„მთავარი, რაც კომისიის სხდომაზე გაირკვა ისაა, რომ მერიას ისე ჩაუბარებია მეტროს სადგური, რომ ხარისხი არ შეუმოწმებია“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
2018 წლის 30 იანვარს მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტრო „ვარკეთილის“ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებზე ტენდერი 2016 წლის 28 ოქტომბერს გამოაცხადა. ტენდერის საწყისი ღირებულება 396 600 ლარი იყო. ტენდერში ერთმა პრეტენდენტმა - შპს „ყვარელრემმშენმა“ მიიღო მონაწილეობა. სამრაუნდიანი ვაჭრობის შემდეგ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და შპს „ყვარელრემმშენს“ შორის ხელშეკრულება 2016 წლის 30 ნოემბერს გაფორმდა.ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება 347 852 ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები 220 კალენდარულ დღეში უნდა დასრულებულიყო.
ხელშეკრულებას თან ერთვის შპს „ყვარელრემმშენის“ მიერ ვარკეთილის მეტროში წარმოებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების ორი შუალედური და ერთი საბოლოო აქტი. კერძოდ, 2017 წლის 26 თებერვლის და 2017 წლის 6 ივლისის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დამაკმაყოფილებლად არის მიჩნეული (შპს "რეალექსპერტის" დასკვნა - ბმული 1; ბმული 2; ბმული 3). 29 ოქტომბრის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვითაც, „ყვარელრემმშენის“ მიერ მტროსადგურ „ვარკეთილში“ განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები (შპს „სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროს“საექსპერტო დასკვნის მიხედვით) დადებითად არის შეფასებული.
ფაქტ-მეტრი შპს „რეალექსპერტის“ საექსპერტო დასკვნასთან დაკავშირებით, შპს-ის დირექტორს მაია ნიკოლეიშვილს ესაუბრა. მისი განმარტებით, კომპანიამ ვარკეთილის მეტროში „ყვარელრემმშენის“ მიერ განხორციელებული სამუშაოები მხოლოდ ვიზუალურად შეამოწმა. „შესრულებული სამუშაოს მხოლოდ მოცულობა შემოწმდა და არა ხარისხი“, - აღნიშნა მან ჩვენთან საუბარში.
შპს „სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროშიც“ აღნიშნავენ, რომ ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარისხის შემოწმება არც მათ კომპანიას განუხორციელებია. ამ შემთხვევაშიც, მხოლოდ შესრულებული სამუშაოს მოცულობა შემოწმდა და არა ხარისხი.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და შპს „ყვარელრემმშენს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ზედმიწევნით არის გაწერილი მხარეთა უფლება-მოვალეობანი. კერძოდ, შემსყიდველი უფლებამოსილია სარემონტო სამუშაოების შესრულების ნებისმიერ მომენტში შეამოწმოს გამოყენებული მასალების და სამუშაოს შესრულების ხარისხი და სამუშაოს ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობა. თუ ხარისხი არ აღმოჩდა სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისი, შემსყიდველი უფლებამოსილია შეაჩეროს სამუშაოების წარმოება და აკრძალოს შეუსაბამო მასალების გამოყენება.
აღნიშნულის მიუხედავად, „ყვარელრემმშენის“ მიერ ვარკეთილის მეტროში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების არც შუალედურ და არც საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტს ხარისხის შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ ახლავს.
14 თებერვალს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისი მერმა მეტროსადგურ „ვარკეთილში“ განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გამოვლენილ ხარვეზებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა:„საპროექტო სამუშაოების მიღება-ჩაბარება ტექნიკური ექსპერტიზის გარეშე განხორციელდა. ვიცით, რომ ამ მიმართულებით დაწყებულია გამოძიება და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“.
მან ასევე დასძინა,რომ ინფრასტრუქტურული პროექტების შესწავლამ აჩვენა, რომ არსებული სისტემა და მექანიზმი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების ხარისხს და ამიერიდან, არც ერთ საპროექტო დოკუმენტაციას არ მიეცემა მსვლელობა, ვიდრე არ განხორციელდება ამ დოკუმენტაციის ტექნიკური და ხარისხობრივი ექსპერტიზა.
დასკვნამეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების შეფასება ორმა საექსპერტო კომპანიამ „რეალექსპერტმა“ და „სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომ“ განახორციელა. თუმცა, მათ მხოლოდ შესრულებული სამუშაოს მოცულობის ექსპერტიზა განახორციელეს და არა შესრულებული სამუშაოს ხარისხის.
თბილისის მერი აცხადებს, რომ სამომავლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება ტექნიკურ და ხარისხობრივ ექსპერტიზას მიექცევა. რა თქმა უნდა, მისასალმებელია მერიის მხრიდან ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხზე ყურადღების გამახვილება, თუმცა, სასურველი იქნება სათანადო დასკვნები, სამომავლოდ მაინც, ჭერის თავზე ჩამოქცევამდე გამოვიტანოთ.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი გაბაშვილის განცხადება არის სიმართლე.