მიმდინარე წლის 16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის განმახორციელებელ ორივე კონტრაქტორ კომპანიას - „ერ ტე დე“-ს და „მილენიუმ ბილდერ გრუპ“-ს, რომელიც ერთდროულად ორი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებდა, ხელშეკრულება შეუწყვიტა. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი არაჯეროვნად განხორციელებული სამუშაო იყო.
გარდა წერეთლის გამზირისა, როგორც აღმოჩნდა, კომპანიამ არაჯეროვნად კიდევ სამი საგზაო პროექტის სამშენებლო სამუშაოები შეასრულა.
შპს „ერ ტე დემ“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2021 წლის ივლისში გამოცხადებულ ტენდერში (NAT210012014), რომელიც შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზის კმ15-კმ30 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გულისხმობდა, გაიმარჯვა. ტენდერში მონაწილეობას 8 კომპანია იღებდა, მაგრამ სხვა კომპანიების დისკვალიფიკაციის ხარჯზე, საბოლოოდ, გამარჯვებულად კომპანია „ერ ტე დე“ გამოცხადდა. კომპანიასთან 8 699 999 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2021 წლის ნოემბერში გაფორმდა და 16 თვეში უნდა დასრულებულიყო. ხელშეკრულებაში სულ 11 ცვლილება შევიდა. ცვლილებების მიხედვით, სამუშაოების დასრულების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა და საბოლოო ცვლილებით, 2024 წლის 15 ივნისამდე გახანგრძლივდა ( თავდაპირველი ვადა 2023 წლის 13 ივნისი იყო). ამ ეტაპისთვის, კომპანიისთვის გადახდილი თანხა 5.7 მლნ ლარია (მთლიანი ღირებულების 65%), შესრულების ვადა 166 დღით არის დარღვეული, ხოლო ხელშეკრულება ჯერჯერობით შეწყვეტილი არ არის და მიმდინარეა. აღნიშნული ტენდერის გამო, დამკვეთის - საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, კომპანია შავ სიაში იქნა შეყვანილი.
მეორე ტენდერი ( NAT220006258), რომელიც კომპანია „ერ ტე დემ“ ასევე ვერ დაასრულა, ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ13-კმ17 და კმ24-კმ25 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ითვალისწინებდა. საავტომობილო დეპარტამენტსა და კომპანიას შორის ხელშეკრულება 2022 წლის 30 მაისს გაფორმდა, მისი ღირებულება 9 699 999 ლარი იყო და სამუშაოები წერილობითი დავალების გაცემიდან 8 თვეში უნდა დასრულებულიყო. ხელშეკრულებაში 10 შეცდომის გასწორება და 13 ცვლილება შევიდა. ცვლილებები სამუშაოების გეგმ-გრაფიკის და ხელშეკრულების დასრულების ვადის გახანგრძლივებას გულისხმობდა. თავდაპირველი დასრულების თარიღი (2023 წლის მაისი) რამდენჯერმე შეიცვალა და საბოლოო, მე-13 ცვლილებით, 2024 წელს 15 ივნისამდე გადაიწია. დღევანდელი მოცემულობით, ხელშეკრულება მიმდინარეა, თუმცა ხელშეკრულების მოქმედების ვადას 166 დღე აქვს გადაცილებული. კომპანიისთვის გადახდილია 6 660 669 ლარი, რაც მთლიანი ღირებულების 69%-ია. ამ შემთხვევაშიც, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კომპანიის შავ სიაში შეყვანა მოითხოვა.
მესამე საგზაო პროექტი, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც ასევე კომპანია „ერ ტე დე“ ახორციელებდა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დიდი დმანისი-დმანისი-გომარეთი-ბედიანის კმ1-კმ15 მონაკვეთს მოიცავდა. აღნიშნულ გზაზე ტენდერი (NAT220024810) 2022 წლის 25 ნოემბერს გამოცხადდა. კომპანიასთან 14 699 999 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2023 წლის 22 თებერვალს გაფორმდა. ხელშეკრულებაში სულ სამი ცვლილება შევიდა და სამუშაოების შესრულების ვადა 2024 წლის 31 ივლისამდე გახანგრძლივდა. 28 ნოემბრის მდგომარეობით, ხელშეკრულების ვადას 122 დღე არის გადაცილებული. ამ ეტაპისთვის, კომპანიისთვის 2 372 357 ლარია გადახდილი, რაც ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 16%-ია. აღნიშნული ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის კომპანია ასევე შევიდა შავ სიაში.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „ერ ტე დე“ შავ სიაში შეყვანის ამ სამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და როგორც განკარგულებებიდან ირკვევა, აღნიშნულის თაობაზე სასამართლოს მიმართეს.
კომპანია „ერ ტე დეს“ კიდევ ერთი მიმდინარე პროექტი აქვს, კერძოდ, იგოეთი -კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ 9-კმ20 სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელზეც ტენდერი (NAT230022389) 2023 წლის 9 ნოემბერს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 10 დეკემბერს დაიწყო და 15 დეკემბერს დამთავრდა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 16 772 758 ლარი იყო. ტენდერს სამი პრეტენდენტი ჰყავდა: შპს „ცეკური“, შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო#1“ და შპს „ერ ტე დე“. საბოლოოდ, მიმდინარე წლის 18 იანვარს კომპანია „ერ ტე დეს“-თან 14 899 999-ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის დასრულების ვადა ერთი წლით განისაზღვრა. უკვე 24 იანვარს ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა. ცვლილებაზე მითითებულია, რომ შეცდომის გასწორებაა. აღნიშნულის გარდა ხელშეკრულებაში კიდევ ორი ცვლილება შევიდა. პირველი ცვლილებით, ხელშეკრულების ვადა 2025 წლის 1 ივლისამდე გაგრძელდა. მეორე ცვლილება სამუშაოების გეგმა-გრაფიკს შეეხებოდა.
განხილულ ხელშეკრულებაში უცნაური არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, შპს „ერ ტე დეს“ მიმდინარე წლის 16 იანვარს თბილისის მერმა კახი კალაძემ, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის უხარისხოდ და დაგვიანებით განხორციელების გამო, ხელშეკრულება შეუწყვიტა. კომპანია რომ მასზე დაკისრებულ ვალდებულებას არაჯეროვნად ასრულებდა, ხელშეკრულების შეწყვეტამდეც ცხადი იყო. მიუხედავად ამისა, მერიის მიერ „დაწუნებულ“ კომპანიასთან ამჯერად უკვე საავტომობილო გზების დეპარტამენტმა იმავე წლის 18 იანვარს 15-მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის მიხედვით, კომპანია „ერ ტე დე“ 2013 წელს დაფუძნდა. კომპანიის ამჟამინდელი მესაკუთრე და დირექტორი ლუხუმ ქართლოსიშვილია, დამფუძნებელი კი ლაშა ქართლოსიშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“. კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას 2015 წლის სექტემბრიდან იღებს.
პირველი ტენდერი „ერ ტე დემ“ მას შემდეგ მოიგო, რაც მფლობელი ლუხუმ ქართლოსიშვილი გახდა. პირველი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში ქართლოსიშვილმა „ოცნებას“ 25 000 ლარი შესწირა.
შავი სიის წარმოების წესისა და პირობების მიხედვით, შავ სიაში რეგისტრაციის ერთ-ერთი საფუძველია, როცა მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. იმავდროულად, აუცილებელია, რომ ხელშეკრულების ვადა იყოს გასული ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე იყოს შეწყვეტილი. შავ სიაში დარეგისტრირებულ პრეტენდენტს/ მიმწოდებელს სიაში რეგისტრაციიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებში და დადოს ხელშეკრულება.
როგორც გაირკვა, არაჯეროვნად შესრულებული სამუშოების გამო, შპს „ერ ტე დე“ შავ სიაში ოთხჯერ დარეგისტრირდა - ერთი, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის, დანარჩენი სამი კი სტატიაში განხილული პროექტების გამო.