სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის (ბმული 1, 2) თანახმად, თბილისში აღდგომის ღამეს ქაშვეთთან მომლოცველმა სამირა ბაირამოვამ მარნეულის ეპარქიას ჯვრის აღმართვის გამო უჩივლა. Facebook-მომხმარებელი ბექა ვარდოსანიძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1, 2, 3), მას „დასავლეთის აგენტად“ და „მართლმადიდებლობის მტრად“ მოიხსენიებს და ამტკიცებს, რომ სამირა ბაირამოვას არასამთავრობო ორგანიზაციამ მარნეულის ჰუჯაბის ეკლესიას ჯვრის აღმართვის გამო უჩივლა. რეალურად, სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) სარჩელი მარნეულის საკრებულოს წინააღმდეგ შეიტანა. სარჩელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციების უთანასწორო და არასეკულარულ დაფინანსებას უკავშირდებოდა.

მარნეულის საკრებულოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით დეზინფორმაცია აქამდეც ვრცელდებოდა. ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის თანახმად, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) სარჩელი წარადგინა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის წინააღმდეგ, რომლითაც მარნეულის მუნიციპალიტეტში საკარანტინო რეჟიმის გამოცხადების შემდეგ მღვდლების მიერ მარნეულის ქუჩების წყლით კურთხევის ფაქტს ასაჩივრებდა. მაშინ EMC განცხადებით გამოეხმაურა სოციალურ ქსელებში ქართული მარშის ლიდერების, მომხრეებისა და სხვა ინტერესთა ჯგუფების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და მას მცდარი და უსაფუძვლო უწოდა. გავრცელებული დეზინფორმაციის საპასუხოდ გაკეთებულ განცხადებაში EMC საჯაროდ განმარტავდა მის წარმოებაში არსებულ ერთ საქმეს, რომელიც მათი ვარაუდით, ზემოთ ნახსენები ჯგუფების მიერ ბოროტად იყო გამოყენებული.

ორგანიზაციის განმარტებით, ბოლო წლების პრაქტიკის ანალიზი აჩვენებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 83%-ზე მეტს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მუსლიმი თემი შეადგენს, ამ რეგიონში ასევე ეთნიკურად სომხები და ქართველი მუსლიმი ეკომიგრანტები ცხოვრობენ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი რელიგიური საქმიანობის დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხების უდიდეს ნაწილს მხოლოდ ადგილობრივ ეპარქიას გადასცემს. სწორედ ამიტომ, 2020 წლის 17 თებერვალს EMC-მა არადომინანტი რელიგიური რწმენის, ასევე ათეისტი, აგნოსტიკოსი და სეკულარისტი მართლმადიდებელი საქართველოს მოქალაქეების სახელით, სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს და მარნეულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლებიც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიისთვის 400 000 ლარის გამოყოფას ითვალისწინებდა. ბიუჯეტში აღნიშნული ხარჯის მიზნად „რელიგიური შემწყნარებლობის პროპაგანდის და მოსახლეობის სულიერების ამაღლების“ ხელშეწყობა იყო მითითებული. EMC მიიჩნევს, რომ საბიუჯეტო რესურსების არასეკულარული, წმინდა რელიგიური მიზნებისთვის გამოყენება არღვევს მოსარჩელე პირების რელიგიის თავისუფლებას, საკუთრების უფლებას და ამავდროულად დისკრიმინაციულია. EMC ასევე უთითებს, რომ დაფინანსების არსებული პრაქტიკა ეწინააღმდეგება კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებულ ნორმებს, სამართლებრივი სახელმწიფოსა და სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპებს.

სამირა ბაირამოვა, რომელიც ერთ-ერთი მოსარჩელე იყო, მოითხოვდა მომხდარიყო ზემოხსენებული თანხის შშმ პირების, სოციალურად დაუცველების და ეკომიგრანტების სასარგებლოდ გამოყენება. იგი აღნიშნავდა, რომ საკრებულო მუნიციპალიტეტში არსებულ უამრავ სოციალურ პრობლემას ვერ პასუხობდა. „თვითონ ეპარქიაც და მუსლიმური ორგანიზაციებიც კი უნდა ეთანხმებოდნენ და ორგანიზდებოდნენ იმის გარშემო, რომ პირველ რიგში უნდა დავიცვათ და გავითვალისწინოთ გაჭირვებული ადამიანები. ეს პრაქტიკა დისკრიმინაციულიც არის. მარნეულის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 10 000 მეჩეთებისთვის და 400 000 ეპარქიისთვის. რა ლოგიკით ხდება რესურსების ასე გადანაწილება ჩვენს მუნიციპალიტეტში?! ცხადია, რომ ეს დისკრიმინაცაიულია“, - განაცხადა მან.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას თავად სამირა ბაირამოვაც გამოეხმაურა. გავრცელებული პოსტის კომენტარებში იგი წერს, რომ ორგანიზაციას ჯვრის აღმართვის წინააღმდეგ სარჩელი არ შეუტანია.

ამრიგად, Facebook-მომხმარებლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამირა ბაირამოვამ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიას ჯვრის აღმართვის გამო უჩივლა, ყალბია. მსგავსი შინაარსის პოსტები ე.წ „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე ადამიანების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.