თეიმურაზ ჯანაშია: 2022 წელს [რუსეთიდან/რუსეთში] ექსპორტით, ტურიზმითა და ფულადი გზავნილებით მიღებული შემოსავლები 3-ჯერ - 3.6 მლრდ დოლარამდე, გაიზარდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თემურ ჯანაშიას განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: 2021 წელს რუსეთში ექსპორტზე 610 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, ფულადი გზავნილების სახით რუსეთიდან 411 მლნ დოლარი გადმოირიცხა, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა კი 152 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ჯამში 1.172 მლრდ-ია. 2022 წელს ექსპორტი 6.8%-ით - 652 მლნ-მდე, ფულადი გზავნილები 403%-ით - 2.067 მლრდ-მდე, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 487%-ით - 891 მლნ-მდე ანუ ჯამში, 2021 წელთან შედარებით 3.1-ჯერ - 3.610 მლრდ დოლარამდე, გაიზარდა.

ანალიზი: ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თეიმურაზ ჯანაშიამ, 16 ივნისს მინისტრის საათის ფორმატში (უსმენდნენ საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს) სიტყვით გამოსვლისას რუსეთზე გაზრდილი ეკონომიკური დამოკიდებულების კონტექსტში განაცხადა: „2022-ში ფულადი გზავნილებით [რუსეთიდან], ტურიზმით, საქონლის ექსპორტით ქვეყანამ მიიღო დაახლოებით 3.6 მლრდ შემოსავალი, რაც 3-ჯერ მეტია, ვიდრე 2021 წელს მიღებული ანალოგიური შემოსავლები“.

დეპუტატს პირდაპირ არ დაუკონკრეტებია, სტატისტიკურ მონაცემებს რომელ ქვეყანასთან მიმართებით ასახელებდა, მაგრამ რადგან გამოსვლა რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდის პრობლემებზე საუბრით გააგრძელა, გასაგები გახდა, თუ ვის გულისხმობდა. თეიმურაზ ჯანაშიას არც ვალუტა დაუკონკრეტებია, თუმცა იმის გამო რომ ექსპორტიც, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალიც და ფულადი გზავნილებიც როგორც წესი დოლარში ითვლება, „ფაქტ-მეტრმა“ დეპუტატის განცხადება ამ დაშვებით გადაამოწმა.

დასახელებულ 3 პარამეტრიდან 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, სამივე გაიზარდა. ზრდის ტემპი ყველაზე დაბალი ექსპორტის მიმართულებით იყო. საქონლის ექსპორტი მთლიანად 31.8%-ით - 4.243 მლრდ-დან 5.593 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, უშუალოდ რუსეთში კი 6.8%-ით - 610 მლნ-დან 652 მლნ დოლარამდე. წილობრივად კი, რუსეთის წილი ექსპორტში 14.4%-დან 11.7%-მდე შემცირდა. თუ 2021 წელს რუსეთი ექსპორტში ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილს იკავებდა, 2022 წელს მას აზერბაიჯანმაც გაუსწრო და მესამე ადგილზე ჩაანაცვლა.

TOP 5 პროდუქციიდან ღვინის ექსპორტი რუსეთში 23%-ით - 131 მლნ-დან 161 მლნ დოლარამდე გაიზარდა, ფეროშენადნობების 37%-ით - 172 მლნ-დან 109 მლნ დოლარამდე შემცირდა, მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 337%-ით - 17.3 მლნ-დან 75.6 მლნ-მდე გაიზარდა, ცალობრივად 117%-ით - 2483-დან 5395-მდე, სპირტიანი სასმელების 39%-ით - 41 მლნ-დან 57 მლნ დოლარამდე, მინერალური წყლების კი პირიქით 16%-ით - 61 მლნ-დან 51 მლნ-მდე შემცირდა.

ექსპორტი ერთადერთია, სადაც 2022 წელს სხვა ქვეყნებში უფრო მაღალი ზრდის გამო რუსეთის წილი შემცირდა. 2023 წელს ვითარება შეიცვალა. პირველ 5 თვეში ჯამური ექსპორტი 18.6%-ით - 2.111 მლრდ-დან 2.503 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო რუსეთში 33.8%-ით - 210 მლნ-დან 281 მლნ-მდე.

სტრუქტურა ყველაზე მეტად ფულად გზავნილებში შეიცვალა. 2014 წლამდე, რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 50%-იან ნიშნულს აღემატებოდა, თუმცა ტენდენცია კლებადობით ხასიათდებოდა. 2016 წელს რუსეთის წილი 34%-მდე შემცირდა, 2018 წელს 29%-მდე, 2021 წელს 18%-მდე, 2022 წლის პირველ კვარტალში კი 13%-მდე, რის გამოც რუსეთმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა და პირველი ადგილი იტალიას დაუთმო. დინამიკა რადიკალურად 2022 წლის აპრილიდან შეიცვალა. 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 403%-ით, 411 მლნ-დან 2.067 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. თუ მხოლოდ ბოლო სამ კვარტალს დავითვლით - 505%-ით. გზავნილებმა პიკს მეოთხე კვარტალში მიაღწია. 2022 წლის ბოლო სამ თვეში რუსეთიდან გადმორიცხული თანხის მოცულობამ მთლიანი 2021 წლის მაჩვენებელს 2.3-ჯერ გადააჭარბა.

მასშტაბური ზრდა 2023 წელსაც გაგრძელდა, ოღონდ მხოლოდ პირველ კვარტალში. 2023 წლის იანვარ-მარტში რუსეთიდან საქართველოში 679 მლნ დოლარი გადმოირიცხა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 851%-ით მეტი. აპრილში ზრდის ტემპი 20%-მდე შემცირდა, მაისში კი ზრდა საპირისპირო ნიშნით შეიცვალა - განახევრდა.

სხვა ქვეყნებიდან და ომამდე რუსეთიდანაც, გზავნილების ადრესატებს ძირითადად საქართველოს მოქალაქეები შეადგენდნენ. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, მდგომარეობა ამ მიმართულებითაც შეცვლილია. რუსეთიდან გაზრდილი გზავნილების მიმღებები საქართველოში რუსეთიდან დროებით ან მუდმივ საცხოვრებლად გადმოსული რუსეთისვე მოქალაქეებიც გახდნენ.

პოსტ-პანდემიურ პერიოდში - 2022 წელს, საქართველოში ტურისტების რაოდენობა თითქმის ყველა ქვეყნიდან გაიზარდა, თუმცა სხვადასხვა პროცენტული მაჩვენებლით.

ვიზიტორების რაოდენობა ჯამურად 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით 173%-ით - 1.721 მლნ-დან 4.704 მლნ-მდე გაიზარდა, რუსეთიდან კი 411%-ით - 213 ათასიდან 1.087 მლნ-მდე. 2019 წელთან შედარებით 2022 წელს მთელი მსოფლიოდან ვიზიტორთა რაოდენობა 61%-ით აღდგა, რუსეთიდან - 74%-ით, უკვე 2023 წლის პირველ კვარტალში - მთელი მსოფლიოდან 80%-ით და რუსეთიდან 101%-ით. რუსეთიდან ვიზიტორების ნაწილს საქართველო აღარ დაუტოვებია და მიგრანტად იქცა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2022 წელს რუსი მიგრანტების რაოდენობა 56 ათასით გაიზარდა. (62 304 მიგრანტი და 5 935 ემიგრანტი)

მიგრაციამ ან თუნდაც ტურიზმმა ფულად გზავნილებთან ერთად ტურიზმიდან მიღებული შემოსავალიც გაზარდა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით ჯამურად 182%-ით - 1.245 მლრდ დოლარიდან 3.517 მლრდ-მდე გაიზარდა, მხოლოდ რუსეთიდან კი 467%-ით - 157 მლნ-დან 891 მლნ-მდე. ტენდენცია 2023 წლის პირველ კვარტალშიც შენარჩუნდა, რა დროსაც შემოსავალი ტურიზმიდან ჯამურად 102%-ით - 394 მლნ-დან 795 მლნ-მდე გაიზარდა, ცალკე აღებული რუსეთიდან კი 293%-ით - 68 მლნ-დან 266 მლნ-მდე.

თუ რუსეთის წილი ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალში 2019 წელს 23.7%-ს შეადგენდა, 2022 წელს ის 25.3%-მდე, 2023 წლის პირველ კვარტალში კი 33.4%-მდე გაიზარდა.

თეიმურაზ ჯანაშიას მიერ დასახელებული რიცხვები სიმართლეს შეესაბამება. 2021 წელთან შედარებით 2022 წელს რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილები, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და რუსეთში ექსპორტი 3.08-ჯერ ანუ 208%-ით - 1.172 მლრდ-დან 3.610 მლრდ-მდე გაიზარდა.

გრაფიკი 1: შემოსავლები (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

იმავე პერიოდში, იგივე რიცხვები დანარჩენ მსოფლიოსთან მხოლოდ 72%-ით - 7.838 მლრდ-დან 13.482 მლრდ-მდე გაიზარდა. თუ სამივე პარამეტრს დავაჯამებთ, რუსეთის წილი 2021 წელს 15% იყო - 1.172 მლრდ დოლარი 7.838 მლრდ-დან, ხოლო 2022 წელს 26.8% - 3.610 მლრდ 13.482 მლრდ-დან.

საქართველოში რუსეთიდან ფულადი ნაკადების ზრდამ ვალუტის კურსსა და უძრავი ქონების ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. ლარი გამყარდა, უძრავი ქონების გასაყიდი, განსაკუთრებით კი გასაქირავებელი ფასი, გაიზარდა.

სხვა დამატებით შედეგებზე საუბარი და პროგნოზის გაკეთება შეფასების ნაწილია, რაც ფაქტობრივი გადამოწმების არეალს სცილდება, თუმცა მიჩნეულია, რომ სხვა თანაბარ პირობებშიც, ერთ ქვეყანაზე მზარდი ეკონომიკური დამოკიდებულება რისკების შემცველია. რუსეთის შემთხვევაში, წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით, ეკონომიკურ რისკებს პოლიტიკური რისკებიც ემატება.