კოოპერატივებიდან მხოლოდ - 3%, ყველაზე მაღალი 28%-იანი მაჩვენებელი ინდმეწარმეებს ექნებათ. მოქმედი კოოპერატივების ძალიან დაბალ წილს თავის ახსნა აქვს. საწარმოთა მსგავსი ფორმა 90-იან წლებში იყო განსაკუთრებით პოპულარული, შესაბამისად, რთულ პერიოდსა და დროის გრძელვადიან მონაკვეთს მხოლოდ მცირე ნაწილმა გაუძლო.
სიტუაცია მსგავსი იყო 2 წლის წინაც. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 807 ათასი ბიზნესსუბიექტიდან 201 ათასი იყო მოქმედი. წელიწადსა და 9 თვეში რეგისტრირებული ახალი 115 ათასი ბიზნესიდან დღეისთვის მოქმედი მისი 35%-ია ანუ 40 ათასი.
ოთარ აბესაძემ სტატისტიკურ მონაცემები „არაჯანსაღი ბიზნესგარემოს“ არგუმენტად დაასახელა, მისივე თქმით, სამიზნე მაჩვენებელი 76%-ს უნდა შეადგენდეს. 922 ათასის 76% 700 ათასზე მეტია, რაც განვითარებადი ეკონომიკის მქონე 3.7 მლნ-იან ქვეყანაში ძნელად წარმოსადგენია.
მოქმედი ბიზნესის დაბალ პროცენტულ წილზე გავლენას ის ფაქტიც ახდენს, რომ საქართველოში ბიზნესის რეგისტრაცია ძალიან მარტივია და ამ სიმარტივით ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზე იმყოფება. შპს-ს რეგისტრაციის საფასური 200 ლარს შეადგენს, საწესდებო კაპიტალის მოთხოვნის გარეშე. პრაქტიკულად, მხოლოდ განცხადების, პირადობის მოწმობისა და წესდების წარდგენის შემთხვევაში ბიზნესის რეგისტრაცია ორ დღეში 100 დოლარზე ნაკლები თანხითაა შესაძლებელი. მარტივი პროცედურა ბიზნესის დაწყებისკენ ბევრ ადამიანს უბიძგებს, რის შემდეგაც თავს სხვადასხვა პრობლემები იჩენს, მათგან ნაწილი ქვეყანაში არსებულ საკანონმდებლო ბაზას, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს და სხვა მაკროეკონომიკურ ფაქტორებს უკავშირდება, ხოლო ნაწილი თავად დამფუძნებელს, რომელსაც შესაძლოა ბიზნესის კეთებისთვის საჭირო უნარები არ აღმოაჩნდეს. ბიზნესის დაწყებისგან განსხვავებით, ძალიან რთულია ბიზნესის დახურვა. ამავე დროს უმოქმედო ბიზნესი მის დამფუძნებელს პრობლემას არ უქმნის, რის გამოც სამართლებრივად ლიკვიდაციის პროცედურას თითქმის არავინ მიმართავს.
ოთარ აბესაძე პროცენტულ მაჩვენებელს სწორად ასახელებს, თუმცა რაოდენობრივ მონაცემში და ნაწილობრივ მიზეზებში ცდება, ასევე იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ მისი განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად მცდარი.