რეზიუმე: საერთაშორისო სავალუტო ფონდი სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს აქვეყნებს. პრემიერ-მინისტრის მრჩეველი არ აკონკრეტებს რომელი რეგიონის ნაწილად მოიაზრებს საქართველოს. პირველ რიგში, მიზანშეწონილია, რომ მკაფიოდ განიმარტოს რეგიონი, სადაც საქართველო შედის და შედარების თვალსაზრისითაც რელევანტურია. ასეთი რეგიონი კი მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჯგუფია. აღნიშნულ რეგიონში, 2020-2024 წლებში საშუალო ეკონომიკური ზრდა 3.57%-ს შეადგენს. საქართველო ზრდის 5.08%-იანი პროგნოზით მესამე ადგილს იკავებს, სომხეთი (4.56%) მეოთხეს, პირველ და მეორე ადგილს უზბეკეთი (6%) და თურქმენეთი (5.9%) ინაწილებენ.
ანალიზი
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო რეგიონში 2020-2024 წლების საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით არის ლიდერი და ამ მაჩვენებლის მიხედვით, უსწრებს სხვადასხვა ქვეყნებს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს. საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მიმდინარე და მომდევნო წლების განმავლობაში, წარმოდგენილია ცხრილი 1-ში.
ცხრილი 1: საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2019-2024 წლებში (%)
2020 |
2021 |
2022 |
2023 |
2024 |
|
საქართველო |
4.8 |
5.0 |
5.2 |
5.2 |
5.2 |
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
2020-2024 წლებში, საქართველოს საშუალო საპროგნოზო ეკონომიკური ზრდა 5.1%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5.2% შეადგინა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის საწყის პროგნოზს (4.6%) 0.6%-ით აღემატება.
პოლიტიკური თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საქართველოს განვითარებისა და სიღარიბის შესამცირებლად მაღალი, კერძოდ კი ორნიშნა ეკონომიკური ზრდის საჭიროების შესახებ ხშირად ხაზგასმით აღნიშნავენ. მთავრობის წარმომადგენლები პასუხობენ, რომ რეგიონში რთული ეკონომიკურ-პოლიტიკური ვითარებაა და ამ ფონზე, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, შედარებით მაღალია. პრემიერ-მინისტრის მრჩეველი არ აკონკრეტებს რომელი რეგიონის ნაწილად მოიაზრებს საქართველოს. პირველ რიგში, მიზანშეწონილია, რომ მკაფიოდ განიმარტოს რეგიონი, სადაც საქართველო შედის და შედარების თვალსაზრისითაც რელევანტურია. ასეთი რეგიონი კი მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჯგუფია.
გრაფიკი 1: 2020-2024 წლის საშუალო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონში (%)
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
აღნიშნულ რეგიონში, 2020-2024 წლებში საშუალო ეკონომიკური ზრდა 3.57%-ს შეადგენს. საქართველო 5.08%-იანი პროგნოზით მესამე ადგილს იკავებს, სომხეთი მეოთხეს, პირველ და მეორე ადგილს უზბეკეთი (6) და თურქმენეთი (5.9) ინაწილებენ. მიუხედავად იმისა, რომ ბექა ლილუაშვილის განცხადება სიმართლეა და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საქართველოს რეგიონთან შედარებით მაღალი საპროგნოზო მაჩვენებლები აქვს, აღნიშნული ზრდა არსებითი პროგრესის მიღწევისთვის არასაკმარისია. ასევე, რიგ შემთხვევებში, ეკონომიკის რეალური ზრდის ფაქტი წარსულ პროგნოზებს არ ემთხვევა, მაგალითისთვის, 2017-2018 წლებში საქართველოს პროგნოზი სომხეთის პროგნოზს აღემატებოდა, თუმცა, ფაქტობრივად, სომხეთში პროგნოზზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა, რაც ასევე საქართველოს მშპ-ს ზრდის ტემპს აღემატებოდა.
ცხრილი 2: პროგნოზირებული და ფაქტობრივი ეკონომიკური ზრდა საქართველოსა და სომხეთში, 2017-2018 წლებში
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი