რეზიუმე:
მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ISFED-ის განცხადება PVT მეთოდით ჩატარებულ პარალელურ დათვლაში არსებულ შეცდომაზე, "ფაქტ-მეტრმა" რამდენიმე სტატია ხელახლა შეისწავლა. "ფაქტ-მეტრი," როგორც IFCN-ის ერთ-ერთი ხელმომწერი, ვალდებულია იცავდეს სარედაქციო კოდექსით განსაზღვრულ პრინციპებს. კოდექსში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ ორგანიზაციას აქვს შეცდომათა შესწორებისა და სტატიების ხელახალი ანალიზის ვალდებულება. ეს ვალდებულება ჩვენი სარედაქციო კოდექსის მე-5 პრინციპშია დაფიქსირებული. ამ პრინციპის მიხედვით:ხელმომწერები[IFCN-ის] აქვეყნებენ კვლევებში შესწორების შეტანის კრიტერიუმებს და მათ ზედმიწევნით იცავენ. ხელმომწერები კვლევებს მკაფიოდ და გამჭვირვალედ, შესწორების კრიტერიუმების შესაბამისად ამოწმებენ და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მკითხველებმა შესწორებული ვერსია იხილონ.
მოცემულ სარედაქციო წერილში ვაქვეყნებთ იმ სტატიებსა და შენიშვნებს, შესაბამისი ბმულების მითითებით, რომლებიც ISFED-ის განცხადების შემდგომ ხელახლა შევისწავლეთ.
სტატია 1 - თამარ ჟვანია: ყველა ის შეფასება, რომელიც თითქოსდა იმგვარია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია რაღაცას არასწორად აკეთებს, არის აბსოლუტურად მცდარი და საფუძველს მოკლებული
რედაქტორის შენიშვნა:
სტატიის თავდაპირველ ვერსიაში, „ფაქტ-მეტრმა“ ვერდიქტის განსაზღვრისას 1 ნოემბერს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებული ხმების პარალელური დათვლის შედეგები გამოიყენა. „სამართლიანი არჩევნების“ ( ISFED )1 ნოემბრის განცხადების მიხედვით, შემაჯამებელ ოქმების საერთო რაოდენობის 8 %-ში გამოვლენილ დისბალანსს არჩევნების შედეგებზე 4.1 %-ზე ნაკლები გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდა და აღნიშნული ტენდენცია საარჩევნო პროცესის სანდოობას უქმნიდა საფრთხეს.
11 დეკემბერს ISFED-მა განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა შეიცვალა.
ზემოხსენებული განცხადებიდან გამომდინარე, მოცემული სტატიის ვერდიქტის განსაზღვრისთვის „ფაქტ-მეტრი“ „სამართლიანი არჩევნების“ ხმების პარალელური დათვლის შედეგებს მხედველობაში აღარ იღებს. ამის მიუხედავად, სტატიის ვერდიქტი უცვლელი რჩება. საყურადღებოა, რომ თამარ ჟვანიას მიერ განცხადების გაკეთების მომენტისთვის (2020 წლის 1 ნოემბერი), ცესკოს მიმართ არაერთი ლეგიტიმური და კრიტიკული კითხვა არსებობდა. კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ სივრცეში კენჭისყრის პროცესში გამოველნილი დარღვევების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა ეტაპობრივად ვრცელდებოდა. ამასთან, 1 ნოემბრის მდგომარეობით, საარჩევნო უბნების შემაჯამებელ ოქმებში უამრავი უხეში დისბალანსი და დარღვევა ფიქსირდებოდა (დროთა განმავლობაში, ცესკომ შესწორების ოქმების მეშვეობით შეძლო გამოვლენილი დარღვევების გასწორება ). 1 ნოემბრის მდგომარეობით, დისბალანსსა და გამოვლენილი დარღვევების მასშტაბზე, „სამართლიანი არჩევნების“ გარდა, სხვა დამკვირვებელი ორგანიზაციებიც ( „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“) მიუთითებდნენ. შესაბამისად, სტატიის დაწერის მომენტში, დამკვირვებელი ორგანიზაციების განცხადებები და არჩევნების შედეგების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ოქმებში არსებული ხარვეზები, ცესკოს კრიტიკისთვის, საკმარის საფუძველს იძლეოდა.
სტატია 2 - ცესკო: ვრცელდება არასწორი ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში არსებულ დისბალანსზე, რაც წარმოადგენს მიზანმიმართულ კამპანიას არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გაჩენის მიზნით.
რედაქტორის შენიშვნა:
სტატიის თავდაპირველ ვერსიაში, „ფაქტ-მეტრმა“ ვერდიქტის განსაზღვრისას ერთ-ერთ არგუმენტად, 1 ნოემბერს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ, გამოქვეყნებული ხმების პარალელური დათვლის შედეგები გამოიყენა. „სამართლიანი არჩევნების“ ( ISFED )1 ნოემბრის განცხადების მიხედვით, შემაჯამებელ ოქმების საერთო რაოდენობის 8 %-ში გამოვლენილ დისბალანსს არჩევნების შედეგებზე 4.1 %-ზე ნაკლები გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდა და აღნიშნული ტენდენცია საარჩევნო პროცესის სანდოობას საფრთხეს უქმნიდა.
11 დეკემბერს ISFED-მა განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა შეიცვალა.
ზემოხსენებული განცხადებიდან გამომდინარე, მოცემული სტატიის ვერდიქტის განსაზღვრისთვის „ფაქტ-მეტრი“ „სამართლიანი არჩევნების“ ხმების პარალელური დათვლის შედეგებს მხედველობაში აღარ იღებს. ამის მიუხედავად, სტატიის ვერდიქტი უცვლელი რჩება. „სამართლიანი არჩევნების“ ხმების პარალელური დათვლის შედეგების გარდა, სტატიაში ვერდიქტის განსაზღვრისათვის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორის, ალან გილამიმის შეფასება; აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტის, დენიელ ტვაინინგის შეფასება და 25 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი განცხადება არის გამოყენებული. ამასთან, ცესკო განცხადებაში, მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმებსა და მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმებს შორის გამოწვეული დისბალანსის ობიექტურ გარემოებებზე უთითებს. სხვა ყველა შემთხვევაში გამოვლენილ მძიმე დარღვევებს ადამიანური გადაცდომებით (ტექნიკური უზუსტობებით) ახსნას ცდილობს. ამგვარი განცხადების მანიპულაციური ხასიათი სტატიაში წარმართული მსჯელობით და ზემოხსენებული შეფასებებით დასტურდება. შესაბამისად, აღნიშნული განცხადების ვერდიქტის განსაზღვრისას „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშს და დაშვებულ შეცდომას გავლენა არ ჰქონია.
სტატია 3 - გიორგი კახიანი: ბიულეტენების ზედმეტობა მთელი საქართველოს მასშტაბით 19 უბანზე 25 ბიულეტენში დაფიქსირდა, საქართველოს მასშტაბით, 25 ხმაში და ანუ 25 ხმით გაყალბდა არჩევნები?
რედაქტორის შენიშვნა:
სტატიის თავდაპირველ ვერსიაში, „ფაქტ-მეტრმა“ ვერდიქტის განსაზღვრისას 1 ნოემბერს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებული ხმების პარალელური დათვლის შედეგები გამოიყენა. „სამართლიანი არჩევნების“ ( ISFED )1 ნოემბრის განცხადების მიხედვით, შემაჯამებელ ოქმების საერთო რაოდენობის 8 %-ში გამოვლენილ დისბალანსს არჩევნების შედეგებზე 4.1 %-ზე ნაკლები გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდა და აღნიშნულ ტენდენცია საარჩევნო პროცესის სანდოობას უქმნიდა საფრთხეს.
11 დეკემბერს ISFED-მა განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა შეიცვალა.
„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებიდან გამომდინარე, მოცემული სტატიის ვერდიქტის განსაზღვრისთვის „ფაქტ-მეტრი“ „სამართლიანი არჩევნების“ ხმების პარალელური დათვლის შედეგებს მხედველობაში აღარ იღებს. ამის მიუხედავად, სტატიის ვერდიქტი უცვლელი რჩება. გიორგი კახიანი განცხადებაში საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ზედმეტობის შემთხვევების მცირე რაოდენობაზე აკეთებს აქცენტს და არჩევნების პროცესში გამოკვეთილ უამრავ, სხვა დარღვევას უგულებელყოფს. არჩევნების მიმართ უნდობლობა, დაფიქსირებული დარღვევების რაოდენობამ და მათმა შინაარსმა ერთობლივად განაპირობეს და ერთი კონკრეტული მაჩვენებლის ცალკე გამოყოფა მართებული არ არის. დარღვევების სიმრავლესა და მრავალფეროვნებას სტატიაში მოყვანილი ცესკო მიერ დამუშავებული ოფიციალური სტატისტიკაც მოწმობს. შესაბამისად, „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშის გათვალისწინების გარეშეც, სტატიაში მოყვანილი ფაქტები ადასტურებს, რომ გიორგი კახიანის განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება.
ზემოხსენებულის საფუძველზე სტატიის რეზიუმეც შეიცვალა. სტატიის რეზიუმეს თავდაპირველ ვერსიაში იყო ჩანაწერი: აღნიშნულს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ, პარალელური დათვლის შედეგები და „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ მიერ გამოვლენილი ბიულეტენების ჩაყრის ფაქტიც მოწმობს. ხმების პარალელური დათვლის მეთოდიკაში გამოვლენილი ხარვეზის გამო, აღნიშნული ჩანაწერი ამოღებულ იქნა. შესაბამისად, რეზიუმეს ახალ რედაქციაში შემდეგი ჩანაწერი გაკეთდა: აღნიშნულს, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ მიერ გამოვლენილი ბიულეტენების ჩაყრის ფაქტიც მოწმობს.
სტატია 4 - თეა წულუკიანი: ოპოზიციას არ აქვს არავითარი წონადი არგუმენტი, რომ არჩევნები გაყალბდა
რედაქტორის შენიშვნა:
სტატიაში შეიცვალა ვერდიქტი. „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თეა წულუკიანის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
სტატიაში განცხადებაზე ვერდიქტის გამოტანისას მთავარ არგუმენტად გამოყენებული იყო ISFED-ის პარალელური დათვლის (PVT) თავდაპირველი შედეგები, რომლის მიხედვითაც შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი საარჩევნო უბნების 8%-ში დაფიქსირდა, რასაც შესაძლოა, არჩევნებზე გავლენა ჰქონოდა არაუმეტეს 4.1%-ისა.
11 დეკემბერს ISFED-მა განაცხადა, რომ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა. შედეგად, განახლებული მონაცემებით, ცდომილების ზღვარის გათვალისწინებით, ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს დაემთხვა.
ზემოაღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, სტატიაში ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები, როგორც არჩევნების „გაყალბების“ წონადი არგუმენტი, ვეღარ იქნება გამოყენებული. თუმცა, მხედველობაში მაინც მიიღება სხვა გარემოებები, რომლებზეც, შესაძლოა, სტატიაში არაა მოყვანილი, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციები, მიუთითებენ. ესაა საჩივრების მასობრივი განუხილველობა, ე.წ. კარუსელის არსებობა, წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევები (ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ზეწოლა, მუქარა და ა.შ.), რომლებზეც ISFED-იც მიუთითებს. შესაბამისად, ვერდიქტი „ტყუილი“ შეიცვლება ვერდიქტით -„ნახევრად სიმართლე“.
სტატია 5 - გიორგი კახიანი: ჩვენ ვხედავთ გამოგონილ შეფასებებს არჩევნების ვითომ გაყალბების თაობაზე. ოპოზიციას ამის არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია.
რედაქტორის შენიშვნა:
მოცემულ სტატიაში ISFED-ის პარალელური დათვლის (PVT) განახლებულ შედეგებს ვერდიქტზე გავლენა ვერ ექნება. განახლებული მონაცემებით შესაძლოა, გაბათილდა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი არჩევნების „გაყალბების“ თაობაზე, თუმცა განცხადება, რომ ოპოზიციას ამის არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია, სიმართლეს არ შეესაბამება.
დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა, მათ შორის, ISFED-მაც არაერთი მნიშვნელოვან დარღვევაზე მიუთითეს, რომელიც გამოვლინდა როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე არჩევნებზე. მხედველობაშია მისაღები არჩევნებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის საჩივრების მასობრივი განუხილველობის არგუმენტიც.
დაახლოებით ანალოგიურ საკითხზე საუბრობს თეა წულუკიანიც. რედაქტირების შემდგომ ვერდიქტებს შორის სხვაობა გამოწვეულია იმით, რომ გიორგი კახიანი ოპოზიციის არგუმენტებს გამოგონილს უწოდებს, ხოლო თეა წულუკიანი მათ წონად არგუმენტებად არ მიიჩნევს. ოპოზიციის არგუმენტები გამოგონილი არ ყოფილა. შესაბამისად, ISFED-ის მიერ გამოქვეყნებული განახლებული მონაცემების მიუხედავად, გიორგი კახიანის ვერდიქტს უცვლელად ვტოვებთ, ხოლო თეა წულუკიანის განცხადების ვერდიქტში შესაბამისი ცვლილება შევიტანეთ.