სოციალურ ქსელში ნონა შარაბიძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (იხილეთ ბმული 1, 2, 3, 4), წერს: „საუდის არაბეთი არ მიიღებს მონაწილეობას უკრაინის კონფერენციაში არალეგიტიმურ პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად შვეიცარიაში. რომელი „მშვიდობის სამიტი“. კიდევ ერთი ამერიკა-ზელენსკის მოწყობილი მასხარაობა, სადაც სავარაუდოდ, ფულს მოითხოვენ ყველა ქვეყნისგან!“. რეალურად, 15-16 ივნისს შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის სამიტს 80-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის საუდის არაბეთის, წარმომადგენელი ესწრებოდა. რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის ლეგიტიმაციას, მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის პრეზიდენტობის ვადა ამოიწურა, ომის მიმდინარეობის გამო, ახალი არჩევნები ვერ ტარდება და ზელენსკის კონსტიტუციით აქვს ლეგიტიმური უფლება, მომავალ არჩევნებამდე იყოს ქვეყნის პრეზიდენტი.

შვეიცარიაში გამართულ უკრაინის მშვიდობის სამიტში მონაწილეობა 80-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა, მათ შორის აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, გაერთიანებული სამეფოს, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და იაპონიის ლიდერები მიიღეს. სამიტს, რომელიც კიევის ინიციატივით გაიმართა, ესწრებოდა საუდის არაბეთის წარმომადგენელიც. აღსანიშნავია, რომ სამიტზე არ მიიწვიეს რუსეთის დელეგაცია, ხოლო ჩინეთმა უარი განაცხადა მონაწილეობაზე. უკრაინის პრეზიდენტის მიწვევით სამიტზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტიც.

სამიტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე უკრაინის პრეზიდენტი საუდის არაბეთში ჩავიდა და პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან შეხვედრა გამართა. მოგვიანებით, ზელენსკიმ X პლატფორმაზე დაწერა, რომ მხარეებს შორის საუბარი მშვიდობის სამიტის მზადებასა და მის მოსალოდნელ შედეგებს შეეხო. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა საუდის არაბეთის მადლიერია მხარდაჭერის გამო.

15-16 ივნისს სამიტის მონაწილეებმა განიხილეს ე.წ. სამშვიდობო ფორმულა, ხოლო დასასრულს, 78 ქვეყნის მიერ საბოლოო დოკუმენტს მოეწერა ხელი. კომუნიკე მოიცავს პუნქტებს, რომლებიც ეხება რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლასა და უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების უკრაინაში დაბრუნებას. ცნობისთვის, რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისარმა დაადასტურა, რომ უკრაინის ბავშვთა სახლებიდან სულ მცირე 2,000 ბავშვი წაიყვანეს.

საბოლოო კომუნიკესთან დაკავშირებით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ მშვიდობა მხოლოდ ერთი ნაბიჯით არ მიიღწევა. „ის [ვლადიმერ პუტინი] დაჟინებით ითხოვს კაპიტულაციას. ის დაჟინებით მოითხოვს უკრაინის ტერიტორიის დათმობას, თუნდაც ტერიტორიის, რომელიც დღეს მის მიერ არ არის ოკუპირებული, ის დაჟინებით მოითხოვს უკრაინის განიარაღებას, რაც უკრაინას დაუცველს ტოვებს მომავალი აგრესიისთვის. არც ერთი ქვეყანა არ მიიღებს ამ აღმაშფოთებელ პირობებს“.

აღსანიშნავია, რომ საბოლოო დოკუმენტს ხელი რამდენიმე ქვეყანამ არ მოაწერა, მათ შორისაა ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა, საუდის არაბეთი და სხვ. თავის შეკავებაზე საუბრისას, საუდის არაბეთის წარმომადგენელმა შეთანხმების განხორციელებისთვის რუსეთის მონაწილეობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის ლეგიტიმაციას, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 31 მარტს უნდა ჩატარებულიყო, ზელენსკის ინაუგურაციიდან მიმდინარე წლის 20 მაისს 5 წელი გავიდა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას ბევრი ფაქტორი უშლის ხელს. პირველ რიგში, უკრაინაში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი, დაახლოებით 1300 კილომეტრის სიგრძის ფრონტის ხაზზე. ასევე, ქვეყნის ქალაქებისა და რეგიონების უმეტესობა, ფრონტის ხაზიდან დაშორების მიუხედავად, მუდმივი სარაკეტო თავდასხმის ქვეშაა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ არჩევნებთან დაკავშირებით არსებობს სხვა უზარმაზარი პრაქტიკული დაბრკოლებებიც, განსაკუთრებით ის, რომ რუსეთის მიერ ქვეყნის მეხუთედი ოკუპირებულია და სულ მცირე შვიდი მილიონი უკრაინელი ომის გამო იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.

კიევის პოლიტიკური და სამართლებრივი რეფორმების ცენტრის იურისტის, ანდრეი მაგერას თქმით, ზელენსკი დარჩება ხელისუფლებაში ახალი პრეზიდენტის არჩევამდე: „ეს ნათლად წერია უკრაინის კონსტიტუციაში. პრეზიდენტი ავტომატურად არ კარგავს უფლებამოსილებას მისი ინაუგურაციიდან ხუთი წლის გასვლის შემდეგ. ეს უფლებამოსილება იხსნება მხოლოდ ახლად არჩეული პრეზიდენტის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ, ანუ არჩევნების შემდეგ“.

აღსანიშნავია, უკრაინის კონსტიტუციის 83-ე მუხლიც, რომლის მიხედვითაც, თუ უზენაეს რადას უფლებამოსილების ვადა საომარი მდგომარეობის მიმდინარეობისას ეწურება, ის ავტომატურად გაგრძელდება საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ ახალი რადას მოწვევამდე. ამავდროულად, უკრაინაში მოქმედი საომარი მდგომარეობის მე-19 მუხლი, მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ეროვნული არჩევნების ჩატარებას კრძალავს.

ამდენად, მტკიცება, რომ საუდის არაბეთმა უკრაინის მშვიდობის სამიტში უკრაინის არალეგიტიმურ პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობა არ მიიღო, მცდარია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5529 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი