შეერთებულმა შტატებმა რუსული ბანკი Unistream და მის ბაზაზე დაფუძნებული, იმავე დასახელების ფულადი გადარიცხვების სისტემა, დაასანქცირა. საქართველოში Unistream ბანკი არ ფუნქციონირებს, მაგრამ გზავნილების სისტემა საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. 2023 წლის პირველ ნახევარში, ფულადი გზავნილების 32% ამ სისტემით იქნა გადმორიცხული.

2012-2021 წლებში რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 56%-დან 18%-მდე შემცირდა, რუსული ფულადი გზავნილების სისტემებით (Unistream, Zolotaia Korona და Contact) კი მხოლოდ 42%-დან 33%-მდე. მაღალი დამოკიდებულების შენარჩუნების ერთ-ერთი მიზეზს შედარებით დაბალი ტარიფი წარმოადგენდა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის წილი გზავნილებში 50%-იან ნიშნულს ისევ გადასცდა, ასევე გაიზარდა რუსული ფულადი გზავნილების სისტემების გამოყენების შემთხვევებიც, განსაკუთრებით კი Unistream-ის.

გრაფიკი 1: ფულადი გზავნილები სისტემების მიხედვით

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

2022 წელს გზავნილების მეხუთედზე მეტი და 2023 წლის პირველ ნახევარში გზავნილების თითქმის მესამედი Unistream-ის მეშვეობით იქნა გადმორიცხული. თანხობრივად ეს 1.775 მლრდ დოლარის ტოლია.

ომის დაწყების შემდეგ, მართალია თანხობრივად Zolotaia Korona-სა და Contact-ის მეშვეობით გადმორიცხული თანხების მოცულობებიც გაიზარდა, მაგრამ წილობრივი ზრდა მხოლოდ Unistream-ს შეეხო.

Unistream-ის წილის ზრდის მიუხედავად, მისი სისტემიდან გამოთიშვა არსებითად ბევრს ვერაფერს შეცვლის. როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის მოქალაქეებს ალტერნატივად სხვა რუსული და არარუსული არხებიც რჩებათ.

რაც შეეხება რუსეთიდან გზავნილებს მთლიანად, მან გასული წლის მეორე კვარტლიდან ნახტომისებური ზრდა განიცადა.

გრაფიკი 2: რუსეთის წილი ფულად გზავნილებში

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

გარკვეული შემცირების მიუხედავად, რუსეთის წილი ფულად გზავნილებში ომამდელ ნიშნულს კვლავ მნიშვნელოვნად აჭარბებს. რთულია იმის წინასწარ განსაზღვრაც, რა მოხდება უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები ფრონტზე, გამოცხადდება, თუ - არა რუსეთში მობილიზაციის მეორე ტალღა და ასეთ შემთხვევაში, ჩაკეტავს, თუ - არა პუტინი საკუთარი მოქალაქეებისთვის საზღვრებს, გავრცელდება, თუ - არა სანქციები სხვა რუსული ფულადი გზავნილების კომპანიებზე ან ზოგადად შეეზღუდებათ, თუ - არა რუსეთის მოქალაქეებს მსგავსი სერვისით სარგებლობის უფლება.

20-21 ივლისს სოციალური ქსელითა და ცალკეული მედიასაშუალებებით გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატებიდან საქართველოში Western Union-ით გადმორიცხვები შეფერხდა. როგორც „ფაქტ-მეტრს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, აშშ-დან საქართველოში და საქართველოდან აშშ-ში ტრანზაქციები შეუფერხებლად ხორციელდება. ცალკეული ინდივიდუალური შემთხვევა შესაძლოა, გზავნილის ლიმიტებს უკავშირდებოდეს, რა დროსაც კლიენტმა მომსახურე საფინანსო ორგანიზაციას უნდა მიმართოს.