სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მედიისა და ამომრჩევლების მიერ გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს ხმის ფარულობის პრინციპი დაირღვა. მათი თქმით, არსებობს ამის დამადასტურებელი შესაბამისი ფოტო და ვიდეომტკიცებულებები (იხილეთ ხმის ფარულობის დარღვევის ამსახველი ვიდეომასალა).
ხმის ფარულობის დარღვევა საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის დარღვევასაც ნიშნავს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, არჩევნები ფარული კენჭისყრით ტარდება. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა არჩევნების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია.
გავრცელებული ინფორმაციით, საარჩევნო სუბიექტის გასწვრივ მდებარე მარკერით გაფერადებული წრე მკაფიოდ ჩანდა ბიულეტენის მეორე მხარეს და ხმის მთვლელ მანქანაში მისი შეცურებისას, ამომრჩევლის ნება ინდენტიფიცირებადი იყო (იხილეთ ვიდეომტკიცებულება).
ბიულეტენზე საარჩევნო სუბიექტების განლაგების გათვალისწინებით, ადვილად მისახვედრი იყო, თუ როგორი არჩევანი გააკეთა ამომრჩეველმა. კერძოდ, თუ ბიულეტენის უკანა მხარეს გაფერადების კვალი ბიულეტენის ზედა ნახევარში იქნებოდა, დადასტურებით შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ამომრჩეველმა ოპოზიციური პარტია აირჩია. ამას ემატებოდა ისიც, რომ ყუთთან მდგომი კომისიის წევრი ბიულეტენს, ამომრჩევლის ნაცვლად, ხშირად თავად ათავსებდა აპარატში. ასევე, უბნების დიდ ნაწილში „ქართული ოცნების“ კამერები იყო დამონტაჟებული და, უმეტეს შემთხვევაში, პირდაპირ უყურებდა ხმის მთვლელ აპარატს (იხილეთ ვიდეომტკიცებულება). აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კენჭისყრის დღის განმავლობაში, მოქალაქეები თავად ავრცელებდნენ იმ ფაქტს, რომ მარკერის კვალი ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ კენჭისყრის დღის შეფასებაში ერთ-ერთ მთავარ საკითხად ხმის ფარულობის დარღვევას და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებას ასახელებს, მათ შორის, ხმის ფარულობის ისეთ დარღვევებსაც აფიქსირებს, როგორებიცაა ამომრჩევლისთვის კაბინაში შეყოლა, ფოტო/ვიდეოგადაღება და ა.შ. „საიას მიერ აღრიცხულ უბანთა უმრავლესობაში „ქართული ოცნების” მიერ დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, რომლებიც, ზოგ შემთხვევაში, რეგისტრატორის მაგიდებსა და ვერიფიკაციის აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი, ხმის მიცემის კაბინებსა და ძირითადად, საარჩევნო ყუთს უყურებდა. ბიულეტენების ხარისხი ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ მის უკანა მხარეს [მარკერს] არ დაეტოვებინა გაფერადებული წრის კვალი. ამ ორი მოცემულობის თანხვედრა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მაღალ რისკებს ადასტურებს. ასევე, ფიქსირდებოდა ფარულობის დარღვევის სხვადასხვა ეპიზოდი, მათ შორის, ხმის მიცემა არაუფლებამოსილ თანმხლებ პირთან ერთად“, - ვკითხულობთ „საიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„საია“, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო, ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული ყველა უბნის (2263 უბანი) შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს. მათი განცხადებით, „კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას“.
საიას ინფორმაციით, „არჩევნების დღეს ხმის ფარულობის დარღვევის რისკები საიამ არჩევნებამდე ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე აღმოაჩინა და მიმართა კიდეც ცესკოს, რომ მას პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ზომები მიეღო. 2024 წლის 28 სექტემბრის წერილით (№01-01/1607), საიას ეცნობა, რომ ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე გამოყენებული საარჩევნო ბიულეტენი იყო სატესტო ვერსია, ხოლო კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი იქნებოდა განსხვავებული, რაც უზრუნველყოფდა ფარულობის დაცვას. თუმცა, ეს პირობა ვერ შესრულდა“.
ამავე საკითხზე კომუნიკაცია ცესკოს წარმომადგენლებთან „ფაქტ-მეტრსაც“ ჰქონდა. არჩევნებამდე პერიოდში, ცესკოს მიერ საილუსტრაციოდ გამოყენებულ ბიულეტენებზე მკაფიოდ ჩანდა, რომ გაფერადებისას მარკერის კვალი ბიულეტენის უკანა მხარეს გადადიოდა. 18 ივლისს, ცესკომ „ფაქტ-მეტრს“ საარჩევნო ტექნოლოგიები გააცნო, სადაც ცესკოს წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ეს მხოლოდ საცდელი ბიულეტენი იყო და არჩევნებისთვის დაიბეჭდებოდა უფრო მაღალი ხარისხის ბიულეტენები, რომლებზეც მარკერის კვალი მეორე მხარეს აღარ გამოჩნდებოდა [1].
ხმის ფარულობის საკითხს 30 ოქტომბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე გამოეხმაურა. მისი განმარტებით, „ბიულეტენები დაიბეჭდა მაღალი გრამაჟის ოფსეტურ ქაღალდზე, რომელიც გაცილებით სქელია, ვიდრე იყო 2021 წლის არჩევნებზე კრწანისის ოლქში გამოყენებულ ბიულეტენზე“.
აღსანიშნავია, რომ გიორგი შარაბიძე თავის განმარტებაში ყურადღებას ბიულეტენის სისქეზე ამახვილებს. სინამდვილეში, ცესკოს პირობა არა ბიულეტენის ქაღალდის სისქეს, არამედ მის ხარისხს უკავშირდებოდა და გულისხმობდა, რომ მეორე მხარეს მარკერის კვალი არ უნდა გადასულიყო. საკითხს საკუთრივ ქაღალდის სისქე კი არ წარმოადგენდა, არამედ ის ფაქტი, რომ მეორე მხარეს მარკერის კვალი ჩანდა და ცესკოს პირობაც სწორედ ის იყო, რომ საარჩევნო დღეს განსხვავებული ხარისხის ბიულეტენები იქნებოდა, რაც ამ გზით ხმის ფარულობის დარღვევისგან დაგვიცავდა. (იხილეთ ვიდეო, სადაც ბიულეტენების უკანა მხარეს გაფერადების კვალი ნათლად ჩანს).
ამის შემდეგ, გიორგი შარაბიძემ ყურადღება გადაიტანა ჩარჩოკონვერტზე. მისი განცხადებით: „ცესკოს მიერ სპეციალური ჩარჩოკონვერტი დამზადებული იყო იმგვარი სისქის ქაღალდისგან, რომელშიც, ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში, სრულად იყო დაცული ფარულობა.“ ის, რომ მხოლოდ ჩარჩოკონვერტი სრულად ვერ უზრუნველყოფდა ხმის ფარულობას, ცესკოს მიერ „საიასთვის“ გაგზავნილი ზემოხსენებული წერილითაც დასტურდება, სადაც ცესკოს თავმჯდომარე ყურადღებას ამახვილებს ბიულეტენის ქაღალდის ხარისხის გაუმჯობესებაზე, რამაც უნდა უზრუნველყოს ხმის ფარულობის დაცვა.
ჩვენს მიერ არჩევნებამდე გავრცელებულ სასწავლო ვიდეოში, რომელიც ცესკოშია გადაღებული, მიუხედავად იმისა, რომ ბიულეტენი ჩარჩოკონვერტშია მოთავსებული, შეცურების მომენტში ნათლად ჩანს მარკერის კვალი ბიულეტენის უკანა მხარეს. ეს ხდება იმის მიუხედავად, რომ ბიულეტენს ხმის მთვლელ აპარატში ცესკოს წარმომადგენლის უშუალო ზედამხედველობით ვათავსებთ და ამ პროცესში რაიმე შენიშვნას ცესკოს წარმომადგენლის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ეს კი ბუნებრივია, ვინაიდან ცესკოს წარმომადგენლების განცხადებები და მოლოდინიც ის იყო, რომ უშუალოდ საარჩევნო დღეს კენჭისყრის პროცესში გამოყენებული ბიულეტენების მეორე მხარეს მარკერის კვალი არ იქნებოდა და შესაბამისად, ხმის ფარულობა მხოლოდ ჩარჩოკონვერტით არ იქნებოდა დაცული. ამავე შეხვედრაზე, ცესკოს წარმომადგენლებმა კვლავ დაადასტურეს, რომ ეს მხოლოდ საცდელი ბიულეტენი იყო და არჩევნებზე ბიულეტენებისთვის სხვა ხარისხის ქაღალდი იქნებოდა გამოყენებული, სადაც მარკერის კვალი უკანა მხარეს არ გამოჩნდებოდა.
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე თავადაც ადასტურებს, რომ მარკერის კვალი ჩანდა ბიულეტენების უკანა მხარეს, თუმცა ამაში პრობლემას ვერ ხედავს. „გავრცელებული ინფორმაციებიდან ჩანს, ბიულეტენის უკანა მხარეს თითქოს არის რაღაც ნაჟონი, რომლის მიხედვითაც, ხაზგასმით შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელია გარკვეულად და ცხადად დადგინდეს, თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა“,- განაცხადა გიორგი შარაბიძემ.
30 ოქტომბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ასევე ადასტურებს, რომ მარკერის კვალი ჩანდა, თუმცა ხმის ფარულობა არ დარღვეულა. „არავინ უარყოფს, რომ ჩანდა, მათ შორის, კენჭისყრის დღეს კომისიებმა ეს ყველაფერი ნახეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს არჩევანი არის ხელმისაწვდომი“.
27 ოქტომბრის ეუთო/ოდირის წინასწარი ანგარიშის მიხედვით კი, ბიულეტენის მეორე მხარეს მონიშვნების კვალის არსებობა ნამდვილად ხმის ფარულობის კომპრომეტირებაზე მიუთითებს. [2]
„ფაქტ-მეტრმა“ შესაბამისი კითხვებით მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. სრული კითხვა-პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
შეჯამებისთვის უნდა ითქვას, ცესკოს წარმომადგენლები ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალის დაფიქსირებას, მათ შორის, „ფაქტ-მეტრის“ ოფისში სტუმრობისას, სატესტო ბიულეტენებით ხსნიდნენ და აცხადებდნენ, რომ უშუალოდ არჩევნებზე ეს არ მოხდებოდა.
ამასთან, სიმართლეს არ შეესაბამება ის, რომ ვინაიდან ბიულეტენის უკანა მხარეს საარჩევნო სუბიექტის მონაცემები და რიგითი ნომრები არ ჩანდა, მხოლოდ მარკერის კვალით ხმის ფარულობა ვერ დაირღვეოდა. სინამდვილეში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თუ ამომრჩეველი არჩევანს, მაგალითად, პირველ ათ სუბიექტს შორის გააკეთებდა, ბიულეტენის უკან არსებული კვალით მარტივად იქნებოდა იდენტიფიცირებადი (დადასტურებულად), რომ ამომრჩეველს ხმა სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ არ დაუფიქსირებია. ამგვარი იდენტიფიცირების შესაძლებლობა კი ხმის ფარულობას არღვევს.
დამატებით აღვნიშნავთ, რომ „ფაქტ-მეტრი“ საკითხზე, რამდენად შეესაბამებოდა სტანდარტებს ქაღალდის სისქე, დისკუსიაში არ შედის. ცესკოსთან მრავალი კომუნიკაციის შემდეგ, მათ შორის, ერთ-ერთი ასეთი კომუნიკაციის ჩანაწერით, ცხადი ხდება, რომ დაპირება ქაღალდის სისქის შესახებ იმ კონტექსტში გაიცა, რომ პრობლემას ბიულეტენის უკანა მხარეს გამოჟონილი ლაქა წარმოადგენდა, რაც ხმის იდენტიფიცირების შესაძლებლობას ქმნიდა. შესაბამისად, ქაღალდის სისქის გაზრდა თავისთავად მიზანს კი არ წარმოადგენდა, არამედ მას ამგვარი „ნაჟონის“ წარმოქმნა უნდა გაეხადა შეუძლებელი.
ფაქტია, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე არ იყო ისეთი ხარისხის ბიულეტენები, რომლებზეც მეორე მხარეს არ გამოჩდებოდა მარკერით გაფერადებული წრის კვალი.
[1] კითხვა: ამ დროს რომ ვიღაც უყურებს, თეორიულად შეიძლება დაიმახსოვროს ბიულეტენის ჩამონათვალში რომელი რომელ ადგილას არის და მეორე მხრიდან გამოჩნდეს.
პასუხი: ეს არის სატესტო ბიულეტენი და იქ არ გამოჩნდება. ცარციანობა გაიზრდება.
იხილეთ ვიდეო
[2] ეუთო/ოდირის მისია, წინასწარი ანგარიში, გვ.20. ხელმისაწვდომია:https://www.osce.org/odihr/elections/georgia/579346
ფოტო: ტელეკომპანია "ფორმულა"