იტვირთება

გიორგი კახიანი: ბიულეტენების ზედმეტობა მთელი საქართველოს მასშტაბით 19 უბანზე 25 ბიულეტენში დაფიქსირდა, საქართველოს მასშტაბით, 25 ხმაში და ანუ 25 ხმით გაყალბდა არჩევნები?

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი კახიანის განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება.

რეზიუმე: 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში დისბალანსი, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმებში 943 საუბნო საარჩევნო კომისიაში დაფიქსირდა. გაბათილებული ბიულეტენების და ნამდვილი ხმების ჯამი, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას 19 საუბნო საარჩევნო კომისიაში აღემატება (ჯამში 25 ბიულეტენი). ხოლო, 857 საარჩევნო უბანში, გაბათილებული ბიულეტენების და ნამდვილი ხმების ჯამი არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობაზე ნაკლებია (ჯამში 3062 ბიულეტენი). ოქმებში არსებულ დისბალანსთან ერთად, 31 ოქტომბრის კენჭისყრის პროცესში, უამრავი სხვა დარღვევაც დაფიქსირდა. დარღვევების სიმრავლეზე, შემაჯამებელი ოქმებისა და საჩივრების უჩვეულო რაოდენობაც მეტყველებს. ამასთან, დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა კენჭისყრის პროცესში ისეთი დარღვევები გამოავლინეს, რომელმაც, ერთი მხრივ, არჩევნების მიმართ უნდობლობა გაზარდა, მეორე მხრივ კი, არჩევნების საბოლოო შედეგზე იქონია გავლენა. აღნიშნულს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ, პარალელური დათვლის შედეგები და „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ მიერ გამოვლენილი ბიულეტენების ჩაყრის ფაქტიც მოწმობს. შესაბამისად, გიორგი კახიანის განცხადებაში მოყვანილი რიცხვები სწორია, მაგრამ ამის, როგორც არჩევნების გაყალბების ერთადერთ ინდიკატორად წარმოდგენა, მანიპულაციურია და აუდიტორია შეცდომაში შეჰყავს.

ანალიზი:

2020 წლის 1 დეკემბერს „რუსთავი 2-ის“ ეთერში, ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ დარღვევების არსებობა გაყალბებას არ ნიშნავს. წამყვანის კითხვაზე, კენჭისყრის პროცესში დაფიქსირებული ე.წ. „კარუსელი“ მიანიშნებს, თუ - არა, გაყალბებაზე, გიორგია კახიანმა უპასუხა, „ ერთი კონკრეტული მაგალითი მოიყვანეთ, რამაც არასწორი განწყობა შეიძლება შექმნას საზოგადოებაში. შეიძლება ესეთი შემთხვევა მართლა იყო. ამას ვინ გამორიცხავს, შეიძლება ვიღაცამ რაღაცა ორჯერ ჩააგდო. ამას მე ვარ გამოვრიცხავ, მაგრამ, რაც უბნებში საარჩევნო ყუთების გახსნის შედეგად გამოჩნდა, ბიულეტენების ზედმეტობა მთელი საქართველოს მასშტაბით 19 უბანზე 25 ბიულეტენში დაფიქსირდა, საქართველოს მასშტაბით, 25 ხმაში და ანუ 25 ხმით გაყალბდა არჩევნები?“

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროცესში გამოვლენილმა დარღვევებმა საზოგადოების ნაწილში კენჭისყრის შედეგების მიმართ უნდობლობა გააჩინა. დარღვევების მასშტაბზე, თავად ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მიუთითებს. ცესკოს მონაცემების მიხედვით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში დისბალანსი, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმებში 943 საუბნო საარჩევნო კომისიაში დაფიქსირდა. გაბათილებული ბიულეტენების და ნამდვილი ხმების ჯამი, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას 19 საუბნო საარჩევნო კომისიაში აღემატება (ჯამში 25 ბიულეტენი). ხოლო, 857 საარჩევნო უბანში, გაბათილებული ბიულეტენების და ნამდვილი ხმების ჯამი არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობაზე ნაკლებია (ჯამში 3062 ბიულეტენი). 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2020 წლის არჩევნების პროპორციულ ნაწილში ბიულეტენების ნაკლებობის მაჩვენებელი, ყველაზე მაღალია (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია). 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 2016 და 2017 წელს ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით, შესწორების ოქმების რაოდენობაც მკვეთრად გაიზარდა. 31 ოქტომბრის პროპორციულ სისტემით ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, 507 საარჩევნო უბანზე 552 (2016 წელს 353 შესწორების ოქმი) შესწორების ოქმი დაიწერა. მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, 584 საარჩევნო უბანზე 644 (2016 წელს 271 შესწორების ოქმი) შესწორების ოქმი დაიწერა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია). ასევე, საყურადღებოა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ 2092 საჩივარი შევიდა. დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ 633 საჩივარი, ხოლო საარჩევნო სუბიექტების მიერ 1459 საჩივარი იყო წარდგენილი. 2020 წილის არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრების საერთო რაოდენობა 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 924-ით, ხოლო 2017 წლის მაჩვენებელს 1126-ით აღემატება (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

კენჭისყრის დღეს დაფიქსირებულ ხარვეზების მნიშვნელობაზე და მასშტაბებზე არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციაც მიუთითებს. 1 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელურად დათვლის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, შედეგების შეჯამების პროცესში გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, რიგ უბნებზე, მოცემული დისბალანსი, ერთეულ შემთხვევებს მნიშვნელოვნად აჭარბებდა. მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ში დაფიქსირდა. ასეთი მასშტაბის მსგავსი ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა და ამდენად განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა 4.1%-ზე ნაკლები იქნებოდა. აღნიშნული ტენდენცია საფრთხეს უქმნის მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობას, და ამდენად საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს.

4 ნოემბერს 25 არასამთავრობო ორგანიზაციამ 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა. ორგანიზაციების შეფასებით, „2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გამოირჩეოდა დემოკრატიის დაბალი ხარისხით, რაც დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარებისა და საერთაშორისო რეპუტაციისთვის“. განცხადების ავტორები, იმ უბნების შედეგების ხელახალ დათვლას მოითხოვეს, რომელთა ოქმებშიც დისბალანსი შეიმჩნეოდა. დარღვევების სიმძიმეზე და ხმების ხელახალი დათვლის აუცილებლობაზე ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორმა, ალან გილამიმა და აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტმა, დენიელ ტვაინინგმაც, გაამახვილეს ყურადღება. (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

1 ნოემბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR), ნატოს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA) და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული ერთობლივი წინასწარი ანგარიში გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები - თავისუფალი იყო, მაგრამ სამართლიანობის კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად ბარიერს ქმნიდა განსაკუთრებით ორი პრობლემა - მმართველი პარტიის აბსოლუტური დომინირება და უხილავი ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის.

გამოვლენილი დარღვევების სტატისტიკასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა ბიულეტენების ჩაყრის ფაქტები დააფიქსირეს. მაგალითად, მარნეულში N13.22.65 უბანზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დამკვირვებელმა დააფიქსირა პირი, რომელმაც სულ მცირე ათჯერ მისცა ხმა, მათ შორის სამჯერ მოხერხდა მისი ქმედებების ვიდეო ჩანაწერით დაფიქსირება. ასევე, ბიულეტენების სავარაუდო ჩაყრის ფაქტი დიდი ჯიხაიშის 25-ე საარჩევნო უბანზეც (22.54.25) დაფიქსირდა. საყურადღებოა, რომ მსგავსი დარღვევები, მთლიანი საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობას ზრდის და ამის ფონზე, სრულიად ბუნებრივია , რომ არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე საზოგადოების ნაწილი, ღიად ლაპარაკობს და პროტესტს საჯაროდ გამოხატავს.

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზემოთ განხილული მონაცემები და შეფასებები ნათლად მიუთითებს, რომ კენჭისყრის პროცესში გამოვლენილმა დარღვევებმა, ერთი მხრივ საზოგადოების ნაწილში არჩევნების მიმართ უნდობლობა გამოიწვია, მეორე მხრივ კი, არჩევნების შედეგებზე გარკვეულ ზეგავლენა იქონია. ამასვე მოწმობს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ანგარიშიც. ზემოხსენებული ხარვეზების ფონზე, გიორგი კახიანი, საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ზედმეტობის შემთხვევების მცირე რაოდენობაზე აკეთებს აქცენტს და არჩევნების პროცესში გამოკვეთილ უამრავ, სხვა დარღვევას უგულებელყოფს. არჩევნების მიმართ უნდობლობა, დაფიქსირებული დარღვევების რაოდენობამ და მათმა შინაარსმა ერთობლივად განაპირობეს და ერთი კონკრეტული მაჩვენებლის ცალკე გამოყოფა მართებული არ არის. ამასთან, იგი ცდილობს, ბიულეტენების მეტობის შემთხვევები დასაშვებ შეცდომად წარმოაჩინოს, რაც რა თქმა უნდა არასწორია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება მიზნად. შესაბამისად, გიორგი კახიანის განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება.

რედაქტორის შენიშვნა:

სტატიის თავდაპირველ ვერსიაში, „ფაქტ-მეტრმა“ ვერდიქტის განსაზღვრისას 1 ნოემბერს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებული ხმების პარალელური დათვლის შედეგები გამოიყენა. „სამართლიანი არჩევნების“ ( ISFED )1 ნოემბრის განცხადების მიხედვით, შემაჯამებელ ოქმების საერთო რაოდენობის 8 %-ში გამოვლენილ დისბალანსს არჩევნების შედეგებზე 4.1 %-ზე ნაკლები გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდა და აღნიშნულ ტენდენცია საარჩევნო პროცესის სანდოობას უქმნიდა საფრთხეს.

11 დეკემბერს ISFED-მა განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა შეიცვალა.

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებიდან გამომდინარე, მოცემული სტატიის ვერდიქტის განსაზღვრისთვის „ფაქტ-მეტრი“ „სამართლიანი არჩევნების“ ხმების პარალელური დათვლის შედეგებს მხედველობაში აღარ იღებს. ამის მიუხედავად, სტატიის ვერდიქტი უცვლელი რჩება. გიორგი კახიანი განცხადებაში საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ზედმეტობის შემთხვევების მცირე რაოდენობაზე აკეთებს აქცენტს და არჩევნების პროცესში გამოკვეთილ უამრავ, სხვა დარღვევას უგულებელყოფს. არჩევნების მიმართ უნდობლობა, დაფიქსირებული დარღვევების რაოდენობამ და მათმა შინაარსმა ერთობლივად განაპირობეს და ერთი კონკრეტული მაჩვენებლის ცალკე გამოყოფა მართებული არ არის. დარღვევების სიმრავლესა და მრავალფეროვნებას სტატიაში მოყვანილი ცესკო მიერ დამუშავებული ოფიციალური სტატისტიკაც მოწმობს. შესაბამისად, „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშის გათვალისწინების გარეშეც, სტატიაში მოყვანილი ფაქტები ადასტურებს, რომ გიორგი კახიანის განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება.

ზემოხსენებულის საფუძველზე სტატიის რეზიუმეც შეიცვალა. სტატიის რეზიუმეს თავდაპირველ ვერსიაში იყო ჩანაწერი: აღნიშნულს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ, პარალელური დათვლის შედეგები და „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ მიერ გამოვლენილი ბიულეტენების ჩაყრის ფაქტიც მოწმობს. ხმების პარალელური დათვლის მეთოდიკაში გამოვლენილი ხარვეზის გამო, აღნიშნული ჩანაწერი ამოღებულ იქნა. შესაბამისად, რეზიუმეს ახალ რედაქციაში შემდეგი ჩანაწერი გაკეთდა: აღნიშნულს, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ მიერ გამოვლენილი ბიულეტენების ჩაყრის ფაქტიც მოწმობს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2847 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
26%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
13%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი