სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ხვიჩა კვარაცხელიას ფოტოს ავრცელებს მტკიცებით, რომ ფეხბურთელმა ნინო ლომჯარიასთან ერთად გადაღებული ფოტო დაარედაქტირა. რედაქტირებულ ფოტოში ყოფილი სახალხო დამცველის ნაცვლად UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის თასია გამოსახული. რეალურად, ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი ფოტო არ გამოუქვეყნებია.

2024 წლის 2 მაისს „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელმა და ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიასთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, აღწერით, „კვარა, გვითხარი „არა რუსულ კანონს“, თორემ ბუდუს სურათს ჩავაფოტოშოპებ. გვიყვარხარ და გვეიმედები“. ნინო ლომჯარია ფეხბურთელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას სთხოვდა.

სოციალურ ქსელში კი Facebook-მომხმარებლის მიერ ნინო ლომჯარიას პოსტის ფოტოანებეჭდთან ერთად, თითქოს, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ რედაქტირებული და გამოქვეყნებული სურათის ფოტოანაბეჭდიც ვრცელდება.

გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ რედაქტირებული ფოტო არც ერთ საძიებო სისტემაში, სანდო მედიასაშუალებების ან ოფიციალური წყაროების ვებგვერდებზე არ იძებნება. ფეხბურთელს არც ნინო ლომჯარიასთან გადაღებული ფოტო და არც მისი რედაქტირებული ვარიანტი არ გამოუქვეყნებია.

Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებულ ფოტოანაბეჭდებში ჩანს, რომ ნინო ლომჯარიას პოსტი 1 დღის წინ არის ატვირთული, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიასი - 34 წუთის წინ. შესაბამისად, ფეხბურთელს ფოტო 2 მაისის შემდეგ უნდა გამოექვეყნებინა. მან კი Facebook-პოსტი 17 აპრილის შემდეგ მხოლოდ 4 მაისს ატვირთა. 4 მაისის განცხადებაში იგი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და ქართველებს მხარდაჭერას უცხადებს.

ამდენად, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ფოტო და მისი თანმხლები ინფორმაცია ყალბია. მსგავსი შინაარსის პოსტები ე.წ „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე ადამიანების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.