სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Irakli Jankarashvili, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (ბმული 1, 2, 3), ფოტოს (დაარქივებული ფოტოს ბმული) აქვეყნებს, მტკიცებით, რომ „ამერიკელმა კარიკატურისტმა ჯონი ს. რებელმა წარმოადგინა უკრაინაში ფრანგული ჯარების გაგზავნის შედეგები“. კარიკატურაზე გამოსახული „ნაპოლეონის აჩრდილი კიევის ნანგრევებზე მუხლმოდრეკილ დამარცხებულ ფრანგ ჯარისკაცს ეკითხება: „პირველად ხარ აქ?“. რეალურად, კარიკატურის ნამდვილობა არ დასტურდება, ხოლო ამერიკელი კარიკატურისტის სახელად ჯონ ს. რებელის შესახებ ცნობები ინტერნეტსივრცეში არ იძებნება.
აღნიშნული კარიკატურა იდენტური აღწერით ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა ვებგვერდების მიერ, რომელთა სანდოობაც საეჭვოა (ბმული 1, 2, 3, 4, 5), ზოგიერთი მათგანი აღწერაში კარიკატურის ავტორად ნაცვლად ჯონ რებელისა, ვინმე ჯონ ლიბერს ასახელებს (ბმული 1, 2, 3, 4).
გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ კარიკატურა არც ერთ საძიებო სისტემაში, სანდო მედიასაშუალებების ან ოფიციალური წყაროების ვებგვერდებზე არ იძებნება. ასევე არ იძებნება მისი თანმხლები ინფორმაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ ამერიკელმა კარიკატურისტმა უკრაინაში ფრანგული ჯარების გაგზავნის შედეგები ილუსტრაციის სახით წარმოადგინა.
მეტიც, ინტერნეტსივრცეში არ არსებობს არანაირი ცნობა ამერიკელ კარიკატურისტ ჯონ ს. რებელის ან ჯონ ლიბერის შესახებ. ინფორმაცია მხოლოდ მომღერალ ჯონ რებელის შესახებ არის ხელმისაწვდომი, რომელიც 1938 წელს დაიბადა და 2016 წელს გარდაიცვალა.
ამდენად, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული კარიკატურისა და მისი თანმხლები ინფორმაციის ნამდვილობა არ დასტურდება.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.