ირაკლი კობახიძე: პენსია 100 ლარიდან 220 ლარამდე, მინიმუმ 220%-ით და ზოგ შემთხვევაში კი 3-ჯერ გაიზარდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.
რეზიუმე: 2012 წელს სახელმწიფო პენსია 110-125 ლარი იყო. 2020 წლის 1 იანვრიდან ასაკობრივი პენსია 220 ლარი შეადგენს. შესაბამისად, პენსია ნომინალურ მაჩვენებელში 76%-ით და 100%-ით არის გაზრდილი. ინფლაციის დონის გათვალისწინებით, ანუ რეალური პენსია დაახლოებით 34%-ით და 53%-ით არის გაზრდილი.
გარკვეული კატეგორიის პენსიონერებისთვის პენსია უფრო მაღალია. კერძოდ, 2020 წლის 1 ივლისიდან 70 წელს ზევით ასაკის მოსახლეობისთვის პენსია 250 ლარს შეადგენს. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პენსიონერები პენსიაზე 20%-იან დანამატს იღებენ. შესაბამისად, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები 70 წელს ზევით ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 125 ლარიდან 300 ლარამდე, ანუ 2.4-ჯერ გაიზარდა.
ირაკლი კობახიძე ასევე საუბრობს პენსიონერებისთვის დამატებით შეღავათებზე. მისი მტკიცებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა პენსიონერების დანახარჯებს რადიკალურად ამცირებს. აღნიშნული მტკიცება მცდარია, ვინაიდან ასაკით პენსიონერები და სხვა მიზნობრივი ჯგუფები სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევით მანამდეც სარგებლობდნენ. მიზნობრივი ჯგუფები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ჯანმრთელობის დაზღვევის უკვე არსებული პაკეტებით შეუერთდნენ.
ირაკლი კობახიძე ასევე საუბრობს მედიკამენტების პროგრამაზე. 2018 წლის სექტემბრიდან ასაკით პენსიონერები ნამდვილად სარგებლობენ მედიკამენტების პროგრამით, რომელიც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას გულისხმობს.
ანალიზი
“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა: „პენსია 2012 წელს იყო 100 ლარი, ახლა გახდა 220 ლარი. სხვადასხვა კატეგორიის პენსიონერებისთვის 300 ლარამდე ადის პენსია. ანუ პენსია მინიმუმ 220%-ით და ზოგ შემთხვევაში 3-ჯერ გაიზარდა. ამას დაემატა ის, რაც არ არსებობდა საქართველოში - ეს არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც პენსიონერების ჯიბიდან დანახარჯებს რადიკალურად ამცირებს. ამას დაემატა სხვა პროგრამებიც, მათ შორის, მედიკამენტები პენსიონერებისთვის, მაღალმთიანი რეგიონებში პენსიონერებისთვის დამატებითი პროგრამები და ა.შ. რა თქმა უნდა ეს ამსუბუქებს პენსიონერების მდგომარეობას“.
2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, სახელმწიფო პენსია 110-125 ლარი (67 წლამდე პენსიონერებისთვის 110 ლარი, 67 წლის და უფროსი ასაკის პენსიონერებისთვის 125 ლარი) იყო. 2020 წლის 1 იანვრიდან ასაკობრივი პენსია 220 ლარი შეადგენს. შესაბამისად, პენსია ნომინალურ მაჩვენებელში 76%-ით და 100%-ით არის გაზრდილი.
პენსიის თუ სხვა შემოსავლის განხილვისას უნდა გავითვალისწინოთ, სამომხმარებლო ფასების ზრდა, ანუ ინფლაციის მაჩვენებელი. დროთა განმავლობაში, ინფლაციის გამო, ვალუტის მსყიდველუნარიანობა მცირდება, პირობითად 1 ლარით ნაკლები საქონლისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი. შესაბამისად, უნდა ვნახოთ, რეალური პენსია. რეალური პენსია 2012 წლის ფასებში 168 ლარს შეადგენს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღევანდელი 220 ლარით იმდენივე პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი, რამდენსაც 2012 წელს 168 ლარად შეიძენდით. 2020 წელს, 2012 წელთან შედარებით, მინიმალური პენსია (110 ლარი) რეალურად (ინფლაციის მაჩვენებლებზე კორექტირებული) დაახლოებით 53%-ით არის გაზრდილი. (იხილეთ ცხრილი 1).
ცხრილი 1: რეალური პენსიის ცვლილების დინამიკა 2012-2020 წლებში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
გარკვეული კატეგორიის პენსიონერებისთვის პენსია უფრო მეტად არის გაზრდილი. 2020 წლის 1 ივლისიდან 70 წელს ზევით ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით გაიზარდა და 250 ლარს შეადგენს. აქვე აღსანიშნავია, რომ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პენსიონერები იღებენ საპენსიო დანამატს პენსიის 20%-ის ოდენობით. შესაბამისად, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პენსიონერის პენსია 264 ლარს, 70 წელს ზევით მოსახლეობისთვის კი 300 ლარს შეადგენს.
პენსიაზე საუბრისას აღსანიშნავია, რომ პენსიის 220-230 ლარამდე გაზრდა „ქართული ოცნების“ 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირება იყო, რისთვისაც „ქართულ ოცნებას“ 8 წელი დასჭირდა. სამომხმარებლო ფასების დონის ზრდას თუ გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ ეს დაპირება ისევ შეუსრულებელი დარჩა. დღევანდელი 220 ლარის მსყიდველუნარიანობა გაცილებით დაბალია და 2012 წლის ფასებში დაახლოებით 168 ლარს უტოლდება.
ირაკლი კობახიძე სხვა პროგრამებზეც საუბრობს, რომელიც პენსიონერების მდგომარეობას ამსუბუქებს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამდე, სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევით მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფები, მათ შორის ასაკით პენსიონერები, სარგებლობდნენ. 2014 წლიდან მიზნობრივი ჯგუფები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ჯანმრთელობის დაზღვევის არსებული პაკეტებით შეუერთდნენ. შესაბამისად მტკიცება, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ პენსიონერების მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეამსუბუქა არის ტყუილი.
2018 წლის სექტემბრიდან ასაკით პენსიონერები „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის“ პროგრამით სარგებლობენ. აღნიშნული პროგრამა, გარკვეულწილად ამცირებს იმ პენსიონერების მედიკამენტებზე დანახარჯებს, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ და შესაბამის მედიკამენტებს მოიხმარენ. თუმცა მედიკამენტების პროგრამაზე უნდა ითქვას, რომ ის ერთ-ერთი წარუმატებელი პროგრამა აღმოჩნდა (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).