სოციალურ ქსელში ნინო ლომჯარიას მადისკრედიტირებელი პოსტები ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 1 ივლისს, Facebook-მომხმარებელმა ირაკლი ჯანყარაშვილი / irakli jankarashvili-მა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ფოტო გამოაქყვენა წარწერით- „ სახალხო "გამრყვნელი" სახელმწოფოს ანალური ხვრელების დაცვისკენ მოუწოდებს ”. პოსტი მალევე სხვადასხვა მადისკრედიტირებელი წარწერებით სხვა Facebook-მომხმარებლის პირად პროფილებსა და “გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა!"-ში გაზიარდა.

რეალურად, სახალხო დამცველს მსგავსი განცხადება არ გაუჟღერებია. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ნინო ლომჯარიასთან დაკავშირებით არაერთი ყალბი ამბავი და მადისკედიტირებელი განცხადება გავრცელდა, რაც ივლისის თვეში „თბილის პრაიდის“ მიერ დაანონსებულ „ღირსების მარშს“ უკავშირდება.

სახალხო დამცველმა 1 ივლისს ღირსების მარშთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც მან შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს იმ ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდა, რომლებიც პრაიდის მონაწილეების უსაფრთხოებას, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას რეალურად დაიცავს. კონკრეტულად განცხადებაში ვკითხულობთ:

„2021 წლის 5 ივლისს დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას, არსებული რისკების პრევენციის და დაცვის შესაბამისი ღონისძიებების გატარების გზით. ამასთან, აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს ულტრამემარჯვენე და ძალადობრივი ჯგუფების მიერ ლგბტ+ თემის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ გავრცელებული მუქარის შემცველი განცხადებები.

წლებია გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებებით სარგებლობის მცდელობა ლგბტ+ თემის წევრებს და მათ მხარდამჭერებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ გარემოში უწევთ. ამის ფონზე, სახელმწიფო, ლგბტ+ თემის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად, არასაკმარისი ღონისძიებებით და ზოგადი საჯარო განცხადებებით შემოიფარგლება. ჰომო/ტრანსფობიურად განწყობილი ადამიანების მიერ ჩადენილ სამართალდარღვევებსა და სავარაუდო დანაშაულებზე რეაგირება კი, უმეტეს შემთხვევაში, ფრაგმენტული და არაეფექტიანია.

ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის მშვიდობიანი პროტესტი თუ სოლიდარობის აქტი, მისი შინაარსის მიუხედავად, საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული, მისი უზრუნველყოფის ვალდებულება კი ხელისუფლებას ეკისრება. ამის საპირისპიროდ, მაღალი თანამდებობის პირები ხელს უწყობენ საკითხის პოლიტიზირებას და თემის წევრების უსაფრთხოების დაცვის გარანტად თავად თემის უფლებების შეზღუდვას წარმოაჩენენ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს კომპეტენტურ ორგანოებს და თანამდებობის პირებს, წინა წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით, გაატარონ ღონისძიებები, რომელიც ღირსების მარშის მონაწილეების უსაფრთხოებას, გამოხატვის და შეკრების თავისუფლებებს რეალურად დაიცავს; ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებზე, დაუსჯელობის განცდისა და მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით; გააკეთონ ლგბტ+ თემის მხარდამჭერი განცხადებები.“

შესაბამისად, ირაკლი ჯანყარაშვილის მიერ გავრცელებული პოსტი ყალბი ამბავია და „ღირსების მარშის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების კონტექსტში, სახალხო დამცველის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

ცნობისთვის, პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით საქართველოში პრაიდის კვირეული იმართება, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებების ჩატარება არის დაგეგმილი, 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ მარშის დაანონსების დღიდან ულტრამემარჯვენე და ნაციონალისტური ჯგუფების მხრიდან პერმანენტულად გაისმის მოწოდებები, რომ „ღირსების მარში“ არ უნდა გაიმართოს. მსგავსი განცხადებების ავტორია მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედის“ ლიდერი ლევან ვასაძეც. იგი ღიად მოუწოდებდა ხელისუფლებას, „ღირსების მარშის“ ჩატარებისათვის წინააღმდეგობა გაეწია. 29 ივნისს „პრაიდის კვირეულის“ ჩაშლის სამოქმედო გეგმა წარადგინა „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებამ“ (გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები). საზოგადოებას ბოლო კვირების განმავლობაში პრაიდის და ლგბტ+ თემის წევრების საწინააღმდეგო გზავნილები „ალტ-ინფოს“ „ალტ-ანალიტიკის“ გადაცემებში წამყვანების (ირაკლი მარტინენკო, შოთა მარტინენკო, ზურაბ მაზარაძე, გიორგი ქარდავა) მხრიდან მუდმივად მიეწოდებოდა, რომლებიც პრაიდის კვირეულის ჩაშლის მიზნით მაყურებლების მობილიზაციასა და სპეციალურ ჯგუფებში გაწევრიანებას ცდილობდნენ.

---------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი