8 მარტს პრორუსული ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ გადაცემაში „დღის კომენტარი 12:30 საათზე“ წამყვანებმა თბილისში 7 მარტს გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით იმსჯელეს და ანტიამერიკული შინაარსის რამდენიმე დეზინფორმაციული გზავნილი გააჟღერეს.

„ფაქტ-მეტრმა“ გადაწყვიტა აღნიშნული მტკიცებები გადაემოწმებინა.

მტკიცება 1: როდესაც ხალხი აპროტესტებდა მაია სანდუს მთავრობას და მოითხოვდა მის გადადგომას, მაია სანდუს განკარგულებით, კიშინიოვისკენ გზები დაიკეტა და რეგიონებიდან ვერ შეძლო ხალხმა ჩასვლა. [...] მაშინ ზუსტად არავითარი გამკიცხავი განცხადება თეთრი სახლისგან ჩვენ არ მოგვისმენია, რომ თურმე ადამიანებს შეეზღუდათ თავისუფალი გამოხატვის უფლება [...] იმიტომ, რომ მაია სანდუ არის ამერიკელების მარიონეტი ხელისუფლება მოლდოვაში და ასრულებს მათ დაკვეთებს

მარიკა კუბლაშვილის მიერ გაჟღერებული აღნიშნული დეზინფორმაციული გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატების დადანაშაულებას ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში ცდილობს. გადაცემაში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის - ნედ პრაისის განცხადებას მოიხმობენ, რომელშიც ის თბილისში 7 მარტს გამართულ პროტესტს ეხმიანებოდა და მშვიდობიანი დემონსტრანტებისთვის გამოხატვის თავისუფლებას უსვამდა ხაზს. დეზინფორმაციული გზავნილის გაჟღერებით, თითქოს მოლდოვაში ანტისამთავრობო გამოსვლებზე მაია სანდუმ დედაქალაქისკენ ხალხს გადაადგილება შეუზღუდა, რაზეც ამერიკის შეერთებული შტატებს გამკიცხავი რეაქცია არ ჰქონია, აშშ-ს საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტებით მოქმედ სახელმწიფოდ წარმოაჩენს.

სინამდვილეში, 28 თებერვალს კიშინიოვის მიმართულებით გზებზე მოძრაობის შეფერხების შესახებ ცნობები მართლაც ვრცელდება, თუმცა კიშინიოვისკენ მიმავალ გზების ჩაკეტვის ბრძანება პრეზიდენტ მაია სანდუს ოფიციალურად არ გაუცია. თებერვალში მოლდოვაში ოპოზიციის მიერ ანტისამთავრობო აქციები პროდასავლელი პრეზიდენტის - მაია სანდუს წინააღმდეგ, „მოძრაობა ხალხისთვის“ ორგანიზებით და რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი „შორ“ პარტიის მხარდაჭერით რამდენჯერმე გაიმართა. თუმცა 28 თებერვალს როგორც დედაქალაქში, ისე მასთან დამაკავშირებელ გზატკეცილებზე პროტესტს თავად ოპოზიციურად განწყობილი დემონსტრანტები მართავდნენ. დამატებით, მიუხედავად იმისა, რომ „შორ“ პარტიის დამფუძნებელი, პრორუსი ოლიგარქი ილან შორი მთავრობის წარმომადგენლებს პროტესტისთვის ხელოვნურად ხელის შეშლაში სდებს ბრალს, არსებული ცნობების მიხედვით, კიშინიოვთან დამაკავშირებელ გზებზე დროებითი შეფერხება უსაფრთხოების ზომების გამკაცრების გამო შექმნილმა საცობებმა განაპირობა. კერძოდ, საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტები მოლდოვას სხვადასხვა რეგიონიდან ავტობუსების საშუალებით მიდიოდნენ, უსაფრთხოების გასაძლიერებლად კი დედაქალაქში შემომსვლელ ავტომობილებს ასობით პოლიციელი ამოწმებდა, რაც გადაადგილებას აფერხებდა.

ცნობისთვის, მოლდოვაში უსაფრთხოების ზომების გამკაცრება 10 თებერვალს მოლდოვას პრემიერ-მინისტრის ნატალია გავრილიტას გადადგომასა და 13 თებერვალს მაია სანდუს მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება. უკრაინიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მან აღნიშნა, რომ მოსკოვი მოლდოვას პროდასავლური მთავრობის დამხობის მიზნით სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა, რომელიც დივერსიას და გაწვრთნილი ადამიანების მიერ ძალადობისა და სამთავრობო შენობებზე შეტევას გულისხმობდა.

მტკიცება N2: ...ხომ აშკარაა ვის უჭერს მხარს აშშ-ის საელჩო, [...] სამხრეთ კავკასიაში ეს მიზნებია, რომ მოხდეს გადაფორმატირება და ამისთვის ავლენენ ქალბატონ რობინ დანიგანს აქ. სხვათა შორის იმიტომ, რომ ის იყო ელჩი, როდესაც სომხეთში მოხდა ე.წ. ხავერდოვანი რევოლუცია და რა გამოიწვია რევოლუციამ? - 10.000 კაცის მსხვერპლი გამოიწვია ყარაბაღში და დღემდე ჩადებულია იქ ნაღმი...

სოსო მანჯავიძე აშშ-ის სამხრეთ კავკასიაში დესტაბილიზაციის მსურველ ძალად წარმოჩენას ცდილობს. დეზინფორმაციული მტკიცების გავრცელებით, თითქოს რობინ დანიგანი „ხავერდოვანი რევოლუციის“ დროს სომხეთში აშშ-ის ელჩი იყო, ის აშშ-ის მიერ რობინ დანიგანის კანდიდატურის საქართველოში ელჩის პოზიციაზე დასახელებას სწორედ ამ მიზანთან აკავშირებს.

სინამდვილეში, რობინ დანიგანი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოში ელჩის პოზიციაზე კანდიდატად 13 თებერვალს დაასახელა, სომხეთში აშშ-ის ელჩი არასდროს ყოფილა. ის აშშ-ის საელჩოებში ავსტრიაში, ვიეტნამში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში მუშაობდა. ამჟამად კი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ მსახურობს.

-------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.