იტვირთება

თეა წულუკიანი: ოპოზიციას არ აქვს არავითარი წონადი არგუმენტი, რომ არჩევნები გაყალბდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თეა წულუკიანის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე: 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. როგორც საარჩევნო პროცესის დროს, ისე შედეგების დათვლისას არაერთი მძიმე დარღვევა და უზუსტობა გამოიკვეთა. ამას აღნიშნავენ როგორც ოპოზიციური პარტიები, ისე ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციები. ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი საარჩევნო უბნების 8%-ში დაფიქსირდა, რასაც შესაძლოა, არჩევნებზე გავლენა ჰქონოდა არაუმეტეს 4.1%-ისა. აღნიშნული მასშტაბის დარღვევის ადამიანური გადაცდომებით (ტექნიკური უზუსტობებით) ახსნა გაუმართლებელია და არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით სერიოზულ კითხვებს აჩენს.

„ფაქტ-მეტრი“ ვერ შევა მსჯელობაში, გაყალბდა, თუ - არა არჩევნები, თუმცა ადგილობრივი და საერთშორისო ორგანიზაციების შეფასებები საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ არსებულ დარღვევებს არჩევნების შედეგებზე გავლენა უნდა ჰქონოდა.

ანალიზი

იუსტიციის ყოფილი მინისტრისა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ოპოზიციას არ აქვს არავითარი წონადი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები გაყალბდა. „ქართველი ხალხის ნებაა მრავალპარტიული პარლამენტი და ეს მანდატები მათ გარანტირებულად უდევთ ჯიბეში. მათ არ აქვთ არავითარი წონადი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები გაყალბდა”, - განაცხადა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ ახალი არჩევნები დღის წესრიგში არ არის.

2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნების შედეგების დათვლის პროცესში უამრავი დარღვევა და უზუსტობა გამოიკვეთა, რის საფუძველზეც მოქალაქეების ნაწილმა და მონაწილე სუბიექტებმა არჩევნები არალეგიტიმურად მიიჩნიეს (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია იგივე თემაზე). რვავე ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა. არჩევნების დროს გამოვლენილ ხარვეზებსა და დარღვევებზე არაერთმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ გაამახვილა ყურადღება.

1 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელურად დათვლის შედეგები გამოაქვეყნა. ორგანიზაციის დასკვნით, „შედეგების შეჯამების პროცესში გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, რიგ უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს“. როგორც ორგანიზაციამ აღნიშნა, ასეთი დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა და ასეთი მასშტაბის ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა. ასევე, როგორც ISFED-ის დასკვნაში ვკითხულობთ, PVT ანალიზის მიხედვით, შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა 4.1%-ზე ნაკლები იქნებოდა.

4 ნოემბერს 25-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა. ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოს მთავრობამ არჩევნების დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება ვერ უზრუნველყო. „მეტიც, ჩვენი შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი იყო“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 16 ნოემბერს ტექნიკური შეფასების საერთაშორისო მისიის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეხება. მასში არაერთ მძიმე დარღვევაზეა საუბარი. ორგანიზაციის შეფასებით, არჩევნების შედეგების შეჯამების პროცედურები საკმარისად გამჭვირვალე და ხელსაყრელი არ იყო იმისთვის, რომ მისი შედეგები სანდოდ იქნეს მიჩნეული.

ჩატარებული არჩევნები უარყოფითად შეაფასა IRI-ს ევრაზიის რეგიონის პროგრამის დირექტორმა, სტივენ ნიქსმაც. მისი განცხადებით, საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებით დაწესებული ახალი სტანდარტები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მოსახლეობის ნდობა შეამცირა.

საკუთარი არგუმენტები აქვთ ოპოზიციურ პარტიებსაც. „ძალა ერთობაშიას“ წევრის, თამარ კორძაიას შეფასებით, პირველადი შეჯამება, რომ არჩევნები არ იყო ლეგიტიმური, დადასტურდა. კორძაიას განმარტებით, პროპორციული უბნების რაოდენობა, რომელშიც ბალანსი არ ჯდება, ჯამში არის 986. ამ უბნებზე დაკარგული (გამქრალი) ბიულეტენების რაოდენობა არის 4 025, პროპორციულში ბათილი ბიულეტენების რაოდენობა არის 63 335 და ამ უბნებზე, რომლებშიც არ ჯდება ბალანსი, მოსული ამომრჩევლების რაოდენობა არის 597 633.

ევროპული საქართველოს წევრის, სერგი კაპანაძის შეფასებით, გაყალბების და ზეწოლის ეს მასშტაბი საქართველოს არჩევნების ისტორიაში აქამდე არასდროს ყოფილა.

„მაჟორიტარულ ნაწილში 3847 უბნის ოქმიდან 52%-ში, ანუ 2007 ოქმში არ ჯდება რიცხვები. პრაქტიკულად, ყოველი მეორე ოქმი, რომელიც შედგენილია უბანზე მაჟორიტარულ ნაწილში, არის ხარვეზიანი. მაჟორიტარულ ნაწილში თითქმის ყოველ მეორე უბანზე ტრიალებდა „კარუსელი”. 440 უბანზე მინიმუმ 5 „კარუსელი” ტრიალებდა. პროპორციულ ნაწილში ყოველ მესამე უბანზე არის დისბალანსი. 969 უბანზე ცარიელი კონვერტებია ჩაყრილი ურნებში. დაახლოებით 8000 ცარიელი კონვერტი მარტო პროპორციულ ნაწილში აკლია. რომ შევაჯამო, ეს სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ გაყალბების მასშტაბი იყო ძალიან დიდი“.

რაც შეეხება ცესკო-ს პოზიციას, ის მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმებსა და მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმებს შორის გამოწვეული დისბალანსის ობიექტურ გარემოებებზე უთითებს. სხვა ყველა შემთხვევაში გამოვლენილ მძიმე დარღვევებს, ადამიანური გადაცდომებით (ტექნიკური უზუსტობებით) ახსნას ცდილობს. ხოლო საზოგადოების მხრიდან გამოთქმულ ლეგიტიმურ პროტესტსა და ეჭვებს, შეცდომაში შემყვან მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებს. იმის გათვალისწინებით, რომ 20-მდე უბნის ხელახალი გადათვლის შედეგად, რამოდენიმე გადასატანი ყუთის მონაცემები გაბათილდა, პროპორციული და მაჟორიტარული შედეგები გაუქმდა და ერთ შემთხვევაში მეორე ტურიც კი დაინიშნა, ცესკო ადამიანური შეცდომებზე და სხვა გარემოებებზე მითითებით, პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას ცდილობს (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

რედაქტორის შენიშვნა:

სტატიაში შეიცვალა ვერდიქტი. „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თეა წულუკიანის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

სტატიაში განცხადებაზე ვერდიქტის გამოტანისას მთავარ არგუმენტად გამოყენებული იყო ISFED-ის პარალელური დათვლის (PVT) თავდაპირველი შედეგები, რომლის მიხედვითაც შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი საარჩევნო უბნების 8%-ში დაფიქსირდა, რასაც შესაძლოა, არჩევნებზე გავლენა ჰქონოდა არაუმეტეს 4.1%-ისა.

11 დეკემბერს ISFED-მა განაცხადა, რომ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა. შედეგად, განახლებული მონაცემებით, ცდომილების ზღვარის გათვალისწინებით, ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს დაემთხვა.
ზემოაღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, სტატიაში ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები, როგორც არჩევნების „გაყალბების“ წონადი არგუმენტი, ვეღარ იქნება გამოყენებული. თუმცა, მხედველობაში მაინც მიიღება სხვა გარემოებები, რომლებზეც, შესაძლოა, სტატიაში არაა მოყვანილი, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციები, მიუთითებენ. ესაა საჩივრების მასობრივი განუხილველობა, ე.წ. კარუსელის არსებობა, წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევები (ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ზეწოლა, მუქარა და ა.შ.), რომლებზეც ISFED-იც მიუთითებს. შესაბამისად, ვერდიქტი „ტყუილი“ შეიცვლება ვერდიქტით - „ნახევრად სიმართლე“.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3553 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
ყალბი ამბავი
7%

ყველაზე კითხვადი