არმაზ ახვლედიანი: [საქართველოში] უპრეცედენტო დონეს მიაღწია სიკვდილიანობამ და ის აჭარბებს შობადობას.

ბოლო რამდენიმე წელია, კერძოდ, 2014 წლიდან, საქართველოში მუდმივად იკლებს შობადობის მაჩვენებელი, რასაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები ადასტურებს. 2015-2023 წლებში, ბუნებრივი მატების კოეფიციენტი მუდმივად მცირდებოდა. 2020 წელს პირველად მოხდა, რომ გარდაცვლილთა რიცხოვნობამ გადააჭარბა ცოცხლად შობილთა რაოდენობას. რა თქმა უნდა, აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ კოვიდპანდემია, რადგან 2020-2021 წლებში სწორედ ის იქცა მრავალი ადამიანის სიკვდილის გამომწვევ მიზეზად. პანდემიური წლების გამოკლებით, 2022 და 2023 წლებში გარდაცვლილთა რაოდენობა უპრეცედენტო ნამდვილად არ ყოფილა, რადგან, მაგალითად, 2016 წელს 50 771 ადამიანი გარდაიცვალა, 2019 წელს - 46 659, 2022 წელს - 49 119, ხოლო 2023 წელს - 42 756 ადამიანი. სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობას არაპანდემიური ორი წლის მომდევნო წლებშიც აღემატებოდა. კერძოდ, თუ 2015 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 59 249 ადამიანი შეადგინა, ხოლო 49 121 ადამიანი გარდაიცალა, 2023 წელს დაიბადა 40 214 და გარდაცვალა 42 756 ადამიანი. ბუნებრივი მატების კოეფიციენტი იყო, შესაბამისად, 10 128 და მინუს 2 542 ადამიანი.

ამდენად, მართალია, სიკვდილიანობა სჭარბობს ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობას, მაგრამ ის უპრეცედენტო ნამდვილად არაა. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, 2 105-ით შემცირდა ცოცხლად დაბადებულთა მაჩვენებელი. უფრო ზუსტად კი, თუ 2022 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 42 319 იყო, შარშან ამ მაჩვენებელმა 40 214 შეადგინა. 2014 წლის შემდეგ, მუდმივად კლებადია ცოცხლად შობილთა ზოგადი კოეფიციენტიც, რომელიც 1 000 მოსახლესთან მიმართებით გამოითვლება. 2014 წელს კოეფიციენტი 16.3 იყო, 2023 წელს კი 10.8-ს გაუტოლდა. ამდენად, სტატისტიკის მონაცემებისა და განცხადების კონტექსტის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, არმაზ ახვლედიანის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი: საქართველოს პარლამენტის წევრმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა: „[საქართველოში] უპრეცედენტო დონეს მიაღწია სიკვდილიანობამ და ის აჭარბებს შობადობას.“

აღნიშნულ თემაზე „ფაქტ-მეტრმა“ არაერთი სტატია გამოაქვეყნა. იხ. სტატია 1, სტატია 2. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პოლიტიკოსები საკითხს პერიოდულად უბრუნდებიან. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, სტატისტიკური მონაცემები მკითხველს კიდევ ერთხელ გავაცნოთ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2014 წლის შემდეგ, როცა ბუნებრივი მატება მაღალი იყო (11 548 ადამიანი, რაც გამოითვლება ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა შორის სხვაობით), 2019 წლის ჩათვლით, ქვეყანაში ბუნებრივი მატების კოეფიციენტი თანდათან მცირდებოდა. 2020 წელს გარდაცვლილთა რიცხვმა პირველად გადააჭარბა ცოცხლად შობილთა რიცხვს, რის გამოც, ბუნებრივი მატების კოეფიციენტი უარყოფითი გვქონდა. აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ 2020 და 2021 წლებში გარდაცვალების რიცხვის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი კოვიდპანდემია იყო. თუმცა ქვეყანაში მომდევნო ორ წელსაც უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა.

დიაგრამა 1. შობადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები, ბუნებრივი მატება

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

დიაგრამა აჩვენებს, რომ 2023 წელს ბუნებრივი მატების კოეფიციენტი კვლავ უარყოფითია და -2 542-ს შეადგენს, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იყო 2022 წელს (-6 799). ეს ნიშნავს, რომ სიკვდილიანობა ცოცხლად შობილთა რაოდენობას აჭარბებს, მაგრამ უპრეცედენტო არაა (პანდემიური წლების მონაცემებს შესადარებლად არ ვიყენებთ). მაგალითად, 2016 წელს გარდაიცვალა უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე პანდემიურ 2020 წელს ან პანდემიის შემდგომ პერიოდში - 2022 და 2023 წლებში. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობაც ნაკლებია. ასევე, იმავე საქსტატის მიხედვით, 2014 წლის შემდეგ, მუდმივად იკლებს შობადობის ზოგადი კოეფიციენტი, რაც გამოიანგარიშება დაბადებულთა რაოდენობით, 1 000 მოსახლესთან მიმართებით. 2014 წელს შობადობის ზოგადი კოეფიციენტი 16.3-ს შეადგენდა. ყველა მომდევნო წელს ის კლების დინამიკით ხასიათდებოდა და 2023 წელს უკვე 10.8 შეადგინა. შობადობის შემცირების ერთ-ერთი მიზეზია რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობის შემცირება, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია ემიგრაციის მაღალ მაჩვენებელთან. მაგალითად, 2023 წელს იმიგრანტთა რაოდენობამ - 205 857 ადამიანი, ხოლო ემიგრანტთა რაოდენობამ 245 857 ადამიანი შეადგინა. აქედან, საქსტატის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქე იყო, შესაბამისად, 91 896 და 163 480 ადამიანი. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნიდან 71 584-ით მეტი საქართველოს მოქალაქე გავიდა.

ამდენად, განცხადების კონტექსტისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების გათვალისწინებით, არმაზ ახვლედიანის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5621 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია