რამდენიმე ხნის წინ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროს ახალი მოძრავი შემადგენლობის შესასყიდად საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სატრანსპორტო კომპანიამ 97 ახალი ვაგონი უნდა შეისყიდოს (13 მოძრავი შემადგენლობა, რომელიც 4 ვაგონისგან იქნება შემდგარი და 9 მოძრავი შემადგენლობა, რომელიც ხუთი ვაგონისგან იქნება შემდგარი), რომელთა სატენდერო ღირებულება 210 მლნ ევროს შეადგენს. ამ თანხიდან 125 მლნ ევრო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) სესხით დაფინანსდება. ვაგონების მიღება უკვე 2026 წლიდან უნდა დაიწყოს.
მეტროს ვაგონების განახლება ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში დაიგეგმა, 2022 წელს ცნობილი გახდა, რომ ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომლის დანიშნულება თბილისის მეტროსთვის 44 ერთეული მეტროს ვაგონის შესყიდვა იყო, რუსულმა კომპანია „მეტროვაგონმაშმა“ გაიმარჯვა (იხ.სტატია). ტენდერის ღირებულება დაახლოებით 50 მლნ ევრო იყო. პირველ ეტაპზე, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ პერიოდში, თბილისის მერიამ და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა (EBRD) კომპანიისთვის თანხის გადარიცხვა შეაჩერა. შემდგომ რუსულ კომპანია „მეტროვაგონმაშთან“ ხელშეკრულება გაგრძელდა (მერიის განმარტებით, ფინანსური ზარალის გარეშე ხელშეკრულების შეწყვეტა ვერ მოხერხდა). საბოლოო, აღნიშნული ხელშეკრულება შეწყდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მეტროს ვაგონების შესასყიდად ხელახალი ტენდერი რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა.
მეტროს ვაგონების შესყიდვა ერთადერთი პროექტი არ არის, რომელზეც ტენდერი რამდენჯერმე გამოცხადდა და დროში გაიწელა.
ჯერ კიდევ დავით ნარმანიას მერობის პერიოდში, 2016 წელს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტრო „ვარკეთილის“ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებზე ტენდერი (SPA160025748) გამოაცხადა. ტენდერის საწყისი ღირებულება 396 600 ლარი იყო. ტენდერში ერთმა პრეტენდენტმა - შპს „ყვარელრემმშენმა“ მიიღო მონაწილეობა. სამრაუნდიანი ვაჭრობის შემდეგ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და შპს „ყვარელრემმშენს“ შორის ხელშეკრულება 2016 წლის 30 ნოემბერს გაფორმდა.
ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება 347 852 ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები 220 კალენდარულ დღეში უნდა დასრულებულიყო. საბოლოოდ, მეტროსადგური მერიამ ისე ჩაიბარა, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხი შემოწმებული არ იყო. შესაბამისმა საექსპერტო კომპანიებმა - „რეალექსპერტმა“ და შპს „სამშენებლო საექსპერტო ბიურომ“, საექსპერტო დასკვნა ისე გასცეს, რომ სამუშაოების მხოლოდ მოცულობა შეამოწმეს და არა ხარისხი (დაწვრილებით იხილეთ სტატია). ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია „ყვარელრემმშენი“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წელს შავ სიაში ჰყავდა შეყვანილი.
შედეგად მივიღეთ ის, რომ 2018 წლის 30 იანვარს მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. პროკურატურამ ბრალი სამ პირს წაუყენა. მოგვიანებით, საქალაქო სასამართლომ სამივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 35-35 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.
შემდგომ 2019, 2020 წლებში მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის აუცილებელი საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის და არქიტექტურულ/დიზაინერული პროექტების შესყიდვა მიმდინარეობდა.
შემდგომი ტენდერი ვარკეთილის მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2022 წლის იანვარში გამოაცხადა (NAT220001038). სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 057 389 ლარი იყო. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მეტროსადგურის კაპიტალური სარემონტო სამუშაოების განხორციელება იყო დაგეგმილი, რაც როგორც ქვედა, ასევე ზედა ვესტიბიულის სრულ რეაბილიტაციას (ჭერი, კედლები, იატაკი, დახრილი გვირაბი და ა.შ.) გულისხმობდა. საბოლოოდ, ტენდერი არ შედგა.
2022 წლის მარტში სატრანსპორტო კომპანიამ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციაზე ხელახალი ტენდერი გამოაცხადა (NAT220005178), რომლის ერთადერთ მონაწილე კომპანია „მამისონთან“ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების ღირებულება 12.7 მლნ ლარი იყო და სამუშაოები 18 თვეში უნდა დასრულებულიყო. გასული წლის ნოემბერში კომპანია „მამისონს“ თბილისის მერიამ ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტა, რის მიზეზადაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლობა დასახელდა. მერიის განმარტებით, ხელშეკრულების დადებიდან 6 თვის გასვლის მიუხედავად, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულიც არ იყო და მოცემული გარემოებების გონივრული შეფასებით, ცხადი გახდა, რომ კომპანია ნაკისრ ვალდებულებებს განსაზღვრულ ვადაში ვერ შეასრულებდა.
ამის შემდგომ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2022 წლის ბოლოს გამარტივებული შესყიდვით ხელშეკრულება შპს „ბადა ქონსთრაქშეთან“ გააფორმა. ხელშეკრულების ღირებულება 13 398 611 ლარი იყო და კომპანიას მეტროსადგურ „ვარკეთილის რეაბილიტაცია 18 თვეში - მიმდინარე წლის ივნისში, უნდა დაესრულებინა. თუმცა ხელშეკრულებაში სხვადასხვა დროს ცხრა ცვლილება შევიდა, რომელთა მიხედვითაც, სამუშაოების მიმდინარეობისას გამოიკვეთა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოს მოცულობის კორექტირების და დამატებითი სამუშაოს შესრულების აუცილებლობა, რამაც ხელშეკრულების ვადის არაერთგზის ცვლილება განაპირობა. ამ ეტაპისთვის, მხარეებს შორის დადებული მეცხრე შეთანხმების მიხედვით, სამხარაულის ბიუროში კორექტირებული საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზა მიმდინარეობს, რომელიც 2 დეკემბერს უნდა დასრულდეს და, შესაბამისად, შპს „ბადა ქონსთრაქშენმა“ ხელშეკრულების ვადის 2 დეკემბრამდე გადაწევა მოითხოვა.
მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციას და სარემონტო სამუშაოებსაც შპს „ბადა ქონსტრაქშენი“ ახორციელებს.
თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროსადგურ „ავლაბრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები გამარტივებული შესყიდვის წესით, კომპანია „ბადა ქონსთრაქშენს“ 2022 წლის ივლისში დაუკვეთა. მანამდე, მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეკონსტრუქციის მცდელობა რამდენჯერმე უკვე იყო. ჯერ კიდევ 2017 წელს სადგურის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები „სსს კიევმეტრომშენის წარმომადგენლობა“-ს უნდა განეხორციელებინა, თუმცა პროექტი არასრულყოფილად იყო შედგენილი და აქედან გამომდინარე, სარემონტო სამუშაოები ვერ დასრულდა. შემდეგ საჭირო გახდა სრულყოფილი პროექტის მომზადება. ამ მიზნით, ელექტრონული ტენდერი არაერთხელ გამოცხადდა, რომელიც მონაწილეთა არ არსებობის გამო, ვერ შედგა. საბოლოოდ, 2020 წლის 17 ივლისს თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და შპს „ვეგა+“-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვით კომპანიას მეტროსადგურის ინტერიერ-ექსტერიერის დიზაინპროექტი უნდა მოემზადებინა, თუმცა 2021 წლის სექტემბერში ხელშეკრულების ვადა ისე დასრულდა, რომ კონტრაქტორმა ნაკისრი ვალდებულების შესრულება ვერ შეძლო. საბოლოოდ, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შპს „არტსტუდიო პროექტისგან“ იქნა შესყიდული.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2022 წლის ივლისში თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და „ბადა ქონსტრაქშენს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებში მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეკონსტრუქცია უნდა განხორციელებულიყო. ხელშეკრულების ღირებულება 4.2 მლნ ლარი იყო და სამუშაოები მშენებლობის მიღების ნებართვიდან 8 თვეში, 2023 წლის 15 ივლისამდე, უნდა დასრულებულიყო.
2023 წლის ივლისში შპს „ბადა ქონსთრაქშენმა“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას წერილით მიმართა და ხელშეკრულების ვადის 2024 წლის 15 მარტამდე გახანგრძლივება ითხოვა, რაც იმით დაასაბუთა, რომ სამშენებლო ნებართვის მიღება, რომლის შემდეგაც სარეკონსტრუქციო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო, 2022 წლის დეკემბრამდე გაჭიანურდა. გარდა ამისა, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში დამატებითი გარემოებები გამოვლინდა, რაც მანამდე პროექტით გათვალისწინებული არ იყო და აღნიშნულის გამო, საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა გახდა აუცილებელი, რამაც დამატებითი დრო მოითხოვა.
მიმდინარე წლის 15 მარტს, როდესაც წინა ცვლილების თანახმად სამუშაოები უნდა დასრულებულიყო, კომპანიამ ხელშეკრულების ვადის გადაწევა ისევ ითხოვა, ამჯერად 2024 წლის 26 დეკემბრამდე. ამ შემთხვევაშიც მიზეზი სამუშაოების მიმდინარეობისას გამოვლენილი გაუთვალისწინებელი გარემოებები გახდა, რამაც პროექტის კორექტირება განაპირობა.
დღევანდელი მოცემულობით, ორივე მეტროსადგურის რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, თუ მანამდე, სამუშაოების მსვლელობისას გაუთვალისწინებელი გარემოებები კიდევ არ გამოვლინდება. ჩვენ სამუშაოების მიმდინარეობას თვალს მივადევნებთ და მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით.
აქვე აღვნიშნავთ, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანია „ბადა ქონსთრაქშენის“ 100%-იანი წილის მფლობელი ბაჩანა ადამიაა, რომელიც „ქართული ოცნების“ შემწირველია. მას 2014 წელს პარტიისთვის 60 000 ლარი აქვს შეწირული.
დათქმული ვადის დარღვევით, დაგვიანებით გაიხსნა მეტროსადგური „გოცირიძეც“, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელიც 8 თვეში უნდა დასრულებულიყო, თითქმის სამი წელი მიმდინარეობდა (იხ.სტატია)
ამ კონკრეტულ პროექტებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ სახელმწიფო შესყიდვებში გარკვეული პრობლემები არსებობს. ტენდერებს ხშირად არაკომპეტენტური კომპანიები იგებენ, რომლებიც სამუშაოებს ვერ ან ხშირ შემთხვევაში უხარისხოდ ასრულებენ.
შენიშვნა: სტატიაზე მუშაობა დასრულებული გვქონდა, როცა ცნობილი გახდა, რომ მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქცია და სარეაბილიტაციო სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომიდან მიაწოდა.