ირაკლი კობახიძე: დასაქმების ზრდასთან ერთად იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტიც

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

2023 წელს ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადით მობილიზებული თანხის ოდენობა 2022 წელთან შედარებით 840 მლნ ლარით, 2021 წელთან შედარებით კი 2 მლრდ-ით - 5.5 მლრდ-მდე გაიზარდა, რაც 57%-იანი ზრდაა. თუ შედარებას 2019 წელთან გავაკეთებთ, 71%-იან ზრდას მივიღებთ.

საშემოსავლო გადასახადს ძირითადად დაქირავებით დასაქმებულები იხდიან, შესაბამისად, დასაქმებულთა ზრდა სხვა თანაბარ პირობებში ჯამურ საშემოსავლო გადასახადს ავტომატურად ზრდის, თუმცა 2021-2023 წლებში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა მხოლოდ 2.6%-ით - 898 ათასიდან 920 ათასამდე, გაიზარდა. საშემოსავლო გადასახადით მობილიზებული თანხების ზრდაზე უმუშევრობის შემცირებაზე ბევრად დიდი გავლენა ნომინალური ხელფასების ზრდამ იქონია (1130-დან 1860 ლარამდე 2019-2023 წლიან პერიოდში), რაც თავის მხრივ ნაწილობრივ ამავე პერიოდში დაფიქსირებული მაღალი ინფლაციის გავლენასაც მოიცავს.

საშემოსავლოს გარდა, ბიუჯეტი დღგ-ით, აქციზის, მოგებისა და იმპორტის გადასახადითაც ივსება, რასაც გრანტები, სესხები და პრივატიზაციაც ემატება. საშემოსავლოს პარალელურად 2019-2023 წლებში დაახლოებით იმავე მოცულობით - 73%-ით, გაიზარდა ჯამური გადასახადებით მობილიზებული თანხა და 67%-ით შემოსულობები. აქვე გასათვალისწინებელია, რომ საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა ამავე პერიოდში დაფიქსირებულმა მაღალმა ინფლაციამაც იქონია.

შესაბამისად, ეკონომიკისა და დასაქმების ზრდის პარალელურად საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაზე პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადება, სიმართლეს შეესაბამება, თუმცა ყურადღების მიღმაა დატოვებული გარემოება, რომ საბიუჯეტო შემოსავლები პოსტპანდემიურ პერიოდში მაღალი ინფლაციის გავლენითაც იზრდებოდა, რაც ეკონომიკური ზრდისა თუ დასაქმების ზრდისგან განსხვავებით, „სასურველი მიზეზი“ არ არის. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.

ანალიზი: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უმუშევრობის სტატისტიკის კომენტირებისას განაცხადა: „უმუშევრობის შემცირება, დასაქმების ზრდა პირდაპირ აისახება სახელმწიფო ბიუჯეტზე. ეს ახალდასაქმებული ადამიანები პირდაპირ იხდიან სახელმწიფო ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადს. შესაბამისად, დასაქმების ზრდასთან ერთად იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტი. ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას“.

პრემიერმა კომენტარი უმუშევრობის სტატისტიკისშეფასებისას გააკეთა. საქსტატის ცნობით, 2024 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.1 პროცენტული პუნქტით 13.7%-მდე შემცირდა, საანგარიშო პერიოდში, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 19 ათასით და თვითდასაქმებულთა რაოდენობა 41 ათასით გაიზარდა.

2024 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, გადასახადებიდან 19.1 მლრდ ლარის მობილიზებაა დაგეგმილი, რაც შემოსულობების 78%-ია. დარჩენილი 5.5 მლრდ სხვა შემოსავლებით, ვალის აღებით, გრანტებითა და პრივატიზაციის გზით უნდა შეივსოს.

საქართველოში სულ 6 სახის გადასახადი მოქმედებს: დღგ, აქციზი, მოგების, საშემოსავლო, იმპორტისა და ქონების. ცალკეული გამონაკლისების გარდა, როგორც წესი, წლიდან წლამდე თითოეული მათგანი იზრდება.

გრაფიკი 1: საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები (მლნ. ლარი)

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გრაფიკზე არაა ქონების გადასახადი, რადგან ის ადგილობრივ გადასახადთა კატეგორიას მიეკუთვნება და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში მიემართება.

საშემოსავლო გადასახადით მხოლოდ ფიზიკური პირები იბეგრებიან, ძირითად შემთხვევაში, დაქირავებით დასაქმებულები.

განაკვეთი ფიქსირებულია და 20%-ს შეადგენს. პირობითად, თუ დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასი 1000 ლარია, მას ჯერ საპენსიო ჩამოეჭრება 2% (თუ დაგროვებით საპენსიო სქემაშია ჩართული) და შემდეგ დარჩენილი 980 ლარიდან 20% ანუ 196 ლარი. საშემოსავლოს ხუთჯერ მეტს 980 ლარს გადაიხდის ის დასაქმებული, რომლის ხელფასიც 5 ათას ლარს შეადგენს.

საშემოსავლო გადასახადი ჯამურად შეიძლება ორი გზით გაიზარდოს: დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის ზრდითა და ნომინალური საშუალო ხელფასის ზრდით.

2023 წელს, 2019 წელთან შედარებით, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა მხოლოდ 2.6%-ით - 898 ათასიდან 920 ათასამდე იყო გაზრდილი, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური დასაბეგრი ხელფასი კი 64%-ით - 1130 ლარიდან 1860 ლარამდე. იმავე პერიოდში, ბიუჯეტში გადახდილი საშემოსავლო გადასახადის მოცულობა 71%-ით - 3.2 მლრდ-დან 5.5 მლრდ ლარამდე, გაიზარდა.

მართალია, გადახდილი საშემოსავლოს ზრდაში თავის წვლილი დასაქმებულთა რაოდენობის ზრდამაც შეიტანა, თუმცა გადამწყვეტი მაინც ხელფასის ზრდა აღმოჩნდა. 2021 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 2%-ით, 845-დან 829 ათასამდე შემცირდა, მაგრამ რადგან ნომინალური ხელფასი 15%-ით - 1130-დან 1305 ლარამდე, გაიზარდა, 13%-ით - 3.1-დან 3.5 მლრდ-მდე გაიზარდა გადახდილი საშემოსავლო გადასახადიც.

მართალია, დაქირავებით დასაქმებულთა კონტრიბუცია საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ყველაზე მაღალია, მაგრამ ის არ უდრის 100%-ს.

დაქირავებით დასაქმებულთა გარდა, საშემოსავლო გადასახადს უძრავი ქონების გამქირავებელი/იჯარით გამცემი პირებიც იხდიან. საშემოსავლოთი იბეგრება უძრავი ქონების გადაყიდვაც - თუ პირმა უძრავი ქონება შეძენიდან 2 წელიწადზე ნაკლებ დროში გაყიდა, ფასნამატის 20%-ის გადახდა უწევს. საშემოსავლოს იხდიან აგრეთვე აზარტული თამაშების მომწყობი ფიზიკური პირები. განაკვეთი მოგების (მიღებული ფსონებისა და მოთამაშეებზე გაცემულ თანხებს შორის სხვაობა) 15%-ს შეადგენს.

საშემოსავლოს იხდიან სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით მოსარგებლე მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებიც, რომელთა წლიური შემოსავალიც არ აღემატება 500 ათას ლარს. ასეთ შემთხვევაში განაკვეთი 1%-ს შეადგენს.

ეკონომიკური აქტივობისას, იზრდება როგორც დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე ხელფასები. გარდა ამისა, იზრდება პროდუქციის გამოშვება, საწარმოთა ბრუნვა, რამაც საშემოსავლოს გარდა, სხვა გადასახადებიც გაზარდა. 2019-2023 წლებში ჯამური გადასახადები 73%-ით - 9.7-დან 16.7 მლრდ ლარამდე გაიზარდა.

დასაქმებულთა რაოდენობის ზრდით,ბიუჯეტში გადახდილი საშემოსავლო გადასახადიც იზრდება, თუმცა ბიუჯეტი მხოლოდ ამის ხარჯზე არ იზრდება, მეტიც, თუნდაც მხოლოდ საშემოსავლო გადასახადი უფრო ხელფასების ზრდის ხარჯზე იზრდება, ვიდრე დასაქმებულთა რაოდენობის. ამის მიუხედავად, გასათვალისწინებელია კონტექსტი. პრემიერმა უმუშევრობის შემცირებაცა და ბიუჯეტის ზრდაც ეკონომიკურ ზრდას დაუკავშირა. პანდემიის შემდეგ საშუალოზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ნამდვილად ფიქსირდება, მათ შორის 2023 წელს - 7.5%-ით და 2024 წლის პირველ ნახევარში - 9%-ით, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5621 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია