ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ოთარ სირაძის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამომრჩეველს ჰპირდებოდნენ საარსებო მინიმუმის გადახედვას, პენსიას 220-230 ლარის ოდენობით და საპენსიო ასაკის დაწევას.
საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდოლოგია არ შეცვლილა და ის მხოლოდ ინფლაციის შესაბამისად იზრდება. საპენსიო ასაკიც უცვლელი დარჩა.
2012 წელს ასაკით პენსიონერების პენსია 110-125 ლარს შეადგენდა. 2018 წელს პენსიის ოდენობა 180 ლარია. 2019 და 2020 წელს სახელმწიფო პენსიის 20-20 ლარით ზრდაა დაგეგმლი. ამდენად, 2020 წელს სახელმწიფო პენსიის ოდენობა 220 ლარი იქნება.
ანალიზი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის სხდომაზე, სადაც 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი განიხილებოდა, პარლამენტის წევრმა ოთარ სირაძემ განაცხადა: „2012 წელს „ოცნების“ ლიდერები დადიოდნენ და იძახდნენ, რომ პენსია იქნებოდა 230 ლარი, საარსებო მინიმუმი იქნებოდა 230 ლარი. გამოდის, რომ 8 წლის შემდეგ, 2020-შიც კი, როცა 20 ლარით აპირებთ პენსიის ზრდას, ვერ პასუხობთ დაპირებას“.
2012 წელს, წინასაარჩევნოდ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამომრჩეველს საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდოლოგიის გადახედვას, პენსიის 220-230 ლარამდე გაზრდას და საპენსიო ასაკის დაწევას ჰპირდებოდნენ. 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა, რომ დაადგენდნენ საარსებო მინიმუმის ახალ ზღვარს და პენსია არ იქნებოდა საარსებო მინიმუმზე ნაკლები. 2012 წელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, წინასაარჩევნო დებატებში "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ განაცხადა: „დაიწევს საპენსიო ასაკი, აუცილებლად გადაიხედება საარსებო მინიმუმი, ამასთან გაიზრდება პენსია და იქნება 220-230 ლარი“. ამასთან, „ქართული ოცნების“ 2012 წლის საარჩევნო პროგრამაში ხაზგასმულია, რომ „საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ პირველ ეტაპზე ვალდებულებას იღებს, რომ ყველა კატეგორიის პენსიონერი მიიღებს პენსიას არანაკლებ საარსებო მინიმუმისა, რაც შესაბამისი კანონით იქნება გარანტირებული“.
საარსებო მინიმუმი არის შემოსავლების ის მინიმალური ოდენობა, რომელიც აუცილებელია არსებობისთვის. საარსებო მინიმუმის გაანგარიშება მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ხდება. სასურსათო კალათით განსაზღვრულია სიცოცხლისთვის აუცილებელი საკვებისა და კალორიების რაოდენობა. საარსებო მინიმუმში სასურსათო ხარჯების წილი 70%-ია, არასასურსათო ხარჯების (ჯანდაცვა, განათლება, ტრანსპორტი, ტანსაცმელი, კომუნალური გადასახადების და სხვა) წილი კი 30%-ს შეადგენს.
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება, საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდოლოგიის გადახედვასთან და საარსებო მინიმუმის ახალი ზღვრის დაწესებასთან დაკავშირებით, არ შესრულებულა. საარსებო მინიმუმის ოდენობა მხოლოდ ინფლაციის შესაბამისად იცვლება. 2018 წლის ნოემბრის მონაცემებით, საარსებო მინიმუმი დაახლოებით 174 ლარს შეადგენს. დღევანდელი მდგომარეობით ასაკობრივი პენსია (180 ლარი) საარსებო მინიმუმს აკმაყოფილებს. თუმცა, „ქართული ოცნება“ 2012 წელს ამომრჩეველს ჰპირდებოდა, რომ პენსია რეალურ საარსებო მინიმუმს გაუტოლდებოდა. მათი გათვლებით კი, რეალური საარსებო მინიმუმი 200-220 ლარის ფარგლებში იყო (ინფლაციის გათვალისწინებით, ეს რიცხვი კიდევ უფრო მაღალია დღეს).
2012 წელს, როდესაც "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, სახელმწიფო პენსია (ასაკით პენსიონერებისთვის) 110-125 ლარი (67 წლამდე პენსიონერებისთვის 110 ლარი, 67 წლის და უფროსი ასაკის პენსიონერებისთვის 125 ლარი) იყო. 2013 წლის აპრილიდან პენსიის ოდენობა ყველა პენსიონერისთვის 125 ლარი გახდა, 2013 წლის სექტემბრიდან კი 150 ლარამდე გაიზარდა. 2014 წელს პენსია არ გაზრდილა. 2015 წლის სექტემბრიდან პენსია 10 ლარით გაიზარდა. 2016 წლის 1 ივლისიდან ასაკობრივი პენსია 20 ლარით გაიზარდა და 180 ლარი გახდა. 2017-2018 წლებში პენსია არ გაზრდილა. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, 2019 წლის იანვრიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება და ასაკით პენსიონერების პენსია 200 ლარი გახდება. მთავრობა პენსიის 20 ლარით გაზრდას გეგმავს 2020 წელსაც.
აღსანიშნავია, რომ საპენსიო ასაკის დაწევის შესახებ დაპირებაც არ შესრულებულა. საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 65 წელი, ხოლო ქალებისთვის კი 60 წელია.