2021 წლის 29 ოქტომბერს, Facebook-მომხმარებელმა Irakli Jankarashvili-მა ედუარდ სააკაშვილის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით - „არ გამოვრიცხავ პოლიტიკაში მოსვლას, რადგან მაქვს საკმარისი განათლება და ცოდნა“. ჯანყარაშვილმა პოსტს თან აღწერაც დაურთო - „ახლა კი ნამდვილად დაეცემა პუტინის რეჟიმი. ძრწოდე ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ ახლოა აღსასრული ორთავიანი არწივის 😡😂“. სინამდვილეში, ჯანყარაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.

ედუარდ სააკაშვილის განცხადება პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე არც ერთ ღია წყაროში, არც რომელიმე სანდო მედიის მასალებში მოიპოვება. შესაბამისად, ედუარდ სააკაშვილს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია და ინტერნეტსივრცეში ყალბი ამბავი ვრცელდება.

რეალურად, თავად ედუარდ სააკაშვილს პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია. ის საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდგომ ჩამოვიდა. ედუარდ სააკაშვილმა მედიასთან კომენტარი 11 ოქტომბერს, ციხეში მამის მონახულების შემდგომ გააკეთა, რომელშიც მან განაცხადა: „ჩვენი პრიორიტეტი, როგორც ოჯახის, არის, რომ ვიხილოთ მიშა ჯანმრთელი, თავისუფალი“. სულ ახლახანს კი, 27 ოქტომბერს, პირად Facebook-გვერდზე, მამას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და ოჯახის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით- „ამ სირთულესაც ერთად გადავლახავთ. #თავისუფლებამიშას“.

ედუარდ სააკაშვილის კომენტარი. წყარო: ფორმულა

ედუარდ სააკაშვილის პოლიტიკაში მოსვლისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერობაზე საუბრები ექსპრეზიდენტის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყო. პარალელურად, ვრცელდებოდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ „ენმ“-ს ლიდერს, ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის დაპირისპირებაა, რის გამოც ექსპრეზიდენტს პარტიის სათავეში მისი შვილის, ედუარდ სააკაშვილის მოსვლა უნდა. სავარაუდოდ, ირაკლი ჯანყარაშვილმა პოსტი აღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით გამოაქვეყნა, რათა მკითხველისთვის შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს ედუარდ სააკაშვილის პოლიტიკაში მოსვლის შესახებ ინფორმაცია რეალურია. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, ედუარდ სააკაშვილს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

--------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია