სოციალურ ქსელში Facebook-ის მომხმარებელი Gvan Ca, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია, ბრიტანული The Guardian-ის სტატიის ფოტოანაბეჭდს ავრცელებს. პოსტის აღწერაში აღნიშნულია: „მსოფლიოს გამოქვაბულებში აბრუნებენ. კლიმატის ცვლილების მიზეზით დაწესებული აკრძალვები ელექტროენერგის გათიშვის გარანტია.გაციფრულებული მსოფლიო უცბად სიბნელეში აღმოჩნდება.არ იქნება ფული რადგან ფულსაც აციფრულებენ.მოკლედ სრულ ქაოსს გეგმავენ და იმედია ხალხი ამ ქაოსის შემქნელებს გადათელავს“. რეალურად, სტატია არც კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ შეზღუდვებსა და არც დაგეგმილ ელექტროენერგიის გათიშვას არ ეხება.

The Guardian-ის სტატია ბრიტანეთის ვიცე-პრემიერის, ოლივერ დოუდენის მიერ, 4 დეკემბერს მთავრობის ეროვნული რისკისა და მდგრადობის სტრატეგიის შესახებ თემთა პალატისთვის წარდგენილ განახლებას მიმოიხილავს. პარლამენტის წინაშე გამოსვლას, წინ უსწრებდა დოუდენის ვიზიტი Porton Down-ში, დიდი ბრიტანეთის სამხედრო ლაბორატორიაში, სადაც ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ იქმნებოდა „გაერთიანებული სამეფოს მედეგობის აკადემია“, რომელიც მოქალაქეებს რისკებთან გამკლავებაში დაეხმარება. ვიზიტი გაერთიანებული სამეფოს „მედეგობის ჩარჩოს“ ინიციირებიდან ერთი წლის თავზე შედგა. ვიცე-პრემიერმა ლაბორატორიაში შემდეგი განცხადება გააკეთა: „მსოფლიო შეიცვალა არაცნობიერად და ჩვენი საზოგადოება დიდად არის დამოკიდებული ჩვენს ციფრულ ინფრასტრუქტურაზე (..) მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ ჩვენ ვიყოთ მდგრადი ამ ციფრულ ეპოქაში“. დოუდენმა სწორედ „ციფრულ ინფრასტრუქტურაზე“ მზარდი დამოკიდებულების კონტექსტში აღნიშნა, რომ ოჯახებს უნდა ჰქონდეთ ისეთ მოწყობილობებიც, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე გამოიყენება. ამ კონტექსტში, მან ბატარეაზე მომუშავე რადიოები და ფარნები, ასევე სანთლები და პირველადი დახმარების საშუალებები ახსენა.

თემთა პალატის წინაშე წარდგენილი განახლება კი მოიცავს იმ ინსტრუქციას, რომელიც მოსახლეობას მომავალ წელს წარედგინება და მათ სხვადასხვა საგანგებო სიტუაციებთან გამკლავებაში დაეხმარება. ვიცე-პრემიერმა თემთა პალატის წინაშეც აღნიშნა, რომ იქმნებოდა „გაერთიანებული სამეფოს მედეგობის აკადემია“, რისკებთან გასამკლავებლად. რისკებში კი, ვიცე-პრემიერმა უკრაინაში რუსეთის შეჭრა, კიბერშეტევები, ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენება და ასევე ექსტრემალური ამინდი დაასახელა. აკადემიის ფარგლებში, ბიზნესებს ასეთ საფრთხეებთან გამკლავების ტრენინგს შესთავაზებენ. ამავდროულად, შეიქმნება ახალი ვებგვერდი, რომელიც საზოგადოებას ზემოჩამოთვლილ რისკებთან გამკლავების პრაქტიკულ რჩევებს მიაწვდის.

ამდენად, ბრიტანეთის ვიცე-პრემიერს კლიმატის ცვლილების მიზეზით ელექტროენერგიის გათიშვაზე არ უსაუბრია.

ცნობისთვის, ელექტროენერგიის წარმოებას გლობალური დათბობის პროცესში ყველაზე დიდი წილი აქვს. ბრიტანული ორგანიზაციის Ember-ის „გლობალური ელექტროენერგიის მიმოხილვის“ მიხედვით, 2021 წლის მონაცემებით, ენერგო სექტორში ნახშირბადის ემისიების მესამედი სწორედ ელექტროენერგიის წარმოებაზე მოდიოდა. ამის საპასუხოდ, განახლებადი ენერგიის გამოყენება მთავარ გამოწვევად სახელდება.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5669 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია