სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „Nika Lashareli”, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია, წერს: „დემოკრატიის დროს არჩევნებზე მიდიხარ და შემდეგ ##### აღმოჩნდები, დიქტატურისას არჩევნებზე დროს არ კარგავ“. პოსტის ავტორი ციტატას ვოლოდიმირ ზელენსკის მიაწერს და მას „ვადაგასულს“ უწოდებს. რეალურად, ციტატა ყალბია, უკრაინის პრეზიდენტს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის პრეზიდენტობის ვადა ამოიწურა, ომის მიმდინარეობის გამო, ახალი არჩევნები ვერ ტარდება და ზელენსკის კონსტიტუციით აქვს ლეგიტიმური უფლება, იყოს ქვეყნის პრეზიდენტი მომავალ არჩევნებამდე.

პირველ რიგში, გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მსგავსი ციტატა არც ერთ საძიებო სისტემაში, სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდზე არ იძებნება და მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ ფეისბუქ პოსტშია მოცემული. რაც შეეხება, უკრაინის პრეზიდენტის ლეგიტიმურობას ვადის ამოწურვის შემდეგ, აღსანიშნავია, რომ რუსი პროპაგანდისტები სოციალურ ქსელებში ზელენსკის პრეზიდენტობას აქტიურად უწოდებენ „არალეგიტიმურს“ (აღნიშნულ თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 31 მარტს უნდა ჩატარებულიყო, ზელენსკის ინაუგურაციიდან მიმდინარე წლის 20 მაისს 5 წელი გავიდა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას ბევრი ფაქტორი უშლის ხელს. პირველ რიგში, უკრაინაში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი, დაახლოებით 1300 კილომეტრის სიგრძის ფრონტის ხაზზე. ასევე, ქვეყნის ქალაქებისა და რეგიონების უმეტესობა, ფრონტის ხაზიდან დაშორების მიუხედავად, მუდმივი სარაკეტო თავდასხმის ქვეშაა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ არჩევნებთან დაკავშირებით არსებობს სხვა უზარმაზარი პრაქტიკული დაბრკოლებებიც, განსაკუთრებით ის, რომ რუსეთის მიერ ქვეყნის მეხუთედი ოკუპირებულია და სულ მცირე შვიდი მილიონი უკრაინელი ომის გამო იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. შესაბამისად, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, უკრაინაში ამჟამად არჩევნების ჩატარება ფიზიკურად შეუძლებელია.

კიევის პოლიტიკური და სამართლებრივი რეფორმების ცენტრის იურისტის, ანდრეი მაგერას თქმით, ზელენსკი დარჩება ხელისუფლებაში ახალი პრეზიდენტის არჩევამდე: „ეს ნათლად წერია უკრაინის კონსტიტუციაში. პრეზიდენტი ავტომატურად არ კარგავს უფლებამოსილებას მისი ინაუგურაციიდან ხუთი წლის გასვლის შემდეგ. ეს უფლებამოსილება იხსნება მხოლოდ ახლად არჩეული პრეზიდენტის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ, ანუ არჩევნების შემდეგ“.

აღსანიშნავია, უკრაინის კონსტიტუციის 83-ე მუხლიც, რომლის მიხედვითაც, თუ უზენაეს რადას უფლებამოსილების ვადა საომარი მდგომარეობის მიმდინარეობისას ეწურება, ის ავტომატურად გაგრძელდება საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ ახალი რადას მოწვევამდე. ამავდროულად, უკრაინაში მოქმედი საომარი მდგომარეობის მე-19 მუხლი, მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ეროვნული არჩევნების ჩატარებას კრძალავს.

ამდენად, პოსტის ავტორის მიერ გავრცელებული ციტატა ყალბია. აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინის ახლანდელი პრეზიდენტის პოსტი, მიუხედავად ვადის ამოწურვისა, უკრაინის კონსტიტუციიდან გამომდინარე, ლეგიტიმურად ითვლება და არალეგიტიმური არ არის.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.