შალვა პაპუაშვილი: [მარკერის კვალზე] ამ საკითხზე საერთოდ არაფერი არ აქვს ნათქვამი ეუთო/ოდირს თავის დასკვნაში
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა პაპუაშვილი განცხადება არის ტყუილი.
31 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა - „ [მარკერის კვალზე ბიულეტენის უკანა მხარეს] ამ საკითხზე საერთოდ არაფერი არ აქვს ნათქვამი ეუთო/ოდირს თავის დასკვნაში“.
„ფაქტ-მეტრმა“ შალვა პაპუაშვილი განცხადება გადაამოწმა.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მედიისა და ამომრჩევლების მიერ გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს ხმის ფარულობის პრინციპი დაირღვა.
ბიულეტენზე საარჩევნო სუბიექტების განლაგების გათვალისწინებით, ადვილად მისახვედრი იყო, თუ როგორი არჩევანი გააკეთა ამომრჩეველმა. კერძოდ, თუ ბიულეტენის უკანა მხარეს გაფერადების კვალი ბიულეტენის ზედა ნახევარში იქნებოდა, დადასტურებით შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ამომრჩეველმა ოპოზიციური პარტია აირჩია. თუ ამომრჩეველი არჩევანს, მაგალითად, პირველ ათ სუბიექტს შორის გააკეთებდა, ბიულეტენის უკან არსებული კვალით მარტივად იყო იდენტიფიცირებადი (დადასტურებულად), რომ ამომრჩეველს ხმა სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ არ დაუფიქსირებია. ამგვარი იდენტიფიცირების შესაძლებლობა კი ხმის ფარულობას არღვევს.
უფრო ვრცლად იმის შესახებ დაირღვა, თუ - არა ხმის ფარულობა 26 ოქტომბრის არჩევნებში - იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.
შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ამ საკითხზე ეუთო/ოდირს წინასწარი მიგნებებისა და დაკვირვების შესახებ ანგარიშში არაფერი უთქვამს. რეალურად, ეუთო/ოდირის ანგარიშში წერია, რომ ხმის ფარულობის კომპრომეტირება, მათ შორის, ბიულეტენზე გაკეთებული მონიშვნის უკანა მხრიდან დანახვის შესაძლებლობითაც გამოიხატა:
„დაკვირვების შემთხვევების 24%-ში ხმის ფარულობა პოტენციურად დარღვეული იყო ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის საარჩევნო ყუთში მოთავსების წესის ან 7 %-ში საარჩევნო უბნის დაგეგმარებასთან ან მოწყობასთან დაკავშირებული ხარვეზების გამო. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების ან დამკვირვებლების ხმის დამთვლელი მოწყობილობებისა და კენჭისყრის კაბინების სიახლოვეს დგომას (16%), მოქალაქეთა სიჭარბეს (16%), ჩარჩო კონვერტის არასწორ გამოყენებას (9%), არასწორ განლაგებას (8%) და საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული მონიშვნის უკანა მხრიდან დანახვის შესაძლებლობას (6%) მიაწერეს“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
ამრიგად, 27 ოქტომბრის ეუთო/ოდირის წინასწარ ანგარიშში, ბიულეტენის მეორე მხარეს მარკირების კვალის არსებობა განხილულია, როგორც ხმის ფარულობის დარღვევა. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, შალვა პაპუაშვილის განცხადება, თითქოს ეუთო/ოდირს არაფერი აქვს ნათქვამი ბიულეტენის მეორე მხარეს მარკერის კვალზე, რითაც დაირღვა ხმის ფარულობა, არის ტყუილი.