რეზიუმე: კორონავირუსის პანდემიამ განსაკუთრებით ტურიზმის სფერო დააზარალა. საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა ოქტომბრის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 93.4 %-ით არის შემცირებული. ამ რეალობიდან გამომდინარე, ტურიზმის სფეროს დახმარებას განსაკუთრებით მნიშვნელობა ენიჭება. ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ტურიზმის სფეროს დასახმარებლად მიზნობრივ ღონისძიებათა პაკეტი შემუშავდა. ერთ-ერთი მიმართულება იმ სასტუმროების დახმარებაა, რომელთა წლიური ბრუნვა 20 მილიონზე ნაკლებია. მთავრობა 12 თვის განმავლობაში მათი სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირებას მოახდენს. აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 60 მლნ ლარია და მხარდაჭერა დაახლოებით 3000 სასტუმროს შეეხება. დღეის მდგომარეობით, დასახელებული პროგრამით უკვე 2000-მდე სასტუმრომ ისარგებლა. შესაბამისად, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადება არის სიმართლე.
ამავდროულად,„ფაქტ-მეტრი“არ შედის მოცემული პროგრამის მიზანშეწონილობის შესახებ მსჯელობაში და ანალიზისას მხოლოდ უკვე მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში არსებული გეგმის შესრულების ნაწილს ითვალისწინებს.
ანალიზი
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ტურიზმის სექტორში მიმდინარე სესხის სუბსიდირების პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა: „მცირე და საოჯახო სასტუმროების სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა ძალიან წარმატებით მიმდინარეობს და ამ შესაძლებლობით 2000-მდე სასტუმრომ უკვე ისარგებლა“.
პანდემიამდე პერიოდში ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი სექტორი იყო, რომლის წილი მშპ-ში 11.5%- ს შეადგენდა, ხოლო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 150 ათას ადამიანს აჭარბებდა (2019 წლის მონაცემით). პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად სწორედ ეს სექტორი დაზარალდა. შესაბამისად, ტურიზმის მხარდასაჭერად მთავრობის მიერ საგანგებოდ შემუშავდა მიზნობრივ ღონისძიებათა პაკეტი, კერძოდ:
• ტურიზმის ინდუსტრიის სუბიექტები 2020 წელს ქონების გადასახადისგან სრულად თავისუფლდებიან, ხოლო საშემოსავლო გადასახადის გადავადება წლის ბოლომდე მოხდება. აღნიშნულისთვის ჯამში 135 მილიონი ლარია გათვალისწინებული;
• იმ სასტუმროს მფლობელებისთვის, რომელთა წლიური ბრუნვა 20 მილიონზე ნაკლებია, მთავრობა 6 თვის განმავლობაში სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირებას მოახდენს. აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 60 მლნ ლარია და მხარდაჭერა დაახლოებით 3000 სასტუმროს შეეხება;
• კვების ობიექტები ჩაერთვებიან საკრედიტო-საგარანტიო სქემაში, რითაც მათ საშუალება მიეცემათ, მოაგვარონ ლიკვიდობასთან დაკავშირებული პრობლემები და დააფინანსონ ოპერაციული ხარჯები;
• ტურისტული კომპანიებისთვის/ტუროპერატორებისთვის მთავრობა მოახდენს საბანკო გარანტიის პროცენტის სუბსიდირებას 6 თვის განმავლობაში;
• მთავრობა ასევე განახორციელებს სპეციალურ აქტივობებს გიდებისა და სხვა პროფესიული ტურისტული სერვისების სწრაფი აღდგენის უზრუნველსაყოფად. საქართველოს მთავრობა მოახდენს ტურისტულ გამოფენებზე თანამონაწილეობის თანხების სუბსიდირებას. ტურისტული კომპანიებისა და გიდების მხარდაჭერისთვის 5 მლნ ლარია გამოყოფილი.
ზემოაღნიშნული ღონისძიებების ჯამური ბიუჯეტი 200 მლნ. ლარს შეადგენს.
როგორც აღვნიშნეთ, მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროების სესხის თანადაფინანსებისთვის მთავრობამ 60 მილიონი ლარი გამოყო და პროგრამით ჯამში 3000 სასტუმრო ისარგებლებს. თუ თავდაპირველად სესხის სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში იყო განსაზღვრული, მოგვიანებით გადაწყდა, რომ 2020 წლის 1-ლი მარტიდან, მომდევნო 12 თვის განმავლობაში, მეწარმე სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული წლიური სარგებლის თანადაფინანსება განხორციელდება.
სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ მონაცემებით, აგვისტოს ბოლოსთვის მცირე და საშუალო სასტუმროების ინდუსტრიის ხელსეწყობისთვის ორი ეტაპი იყო გამოცხადებული, პირველი ეტაპის ფარგლებში დახმარებით 612-მა, ხოლო მეორე ეტაპზე 295-მა ბიზნესსუბიექტმა ისარგებლა. ორი ეტაპის ფარგლებში სესხის თანადაფინანსების პროგრამაში ჯამში 907 სასტუმრო ჩაერთო და თანადაფინანსების თანხამ 10.7 მლნ ლარი შეადგინა. „აწარმოე საქართველოს“ ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, სესხის თანადაფინანსებით, ჯამში 2000-მდე სასტუმრო სუბიექტმა უკვე ისარგებლა. ასევე აღსანიშნავია, რომ 13 ნოემბერს დასახელებული პროგრამის მეოთხე ეტაპი გამოცხადდა და პროგრამაში ჩასართავად განცხადებების მიღება 22 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
კორონავირუსის პანდემიამ განსაკუთრებით ტურიზმის სფერო დააზარალა. ოქტომბრის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 93.4 %-ით არის შემცირებული. მიმდინარე წელს, ზაფხულის საკურორტო სეზონი თითქმის ჩავარდა. ზამთრის სეზონისთვის საზამთრო კურორტები მზად არიან, თუმცა როგორც სასტუმროების მფლობელები აცხადებენ, ჯერჯერობით ჯავშნები 97%-ით არის შემცირებული, ადგილობრივი დამსვენებლები კი დღემდე არ ჩანან. ამ რეალობიდან გამომდინარე, ტურიზმის სფეროს დახმარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურმავას განცხადება არის სიმართლე.