ირაკლი კობახიძე: ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე 3 წელიწადში [2020-2023] თითქმის გაორმაგდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
რეზიუმე: ირაკლი კობახიძე ნომინალურ ეკონომიკაზე საუბრობს, აღნიშნული მეთოდი დროის ერთი კონკრეტული პერიოდიდან მეორემდე მშპ-ის ზრდის მოცულობის დასადგენად არ გამოიყენება, რადგან ინფლაციის გამო, ნომინალური ეკონომიკის ზრდის ტემპი რეალურისას ასწრებს და რეალობას არ ასახავს. გარდა ამისა, მშპ-ის დოლარში დათვლა, კურსის ცვალებადობის გამო სურათს დამატებით ამახინჯებს. შედეგად, ზრდა რეალურად არსებულთან შედარებით მნიშვნელოვნად გადაჭარბებულად არის წარმოჩენილი.
მეორე ფაქტობრივი უზუსტობა თარიღს ეხება, 2021 წელს ნომინალური მშპ 1 სულ მოსახლეზე 5015 დოლარს შეადგენდა, დეპუტატის მიერ დასახელებული 4250 დოლარი კი 2020 წელს შეესაბამება.
2021-2023 წლებში (იმ დაშვებით, თუ ფინანსთა სამინისტროს პროგნოზი გამართლდა), ნომინალური მშპ 1 სულ მოსახლეზე 63%-ით იქნება გაზრდილი, 2020 წელთან შედარებით 92%-ით, რეალური მშპ კი შესაბამისად 16%-ით და 28%-ით, ანუ ნომინალურთან შედარებით მინიმუმ 3-ჯერ ნაკლებით.
შესაბამისად, ერთი მხრივ ირაკლი კობახიძის მიერ გამოყენებული მიდგომა არასწორია და ზრდას არსებითად გაზვიადებულად წარმოაჩენს. ამავდროულად, შესადარის პერიოდად 2020 წლის გამოყენება, როცა პანდემიის შედეგად ეკონომიკა შემცირებული იყო, ასევე შედეგის გაზვიადების ხელშემწყობი ფაქტორია, რაც განცხადებაში განმარტებული არ არის. მართალია, პოლიტიკოსი უთითებს, რომ ნომინალურ მშპ-ზეა საუბარი, თუმცა საშუალოსტატისტიკური მსმენელისათვის აღნიშნული ტერმინი დამატებითი სიცხადის შემომტანი ნაკლებადაა.
საერთო ჯამში, განცხადებაში მოყვანილი რიცხვები პრაქტიკულად ზუსტია, თუმცა იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შესაძლოა, სხვა შთაბეჭდილება მოეხდინა. შესაბამისად, განცხადება შეფასდა ვერდიქტით - ნახევრად სიმართლე.
ანალიზი
1-ელ აგვისტოს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ბრიფინგზე ეკონომიკაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ბოლო 3 წელიწადში დოლარში დათვლით ნომინალური ეკონომიკა გაორმაგდა, კერძოდ, მან განაცხადა: „წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 8200 დოლარს მიაღწევს, მაშინ როცა 2021 წლის ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 4250 დოლარი იყო, ეს ნიშნავს, რომ სულ რაღაც 3 წელიწადში საქართველოს ნომინალური ეკონომიკა დოლარში თითქმის გაორმაგდა“.
რეალურთან ერთად, ნომინალური ეკონომიკის დათვლაც მიღებული პრაქტიკაა, რასაც საქართველოს გარდა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიც მიმართავენ, მაგრამ მას თავისი დანიშნულება აქვს და დროის ერთი კონკრეტული პერიოდიდან, მეორემდე მშპ-ის ზრდის მოცულობის დასადგენად არ გამოიყენება. ტენდენციის შესაფასებლად, ინფლაციისა და კურსის ცვლილების გავლენის შედეგად დოლარში დათვლილი ნომინალური მშპ-ს გამოყენება, რეალურ სურათს ამახინჯებს.
ინფლაციისა და გაცვლითი კურსის ცვლილების მიზეზით, შესაძლოა, ნომინალური ეკონომიკა რეცესიის დროსაც გაიზარდოს, ან პირიქით - რეალური ზრდის მიუხედავად, შემცირდეს. 2015 წელს ლარის მკვეთრი გაუფასურების შედეგად მშპ-ის 3%-იანი ზრდის მიუხედავად, ნომინალური ეკონომიკა დოლარში 15%-ით შემცირდა. მოქალაქის კეთილდღეობის ცვლილებას კი განსაზღვრავს არა ის, თუ რამდენით შეიცვალა მისი შემოსავალი (ნომინალური შემოსავალი), არამედ რამდენად მეტი ან ნაკლები პროდუქციის შეძენის შესაძლებლობა აქვს (რეალური შემოსავალი). სწორედ ამიტომ, ნომინალური შემოსავლების/მშპ-ს წინა პერიოდებთან შედარებისთვის გამოყენება შეცდომაა და რეალობას არ ასახავს.
გრაფიკი 1: ნომინალური მშპ 1 სულ მოსახლეზე (აშშ დოლარი) და მშპ-ის ზრდის ტემპი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
გარდა მეთოდოლოგიურად არასწორი მაჩვენებლების გამოყენებისა, ირაკლი კობახიძე თარიღსაც არასწორად ასახელებს. 4250 დოლარი არა 2021-ს, არამედ პანდემიურ 2020 წელს შეესაბამება. ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, რომელიც ეკონომიკის 5.4%-იანი ზრდის პროგნოზს ეფუძნება, 2023 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 8178 დოლარს გაუთანაბრდება, რაც 2020 წლის მონაცემს 92%-ით და 2021 წლის მონაცემს 63%-ით აღემატება.
ნომინალურისგან განსხვავებით, რეალური ზრდა გაცილებით ნაკლებია, 2021-2023 წლებში 16%-სა და 2020-2023 წლებში 28%-ს შეადგენს. თუ იანვარ-ივნისის ზრდის პროგნოზირებულზე უფრო მაღალი ტემპი წლის ბოლომდე შენარჩუნდა, მაშინ 2023 წელს 2020 წელთან შედარებით რეალური ეკონომიკა 31%-ით იქნება გაზრდილი - ნომინალურთან შედარებით მაინც 3-ჯერ ნაკლებით.
დამატებით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თავად 2020-იც შესადარებლად ნაკლებად რელევანტურია, რადგან პანდემიისა და მასზე სახელმწიფოს რეაგირების პოლიტიკის შედეგად 2020 წელს ეკონომიკა მნიშვნელოვნად იყო შემცირებული. უფრო სწორი 2019-თან შედარება იქნებოდა. კოვიდრეგულაციების მოხსნის შემდეგ, ეკონომიკის გახსნას, სხვა თანაბარ პირობებში, აუცილებლად ზრდა მოჰყვებოდა და ეს ხელისუფლების დამსახურებად ვერ ჩაითვლება. 2023 წელს 2019 წელთან შედარებით რეალური ეკონომიკა მაქსიმუმ 22%-ით იქნება გაზრდილი, ისიც იმ დაშვებით, თუ წლის ბოლომდე პროგნოზირებულზე მაღალი 7.6%-იანი ზრდა შენარჩუნდა.
მართალია, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ნომინალურ ზრდაზე საუბრობდა, მაგრამ არ განუმარტავს, რომ ეს ზრდა ინფლაციამ და კურსის ცვლილებამ დააჩქარა. ეს ერთგვარ გაუგებრობას იწვევს და, სავარაუდოდ, მიზნად არსებულზე უფრო მაღალი ზრდის წარმოჩენას ისახავს. იგივე მიდგომა დროის სხვა პერიოდზეც რომ გავავრცელოთ, აღმოვაჩენთ რომ ნომინალური დოლარში დათვლით მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2020 წელს უფრო ნაკლები ყოფილა, ვიდრე 2012 წელს, მაშინ როცა 2020 წლის ქვეყნის რეალური მშპ 2012 წლის მაჩვენებელს 23%-ით აჭარბებდა.
იმის შესაფასებლად, თუ რამდენით გაიზარდა დროის ერთი პერიოდიდან მეორემდე ეკონომიკა/შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე (შედარებით გრძელვადიან პერიოდში, მოსახლეობის რაოდენობის ცვლილების გამო შესაძლოა, ქვეყნის მთლიანი ეკონომიკისა და შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე სხვადასხვა პროცენტით გაიზარდოს), ერთმანეთს ადგილობრივ ვალუტაში მუდმივ ფასებში დათვლილი რეალური მშპ უნდა შეედაროს, ან მშპ-ს ყოველწლიური ზრდის ტემპის ნამრავლით დადგინდეს სხვაობა საწყის და საბოლოო მონაცემს შორის. ნომინალური მშპ-ს შედარება წარსულ პერიოდთან ეკონომიკის ზრდის შეფასებისათვის შეუსაბამო მაჩვენებელია.
შესაბამისად, ერთი მხრივ ირაკლი კობახიძის მიერ გამოყენებული მიდგომა არასწორია და ზრდას არსებითად გაზვიადებულად წარმოაჩენს. ამავდროულად, შესადარის პერიოდად 2020 წლის გამოყენება, როცა პანდემიის შედეგად ეკონომიკა შემცირებული იყო, ასევე შედეგის გაზვიადების ხელშემწყობი ფაქტორია, რაც განცხადებაში განმარტებული არ არის. მართალია, პოლიტიკოსი უთითებს რომ ნომინალურ მშპ-ზეა საუბარი, თუმცა საშუალოსტატისტიკური მსმენელისათვის აღნიშნული ტერმინი დამატებითი სიცხადის შემომტანი ნაკლებადაა. ამასთან, ეს მსმენელისთვის ცხადიც რომ იყოს, ნომინალური მშპ-ს დათვლას თავისი მიზანი აქვს და მისი გამოყენება დროის განგრძობითი პერიოდში ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად რეკომენდებული არ არის.
საერთო ჯამში, განცხადებაში მოყვანილი რიცხვები პრაქტიკულად ზუსტია, თუმცა იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შესაძლებელია სხვა შთაბეჭდილება მოეხდინა. შესაბამისად, განცხადება შეფასდა ვერდიქტით - ნახევრად სიმართლე.