რეზიუმე: 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. როგორც საარჩევნო პროცესის დროს, ისე შედეგების დათვლისას უამრავი დარღვევა და უზუსტობა გამოიკვეთა. ამას ადასტურებენ როგორც ოპოზიციური პარტიები, ისე დამკვირვებელი ორგანიზაციები. ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი საარჩევნო უბნების 8%-ში დაფიქსირდა, რასაც შესაძლოა, არჩევნებზე გავლენა ჰქონოდა არაუმეტეს 4.1%-ისა. აღნიშნული მასშტაბის დარღვევის ადამიანური გადაცდომებით (ტექნიკური უზუსტობებით) ახსნა გაუმართლებელია და არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით სერიოზულ კითხვებს აჩენს.
ანალიზი
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი კახიანის შეფასებით, ოპოზიცია წინასწარ, არჩევნებამდე დაგეგმილი სცენარით მოქმედებს და არჩევნების გაყალბების თაობაზე არანაირი რეალური ფაქტები არ გააჩნია. „დესტრუქციულ ოპოზიციურ ძალას, რომელიც საკუთარ თავში არჩევნების გზით გამარჯვებას ვერ ხედავს, არეულობის, გარკვეული დესტაბილიზაციის შექმნის სცენარი აქვს არჩეული, მაგრამ როგორც აქამდე იყო უშედეგო, ახლაც უშედეგოდ დასრულდება. ჩვენ ვხედავთ გამოგონილ შეფასებებს არჩევნების ვითომ გაყალბების თაობაზე. ოპოზიციას ამის არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია“, - განაცხადა მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“.
2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნების შედეგების დათვლის პროცესში უამრავი დარღვევა და უზუსტობა გამოიკვეთა, რის საფუძველზეც მოქალაქეების ნაწილმა და მონაწილე სუბიექტებმა არჩევნები არალეგიტიმურად მიიჩნიეს. რვავე ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა. არჩევნების დროს გამოვლენილ ხარვეზებსა და დარღვევებზე არაერთმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ გაამახვილა ყურადღება.
1 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელურად დათვლის შედეგები გამოაქვეყნა. ორგანიზაციის დასკვნით, „შედეგების შეჯამების პროცესში გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, რიგ უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს“. როგორც ორგანიზაციამ აღნიშნა, ასეთი დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა და ასეთი მასშტაბის ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა. ასევე, როგორც ISFED-ის დასკვნაში ვკითხულობთ, PVT ანალიზის მიხედვით, შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა 4.1%-ზე ნაკლები იქნებოდა.
აღსანიშნავია, რომ ISFED-მა 44 საოლქო საარჩევნო კომისიას 162 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის (შედეგების გადათვლის) მოთხოვნით მიმართა. საოლქო საარჩევნო კომისიებმა მხოლოდ 10 საუბნო საარჩევნო კომისიის საარჩევნო მასალები გადათვალეს. ორგანიზაციის შეფასებით, შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული მნიშვნელოვანი დარღვევების მიმართ არსებული ზედაპირული მიდგომა არჩევნების შედეგებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას ვერ უზრუნველყოფს.
წარდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნების“განცხადებაში ვკითხულობთ:
„საოლქო საარჩევნო კომისიების რეაგირება საარჩევნო უბნების გადათვლაზე წარდგენილ საჩივრებზე ცალსახად უარყოფითად უნდა შეფასდეს, როგორც არაეფექტური, რამაც პროცესის სასამართლოში გადანაცვლება და დროში გაჭიანურება გამოიწვია. ცხადია, ძალიან შეზღუდული ვადებიდან და რესურსიდან გამომდინარე შეუძლებელი იქნება ყველა დაუკმაყოფილებელი საჩივრის სასამართლოში გასაჩივრება. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ სათანადოდ ვერ უპასუხა არსებულ გამოწვევას და ნაცვლად მისი მოგვარებისა, უფრო მეტად გაწელა პროცესი, რაც ამწვავებს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს და ხელს არ უწყობს მის გადაჭრას. შექმნილმა ვითარებამ, ნათლად წარმოაჩინა საარჩევნო ადმინისტრაციაში არსებული პრობლემები და საარჩევნო დარღვევებზე რეაგირების დამკვიდრებული პრაქტიკის და მიდგომების მიუღებლობა და არაეფექტურობა“.
რაც შეეხება სასამართლოში გასაჩივრებულ სარჩელებს, ISFED-მა საქართველოს პარლამენტის კენჭისყრის დღის შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით საერთო სასამართლოებში ჯამში 19 სარჩელი წარადგინა, რითაც 33 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კენჭისყრის შედეგების გადათვლაზე უარი ან საჩივრის განუხილველად დატოვების გადაწყვეტილებები გაასაჩივრა. წარდგენილი სარჩელების საფუძველზე სასამართლომ ორ საოლქო საარჩევნო კომისიას 4 საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლა დაავალა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე საუბნო და საოლქო კომისიებში ჯამში 108 საჩივარი შეიტანა. აქედან უმრავლესობა არ დაკმაყოფილდა ან განუხილველი დარჩა. გარდა ამისა, ორგანიზაციამ სასამართლოებში 11 ოლქის 42 უბნის ოქმების ბათილობა და ხმების ხელახლა გადათვლა მოითხოვა. სასამართლოებმა გასაჩივრებული 42 უბნიდან 39 უბნის შემთხვევაში მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.
საიას შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღემ კენჭისყრის დღის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანი ხარვეზებით ჩაიარა. ორგანიზაციის თანახმად, არჩევნების დღეს არსებული დაძაბული ატმოსფერო გავლენას ახდენდა როგორც ამომრჩევლის ქცევაზე, ისე თავად პროცესის მონიტორინგზე, ხოლო ძალადობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინების მიმართულებით დაფიქსირებული პრობლემები არჩევნების დღის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელს წარმოადგენდა.
4 ნოემბერს 25-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა. ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოს მთავრობამ არჩევნების დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება ვერ უზრუნველყო. „მეტიც, ჩვენი შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი იყო“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ არჩევნებთან დაკავშირებით 18 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, ისეთი ტიპის ხარვეზები, როგორიც ბოლო 30 წლის განმავლობაში არსებობდა, ამ არჩევნებზეც დაფიქსირდა: ხმების მოსყიდვა, ამომრჩევლების დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება და საჯარო მოხელეების მიყვანა ხმის მისაცემად.
საკუთარი არგუმენტები აქვთ ოპოზიციურ პარტიებსაც. „ძალა ერთობაშიას“ წევრის, თამარ კორძაიას შეფასებით, პირველადი შეჯამება, რომ არჩევნები არ იყო ლეგიტიმური, დადასტურდა. კორძაიას განმარტებით, პროპორციული უბნების რაოდენობა რომელშიც არ ჯდება ბალანსი, ჯამში არის 986. ამ უბნებზე დაკარგული (გამქრალი) ბიულეტენების რაოდენობა არის 4 025, პროპორციულში ბათილი ბიულეტენების რაოდენობა არის 63 335 და ამ უბნებზე, რომლებშიც არ ჯდება ბალანსი, მოსული ამომრჩევლების რაოდენობა არის 597 633.
ევროპული საქართველოს წევრის, სერგი კაპანაძის შეფასებით, გაყალბების და ზეწოლის ეს მასშტაბი საქართველოს არჩევნების ისტორიაში აქამდე არასდროს ყოფილა.
„მაჟორიტარულ ნაწილში 3847 უბნის ოქმიდან 52%-ში, ანუ 2007 ოქმში არ ჯდება რიცხვები. პრაქტიკულად, ყოველი მეორე ოქმი, რომელიც შედგენილია უბანზე მაჟორიტარულ ნაწილში, არის ხარვეზიანი. მაჟორიტარულ ნაწილში თითქმის ყოველ მეორე უბანზე ტრიალებდა „კარუსელი”. 440 უბანზე მინიმუმ 5 „კარუსელი” ტრიალებდა. პროპორციულ ნაწილში ყოველ მესამე უბანზე არის დისბალანსი. 969 უბანზე ცარიელი კონვერტებია ჩაყრილი ურნებში. დაახლოებით 8000 ცარიელი კონვერტი მარტო პროპორციულ ნაწილში აკლია. რომ შევაჯამო, ეს სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ გაყალბების მასშტაბი იყო ძალიან დიდი“.
რაც შეეხება ცესკო-ს პოზიციას, ის მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმებსა და მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმებს შორის გამოწვეული დისბალანსის ობიექტურ გარემოებებზე უთითებს. სხვა ყველა შემთხვევაში გამოვლენილ მძიმე დარღვევებს ადამიანური გადაცდომებით (ტექნიკური უზუსტობებით) ახსნას ცდილობს. ხოლო საზოგადოების მხრიდან გამოთქმულ ლეგიტიმურ პროტესტსა და ეჭვებს შეცდომაში შემყვან მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებს. იმის გათვალისწინებით, რომ 20-მდე უბნის ხელახალი გადათვლის შედეგად, რამოდენიმე გადასატანი ყუთის მონაცემები გაბათილდა, პროპორციული და მაჟორიტარული შედეგები გაუქმდა და ერთ შემთხვევაში მეორე ტურიც კი დაინიშნა, ცესკო ადამიანური შეცდომებზე და სხვა გარემოებებზე მითითებით, პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას ცდილობს (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებისას გამოვლენილმა დარღვევებმა არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონია და შეიძლებოდა, ცალკეულ შემთხვევებში, უფრო მეტი გავლენა ჰქონოდა, რომ არა საზოგადოების ჩართულობა. მაგალითად, 1 ნოემბერს ცესკო იუწყებოდა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მეორე ტური ანა დოლიძესა და გია ვოლსკის შორის იყო მოსალოდნელი (ხმების 100% დათვლის შემდეგ). ანა დოლიძე მეორე ტურში გადადიოდა და მესამე ადგილზე გასულ ზურაბ ჯაფარიძეს 9 ხმით ჯობნიდა. მოგვიანებით, გირჩის ლიდერმა გაავრცელა ცნობა, რომ ერთ-ერთი ოქმის შესწორება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ასახული არ ჰქონდა, რის გამოც, მას 100 ხმით ნაკლები ეწერა. მონაცემები გასწორდა, „გირჩმა“ კი აღნიშნული ფაქტი ცესკოს მიერ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ხმების გაყალბების მცდელობად შეაფასა.
რედაქტორის შენიშვნა:
მოცემულ სტატიაში ISFED-ის პარალელური დათვლის (PVT) განახლებულ შედეგებს ვერდიქტზე გავლენა ვერ ექნება. განახლებული მონაცემებით, შესაძლოა, გაბათილდა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი არჩევნების „გაყალბების“ თაობაზე, თუმცა განცხადება, რომ ოპოზიციას ამის არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია, სიმართლეს არ შეესაბამა.
დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა, მათ შორის, ISFED-მაც არაერთი მნიშვნელოვან დარღვევაზე მიუთითეს, რომელიც გამოვლინდა როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე არჩევნებზე. მხედველობაშია მისაღები არჩევნებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის საჩივრების მასობრივი განუხილველობის არგუმენტიც.
დაახლოებით ანალოგიურ საკითხზე საუბრობს თეა წულუკიანიც. რედაქტირების შემდგომ ვერდიქტებს შორის სხვაობა გამოწვეულია იმით, რომ გიორგი კახიანი ოპოზიციის არგუმენტებს გამოგონილს უწოდებს, ხოლო თეა წულუკიანი მათ წონად არგუმენტებად არ მიიჩნევს. ოპოზიციის არგუმენტები გამოგონილი არ ყოფილა. შესაბამისად, ISFED-ის მიერ გამოქვეყნებული განახლებული მონაცემების მიუხედავად, გიორგი კახიანის ვერდიქტს უცვლელად ვტოვებთ.