დაბა ჩაქვსა და ბათუმში რაგბის სტადიონები აშენდება

თორნიკე რიჟვაძე: დაბა ჩაქვსა და ბათუმში რაგბის სტადიონები აშენდება.

ვერდიქტი: 2024 წლის 24 დეკემბრის მდგომარეობით, დაპირება არ შესრულდა.

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ 2021 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ აჭარაში, მათ შორის, ბათუმსა და ჩაქვში, რაგბის სტადიონები აშენდებოდა. არსებული მდგომარეობით, ბათუმში მშენებლობა არც დაწყებულა.

„საქართველოში სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარების უპრეცედენტო პროექტი აჭარიდან იწყება.


რაგბის სტადიონების მშენებლობა განხორციელდება: დაბა ჩაქვში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში, ბათუმში (ბენზეს დასახლებაში და გონიოში), ქედისა და ქობულეთის ცენტრებში“, - აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის, FB-გვერდზე აღნიშნული განცხადება ჯერ კიდევ 2021 წლის 15 სექტემბერს გამოქვეყნდა. „ფაქტ-მეტრმა“ მოიკვლია, დაპირებიდან სამი წლის შემდეგ, რა ეტაპზეა რაგბის სტადიონების მშენებლობა ბათუმსა და ჩაქვში. ჩვენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტაცია შევისწავლეთ. აღმოჩნდა, რომ ბათუმში რაგბის სტადიონის მშენებლობა არც დაწყებულა, ხოლო ჩაქვში სტადიონის მშენებლობის ვადა ათი თვით გახანგრძლივდა.

შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ (აჭარის ა/რ საკუთრება), ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, 15 058 კვ.. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (/ 20.48.01.137) ხელოვნურსაფარიანი რაგბის მოედნის მოწყობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, ხელშეკრულება ამხანაგობა „ინჟარქიტექტთან“ ჯერ კიდევ 2021 წლის 18 აგვისტოს გააფორმა. ნაკისრი ვალდებულების თანახმად, პირველი ეტაპი ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ თვეს მოიცავდა და ითვალისწინებდა ტერიტორიის შესწავლას, ტოპოგრაფიულ, საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევებს, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების პროექტის მომზადებას და სხვა. მეორე ეტაპი უკვე პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას გულისხმობდა. მესამე ეტაპზე კი მიმწოდებელს მშენებლობაზე ზედამხედველობის განხორციელების ვალდებულება ეკისრებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ „ინჟარქიტექტს“ ყველაფერი დეტალურად უნდა შეესწავლა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ისე მოემზადებინა, მშენებლობის დროს პროექტში გარკვეული ცვლილებების შეტანის აუცილებლობა დღის წესრიგში მაინც დადგა. კერძოდ, „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“, რაგბის სტადიონი მშენებლობის მიზნით, ტენდერი 2022 წლის მაისში გამოაცხადა. ტენდერში მონაწილე ერთადერთ კომპანია შპს „გლობალ სტანდარტმშენთან“ 4 310 553 ლარის ღირებულების ხელშეკრულება იმავე წლის სექტემბერში გაფორმდა. სამუშაოები კი ხელშეკრულების გაფორმებიდან თხუთმეტ თვეში ანუ 2023 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. სახელშეკრულებო პირობები პირველად 2023 წლის სექტემბერში შეიცვალა, როცა მხარეები შეთანხმდნენ, რომ სახელშეკრულებო ვადა ხუთი თვით გახანგრძლივდებოდა. შეთანხმებაში ნათქვამია, რომ ცვლილების საფუძველია ამხანაგობა „ინჟარქიტექსის“ კორესპონდენცია, თუმცა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ეს წერილი ატვირთული არაა. მეორე ცვლილება მიმდინარე წლის 24 მაისით თარიღდება. ამჯერად აღნიშნულია, რომ შეთანხმება ეფუძნება შპს „გლობალ სტანდარტმშენის“, საქართველოს რაგბის კავშირის, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“, შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“, პროექტის ავტორის, ამხანაგობა „ინჟარქიტექტის“ და კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის კორესპონდენციებსა და მოხსენებით ბარათს. ჩვენ სააგენტოს გვერდზე ვერც ეს წერილები ვიხილეთ. თუმცა ფაქტია, რომ ცვლილებები პროექტსაც შეეხო, რაც დასტურდება საპროექტო დოკუმენტაციით. ამჯერად პროექტის დასრულების ვადა კიდევ ხუთი თვით გახანგრძლივდა და ჯამში, ოცდახუთი თვით განისაზღვრა. თუ გავიხსენებთ, რომ ხელშეკრულება 2022 წლის სექტემბერში გაფორმდა, ბოლო ცვლილების გათვალისწინებით, მშენებლობა დასრულებული უნდა იყოს. თუმცა ამ ეტაპზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი ჯერაც გაფორმებული არ არის. შემსყიდველს მიმწოდებლისთვის ანაზღაურებული აქვს მთლიანი ღირებულების 40% ანუ 1 715 155 ლარი. ასევე საინტერესოა, რომ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო საბანკო გარანტიის ვადა ბოლოს 2024 წლის ნოემბერში გაგრძელდა და 6 დეკემბრის ნაცვლად, 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

მეორე დაპირება ბათუმში რაგბის მოედნის მშენებლობას შეეხებოდა. ამჯერად შემსყიდველი იყო ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო, რომელმაც . ბათუმში რაგბის სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა (არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია) და ორი ახალი სტადიონის (დამხმარე ინფრასტრუქტურით) მშენებლობაზე 21 157 100 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა, თუმცა ხელშეკრულების გაფორმებამდე საქმე ვერ მივიდა. რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროექტი სამმართველომ GeorgianHouse-ისგან 2023 წლის დეკემბერში ჩაიბარა და 490 000 ლარი გადაუხადა. ერთი სტადიონის რეაბილიტაციასა და ორის მშენებლობაზე ტენდერი პირველად მიმდინარე წლის 4 აპრილს გამოცხადდა. რამდენიმე დღეში კი სატენდერო კომისია შეიკრიბა და ტენდერის შეწყვეტაზე შეთანხმდა. სხდომის ოქმში ნათქვამია, რომ სატენდერო დოკუმენტაციაში, დამატებითი განხილვის შედეგად, გარკვეული ხარვეზები აღმოაჩინეს, რის გამოც, საჭიროა მისი კორექტირება. ივლისში სამმართველომ შესყიდვა მეორედ გამოაცხადა, თუმცა ტენდერით არავინ დაინტერესდა და ამდენად, ის არ შედგა.

ამდენად, 2024 წლის 24 დეკემბრის მდგომარეობით, ჩაქვში რაგბის სტადიონის მშენებლობა საბოლოოდ დასრულებული არაა, ხოლო ბათუმში სამი სტადიონის (ერთის რეაბილიტაციისა და ორის მშენებლობის) სამშენებლო სამუშაოები არც დაწყებულა. ამ ეტაპზე, სამმართველოს ახალი ტენდერი გამოცხადებული არ აქვს. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში კი, ამ მიზნით გათვალისწინებულია უკვე არა 4 974 600 ლარი, როგორც ეს 2024 წლის ბიუჯეტში იყო, არამედ 2 400 000 ლარი, რაც ერთი სტადიონის მშენებლობას დასჭირდება. დამატებით ინფორმაციაში კი მითითებულია, რომ ქ. ბათუმში, რაგბის სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები (არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და 2 ახალი სტადიონის და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობა) მრავალწლიანი პროექტია და სამუშაოების საერთო ბიუჯეტი (2024-2027 წწ.) 26 222 113 ლარს შეადგენს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ მიერ მოკვლეულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თორნიკე რიჟვაძის დაპირება არ შესრულდა.