ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს განსახილველად 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თავდაპირველი ვერსია წარუდგინა. ბიუჯეტის ეკონომიკის 5.2%-იან ზრდაზეა გათვლილი, საპროგნოზო ინფლაცია 3%-ს შეადგენს, ბიუჯეტის დეფიციტი - 2.5%-ს, მთავრობის ვალის ფარდობა მშპ-სთან - 38.2%-ს. ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა, რომელიც თავის თავში ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებსაც აერთიანებს, 27.8 მლრდ ლარს მიაღწევს, საკუთრივ ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი (გადასახდელები) კი - 24.2 მლრდ-ს.
ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დეკემბრის მესამე პარასკევამდე უნდა დამტკიცდეს და იქამდე ცალკეული მიმართულებების დაფინანსება შეიცვლება, მაგრამ მაღალი ალბათობით, პრიორიტეტები უცვლელი დარჩება. ყველაზე მეტად 877 მლნ ლარით - 7.735 მლრდ ლარამდე, დაფინანსება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეზრდება.
შემოსულობები 23.9 მლრდ ლარითაა განსაზღვრული, საიდანაც 83% - 19.9 მლრდ შემოსავლებზე მოდის, 3.5 მლრდ - ახალი ვალის აღებაზე (2 მლრდ საგარეო ვალი, 1.5 მლრდ შიდა ვალი), 200 მლნ - პრივატიზაციაზე და 300 მლნ - ფინანსური აქტივების კლებაზე.
თავად შემოსავლებში 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში გადასახადების წილად 18.3 მლრდ მოდის, რაც 2023 წლის გეგმას 2 მლრდ-ით აღემატება. გრანტებზე 261 მლნ ლარია გათვალისწინებული, სხვა შემოსავლებზე - 1.3 მლრდ.
საერთო ჯამში, ბიუჯეტის შემოსულობების 92% გადასახადების გადამხდელების ფულია, ან ვალი, რომელიც შემდგომ წლებში ისევ გადასახადის გადამხდელების დასაფარი გახდება.
გრაფიკი 1: 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემოსულობების სტრუქტურა
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოში სულ 6 გადასახადი მოქმედებს, საიდანაც 5 სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართება, ქონების - ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში. თანხობრივად ყველაზე მოცულობითი დღგ არის, მეორე ადგილს საშემოსავლო იკავებს. ვინაიდან საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები აკავშირებს, იმპორტის გადასახადის წილი, მთლიან გადასახადებში 1%-ზე ნაკლებია.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად ხუთივე გადასახადის შემთხვევაში ზრდა ფიქსირდება. კლება მხოლოდ სხვა გადასახადების მიმართულებით აღინიშნება. მთლიანობაში, მთავრობა 2024 წელს - 2023 წელთან შედარებით, გადასახადებისგან 12.5%-ით მეტი შემოსავლის მიღებას ვარაუდობს.
გრაფიკი 2: საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები (მლნ. ლარი)
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გადასახადებისგან თუ სხვა შემოსავლებისგან აკუმულირებულ ფულს მთავრობა სხვადასხვა სამინისტროსა და უწყებაზე ანაწილებს. პრიორიტეტები მთავრობის კურსითა და ქვეყანაში შექმნილი ვითარებით განისაზღვრება. 2021 წელს კოვიდის მართვაზე 1.161 მლრდ ლარი დაიხარჯა, 2024 წლისთვის მასზე თანხები აღარაა გამოყოფილი. სამაგიეროდ, თუ 2022 წელს ცესკო-ს დაფინანსება 34 მლნ ლარს შეადგენდა, 2024 წელს მასზე 146 მლნ ლარი დაიხარჯება. გარდა იმისა, რომ 2024 საარჩევნო წელია, დაფინანსების რეკორდულად ზრდა იმ ფაქტმაც გამოიწვია, რომ ხმის მიცემა ელექტრონული ფორმატითაა დაგეგმილი.
ცესკო მაინც გამონაკლისია და ძირითად პრიორიტეტს მაინც სოციალური მიმართულება წარმოადგენს. 2019 წელთან შედარებით, ბიუჯეტის მთლიანი ხარჯვითი ნაწილი 82%-ითაა გაზრდილი, მათ შორის თავდაცვის ხარჯები - მხოლოდ 66%-ით, მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი თანხები კი - 101%-ით.
საპენსიო ხარჯების ზრდას, ნომინალურ პენსიასთან ერთად პენსიონერთა რაოდენობის ზრდაც იწვევს. თუ იმავე 2019 წლის დეკემბერში ასაკობრივ პენსიას 763 ათასი პირი იღებდა, 2023 წლის სექტემბერში მათი რაოდენობა 67 ათასით - 830 ათასამდე გაიზარდა.
ასაკობრივი პენსია 2020 წლიდან დიფერენცირებული გახდა, კერძოდ, 70 წლამდე პენსიონერი სხვა თანხას იღებს, 70 წლიდან - სხვას. საწყის ეტაპზე სხვაობა 30 ლარს შეადგენდა, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი 100 ლარს გაუტოლდება. 70 წლამდე პირების პენსია 20 ლარით 315 ლარამდე იზრდება, 70 წლიდან კი 50 ლარით - 415 ლარამდე. თითოეულ შემთხვევაში მაღალმთიან რეგიონში 20 ლარი დაემატება. მთლიანობაში, 2023 წელთან შედარებით პენსიების გაცემაზე 520 მლ ლარით მეტი - 3.9 მლრდ დაიხარჯება.
მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარებისთვის 150 მლნ ლარით მეტი - 1.5 მლრდ ლარი დაიხარჯება. ასევე 150 მლნ ლარით, რეკორდულად - 1.030 მლრდ ლარამდე იზრდება საყოველთაო ჯანდაცვაზე გამოყოფილი თანხის მოცულობა. მთლიანი სამინისტროს ბიუჯეტი კი 7.735 მლრდ ლარი ხდება.
რიგით მეორე, ყველაზე დიდი მხარჯავი დაწესებულება 2024 წელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იქნება. ბიუჯეტის პროექტით, მისთვის 3.350 მლრდ ლარი გამოიყოფა, საიდანაც 1.9 მლრდ-ზე მეტი საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება, 530 მლნ - წყალმომარაგების სისტემის აღდგენა-რეაბილიტაციას, 322 მლნ - მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას. 341 მლნ - სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაციას, 150 მლნ - ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.
310 მლნ ლარით - 2.350 მლრდ-მდე, იზრდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება, მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების - 1.116 მლრდ-დან 1.250 მლრდ-მდე, პროფესიული განათლების - 87 მლნ-დან 98 მლნ-მდე, უმაღლესი განათლების - 147 მლნ-დან 162 მლნ-მდე.
დაფინანსების მხრივ, მეოთხე ადგილზე თავდაცვის სამინისტროა, რომელზეც 1.370 მლრდ ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული. მართალია, ეს თანხა ბოლო წლების რეკორდია, მაგრამ 2007 წლის მაჩვენებელს ჯერ კიდევ ჩამორჩება, როდესაც თავდაცვაზე 1.495 მლრდ ლარი დაიხარჯა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას 230 მლნ ლარი მოხმარდება, დანარჩენი თანხები ხელფასებზე, ლოჯისტიკაზე, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ გარემოს გაუმჯობესებაზე დაიხარჯება.
მილიარდიან უწყებათა ხუთეულს შინაგან საქმეთა სამინისტრო ასრულებს, რომლისთვისაც 2024 წელს 1.210 მლრდ-ის გამოყოფაა დაგეგმილი. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე 920 მლნ დაიხარჯება, საზღვრის დაცვაზე - 148 მლნ.
გრაფიკი 3: სამინისტროების დაფინანსების გეგმა (მლნ. ლარი)
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დაფინანსება ეზრდება თითქმის ყველა სხვა დანარჩენ სამინისტროსაც, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარდა.
გრაფიკი 4: სამინისტროების დაფინანსების გეგმა (მლნ. ლარი)
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
სამინისტროების გარდა, ბიუჯეტიდან ფინანსდება აგრეთვე პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციები, პარლამენტი, პროკურატურა, სასამართლო, ცესკო, საპატრიარქო... უმეტეს შემთხვევაში დაფინანსება გაზრდილია.
გრაფიკი 5: ზოგიერთი მხარჯავი დაწესებულების დაფინანსების გეგმა
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
პროცენტულად ყველაზე მეტად ცესკო-ს დაფინანსება იზრდება, თანხობრივად, დაგროვებითი პენსიის თანადაფინანსების. 2019-2022 წლებში ამ სისტემაზე 832 მლნ ლარი დაიხარჯა, თუ 2023-2024 წლების გეგმები შესრულდა (მაღალი ალბათობით, მიახლოებით მაინც შესრულდება) 6 წელიწადში სქემაზე დახარჯული თანხის მოცულობა 1.572 მლრდ ლარს მიაღწევს.
კანონით, ბიუჯეტი დეკემბრის მესამე პარასკევამდე უნდა დამტკიცდეს. იქამდე, მას პარლამენტში კომიტეტები განიხილავენ, შენიშვნებს ფინანსთა სამინისტროს გადაუგზავნიან, სამინისტრო გადამუშავებულ ვარიანტს პარლამენტს დაუბრუნებს, სადაც განხილვები თავიდან დაიწყება. ამ პერიოდში მოსალოდნელია, რომ თითოეული უწყებისთვის გამოყოფილი თანხა დაკორექტირდეს, თუმცა რადიკალური ცვლილებები ნაკლებად სავარაუდოა.