სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად (არქივირებული პოსტის ბმული), ამერიკის ელჩმა, რობინ დანიგანმა, უკრაინა ომამდე მიიყვანა და „საქართველოშიც იმიტომ გადმოიყვანეს ელჩად, რომ მოაწყოს აქაც მეორე „მაედანი“. აღნიშნული ჩანაწერით ინფორმაციის გამავრცელებელი ქმნის წარმოდგენას, თითქოს 2013 წელს აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში რობინ დანიგანი იყო. რეალურად, რობინ ლ.დანიგანს უკრაინაში არასდროს უმსახურია.

რობინ ლ.დანიგანი, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოში თანამდებობის დაკავებამდე 2021 წლიდან აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ მსახურობდა. ბიუროს მუშაობის მიზანი ევრაზიასა და ევროპაში აშშ-ის ინტერესების გატარებაა ისეთ საკითხებში, როგორებიცაა: საერთაშორისო უსაფრთხოება, ნატო, ევროკავშირთან და სხვა რეგიონულ ორგანიზაციებთან კოორდინაცია, დემოკრატიის მხარდაჭერა, ადამიანის უფლებები, სამოქალაქო საზოგადოება, ეკონომიკური კეთილდღეობა, კონტრტერორიზმი.

ელჩი დანიგანი, მინისტრ-მრჩევლის რანგის კარიერული დიპლომატი, სახელმწიფო დეპარტამენტში 1992 წლიდან მსახურობს. ამ პერიოდის განმავლობაში იგი სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, მათ შორის, ელჩის მოვალეობის შემსრულებლისა და მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას აშშ-ის საელჩოში ავსტრიაში.

2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე მსახურობდა სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგორესურსების ბიუროში, მდივნის თანაშემწის მოადგილედ. ენერგეტიკული რესურსების ბიურო (ENR) ხელმძღვანელობს სახელმწიფო დეპარტამენტის ძალისხმევას, შეიმუშაოს და განახორციელოს საერთაშორისო ენერგეტიკული პოლიტიკა დიპლომატიური და პროგრამული ჩართულობის გზით, რომელიც ხელს უწყობს ემისიების შემცირებას, ამერიკის შეერთებული შტატების, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ეკონომიკურ კეთილდღეობას, ასევე, მდგრად, ხელმისაწვდომ და საიმედო ენერგიასთან წვდომას.

ვაშინგტონში მას ასევე ეკავა ენერგორესურსების ბიუროს ევროპის, დასავლეთ ნახევარსფეროსა და აფრიკის ოფისის დირექტორის თანამდებობა. აგრეთვე, მუშაობდა ახლო აღმოსავლეთის საქმეთა ბიუროში და სახელმწიფო მდივნის ოფისში. ელჩი დანიგანი ასევე მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში: ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში, თუმცა არა უკრაინაში.

მიუხედავად ელჩი რობინ ლ.დანიგანის მრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილებისა, მას უკრაინაში არათუ 2013 წელს სამოქალაქო საპროტესტო ტალღის დაწყებისას, არამედ ზოგადად, არასდროს უმსახურია. 2013-2014 წლებში აშშ-ის საგარეო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში ჯეფრი პაეტი გახლდათ.

მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს მსგავსი შინაარსის დეზინფორმაცია სომხეთის კონტექსტშიც გავრცელდა. დეზინფორმატორთა მტკიცებით, „ხავერდოვანი რევოლუციის“ დროს სომხეთში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი იყო. სინამდვილეში, რობინ დანიგანი, სომხეთში აშშ-ის ელჩი არასდროს ყოფილა. 2015 წლის თებერვლიდან - 2018 წლის ოქტომბრამდე აშშ-ის ელჩის პოზიციას სომხეთში რიჩარდ მილსი იკავებდა.

სინამდვილეში 2013 წელს უკრაინაში საზოგადოებრივი პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა 2013 წლის 21 ნოემბერს გამოაცხადა, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერდა და ამის ნაცვლად, გააღრმავებდა კავშირებს რუსეთთან. პროდემოკრატიული, პროევროპული დემონსტრაციებით კიევში, მაიდანის მოედანზე მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები რუსეთის ორბიტიდან უკრაინის გაყვანასა და ევროპულ დემოკრატიულ ოჯახთან „შეერთებას“ მოითხოვდნენ. დემონსტრაციები 2014 წელსაც გაგრძელდა, პროტესტის ზომა გაიზარდა და „ღირსების რევოლუციად“ გადაიქცა.

2014 წელს უკრაინის საპროტესტო მოძრაობისა და ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთი ცდილობდა გავლენა მოეხდინა საზოგადოებრივ აზრზე მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანიებით. ანტიდასავლური წყაროები ხშირად ამტკიცებენ, რომ უკრაინაში მაიდანი დასავლეთის მიერ „მოეწყო“.

მოსკოვის მტკიცების გასაძლიერებლად, რომ თითქოს, უკრაინული ოპოზიციური ძალების მანიპულირება ვაშინგტონის მიერ ხდებოდა, 2014 წლის თებერვალში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესა და უკრაინაში აშშ-ის ელჩს შორის გამართული საუბრის აუდიო ჩანაწერი გამოქვეყნდა. ვაშინგტონის მტკიცებით, ჩანაწერის გამოქვეყნებაში წვლილი რუსეთს მიუძღვოდა, რამდენადაც დიპლომატიური წყაროს თანახმად, აუდიო კლიპი პირველად „ტვიტერზე“ დიმიტრი ლოსკუტოვმა, რუსეთის ვიცე-პრემიერ დიმიტრი როგოზინის თანაშემწემ გამოაქვეყნა.

გამოქვეყნებული ჩანაწერი უკრაინაში გარდამავალი პოლიტიკური პროცესების შესახებ ამერიკელი ოფიციალური პირების შეხედულებებს გამოხატავდა. საუბრისას ვიქტორია ნულანდი აშშ-ს ელჩს ჯეფრი პაეტს უზიარებდა, რომ არ მიაჩნდა, ოპოზიციის მთავარი ლიდერი, ვიტალი კლიჩკო, პოლიტიკოსად ქცეული მოკრივე, ახალ მთავრობაში უნდა ყოფილიყო. მას ელჩიც ეთანხმებოდა. სამაგიეროდ, ნულანდის აზრით, ოპოზიციის მეორე ლიდერს, არსენი იაცენიუკს, საკმარისი სამეურნეო გამოცდილება ჰქონდა. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საუბრისას ასევე გამოთქვამდა წინადადებას აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ბაიდენის სატელეფონო ზარის ორგანიზების თაობაზე, რომელიც იანუკოვიჩზე ზეწოლას მოახდენდა.

მოგვიანებით საატელეფონო საუბრის ჩანაწერის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი განცხადებით (იხილეთ პრეს-ბრიფინგის სრული ჩანაწერი 11:50-დან), საიდუმლო არ არის, რომ ელჩი პაეტი და სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნულანდი მუშაობდნენ უკრაინის ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთან, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან და მათ ჰქონდათ დისკუსია და შეთავაზებები განვითარებულ მოვლენებზე. იგი ასევე დასძენდა, რომ უკრაინელების გადასაწყვეტია მათი მომავალი, მათი გზა და თანმიმდევრულია, რომ აშშ-ის წარმომადგენლები ამას ამბობენ საჯაროდ თუ პირად საუბრებში.

კრემლის პროპაგანდა უკვე წლებია, რაც „ფერადი რევოლუციების“ შესახებ შეთქმულების თეორიას ავრცელებს. კრემლისთვის რთულია იმის მიღება, რომ ყველა ინდივიდს უნდა ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლება და მთავრობა ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული უნდა იყოს. რუსეთი აშშ-ს ბრალს სდებს სახალხო პროტესტის გამოწვევასა და „ფერადი რევოლუციების“ დაგეგმვაში საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდოვაში, უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. თუ სახალხო მოძრაობა პროდემოკრატიული და რეფორმების მომხრეა და რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებში არ ჯდება, კრემლი ხშირად ეჭვქვეშ აყენებს მის ლეგიტიმურობას და ამტკიცებს, რომ მის უკან აშშ და ზოგადად, დასავლეთი დგას.

ამ უსაფუძვლო ბრალდებების სამიზნეები ასევე ხშირად ხდებიან ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ისევე როგორც დამოუკიდებელი მედია, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებსა და კორუფციას ააშკარავებს. კრემლი უარყოფს, რომ მეზობელ ქვეყნებში ხალხს შეიძლება გააჩნდეს თვითორგანიზებულობა, ღირსება და დამოუკიდებელი სწრაფვა საკუთარი ინტერესების დასაცავად, მსგავსად როგორც ის უარყოფს რუსეთის მოქალაქეების შემთხვევაშიც ამგვარ თვისებებს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.