წელს ეკონომიკა 103 მლრდ ლარამდე გაიზრდება და 2012 წლის მაჩვენებელს 4-ჯერ გადააჭარბებს

პაატა კვიჟინაძე: წელს ეკონომიკა 103 მლრდ ლარამდე გაიზრდება და 2012 წლის მაჩვენებელს 4-ჯერ გადააჭარბებს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, პაატა კვიჟინაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე

2012 წელს მიმდინარე ფასებში დათვლილმა მშპ-მ 27.9 მლრდ ლარი შეადგინა, 2025 წლის პროგნოზი 3.7-ჯერ მეტი - 103 მლრდ ლარია, მაგრამ ეს ზრდა მხოლოდ ნომინალურ მაჩვენებელს ასახავს. 2012 წლის შემდეგ სამომხმარებლო ფასები 68%-ით გაიზარდა. ინფლაციის გათვალისწინებით, ეკონომიკას თუ მუდმივ ფასებში გავზომავთ, რეალური ზრდის ტემპი საგრძნობლად შემცირდება. 2019 წლის მუდმივ ფასებში დათვლით ეკონომიკა 36.2-დან 71.6 მლრდ-მდე იქნება გაზრდილი.
მანიპულაციურია დოლარში დათვლილი ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის 2020 წელთან შედარებაც. გარდა იმისა, რომ საბაზო პერიოდის გათვალისწინებით 2020 არარელევანტურია - 2021 წელს დაფიქსირებული ზრდა ძირითადად პანდემიის დროს დახურული ბიზნესების ხელახლა გახსნას უკავშირდებოდა, პრობლემად ნარჩუნდება ინფლაცია და კურსის ცვლილებაც. 2020 წელს საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 3.11 ლარს შეადგენდა, 2025 წლის იანვარ-მაისში 2.79 ლარს. შესაბამისად, 2020-2025 წლებში (2025-ის პროგნოზის გათვალისწინებით) მართალია, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 4300 დოლარიდან 9900-მდე გაიზარდა, მაგრამ თუ მას ეროვნულ ვალუტაში დავითვლით თანაც მუდმივ ფასებში 12 500-დან 19 400 ლარამდე ზრდას მივიღებთ.
პაატა კვიჟინაძის განცხადებით, 2025 წელს ქვეყნის მთლიანი ეკონომიკა 2012 წელთან შედარებით 300%-ით, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2020 წელთან შედარებით 130%-ით უნდა ყოფილიყო გაზრდილი. სინამდვილეში, არსებულ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, რეალური ეკონომიკა 2012 წელთან შედარებით 97%-ით და მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2020 წელთან შედარებით 54%-ით იქნება გაზრდილი.
ნომინალურად მეტ-ნაკლებად სწორად დასახელებული რიცხვების, მაგრამ ინფლაციისა და კურსის ცვლილების უგულებელყოფის გათვალისწინებით, რაც რეალური ზრდის ტემპს გაორმაგებულად წარმოაჩენს, „ფაქტ-მეტრმა“ პაატა კვიჟინაძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.

ანალიზი:

პაატა კვიჟინაძემ ეკონომიკაზე საუბრისას განაცხადა: „წელსაც მაღალი ეკონომიკური ზრდის მოლოდინი გვაქვს, 103 მილიარდზე ავალთ, რაც 4- ჯერ მეტია იმაზე, რაც 2012 წელს იყო. მშპ ერთ სულ მოსახლეზე წელს გასცდება 10 ათას დოლარს (2020 – 4300 დოლარი)“.

2012 წელს მიმდინარე ფასებში დათვლილმა მშპ-მ 28 მლრდ ლარი შეადგინა. 2024 წელს 92 მლრდ-ს და 2025 წლის პროგნოზი 103 მლრდ ლარია ანუ 3.7-ჯერ მეტი.

მიმდინარე ფასებში დაანგარიშებული მშპ ინფლაციას არ ითვალისწინებს, რაც სერიოზული პრობლემაა. ადამიანისთვის შემოსავლების 100 ლარიდან 200 ლარამდე ზრდა ორჯერ გამდიდრებას არ ნიშნავს. მთავარია ის, თუ რა ოდენობის პროდუქციისა და მომსახურების შეძენა იყო შესაძლებელი პირველ წელს 100 ლარად და რა ოდენობის მომდევნო წელს 200 ლარად. ანალოგიური მიდგომა შეიძლება გავრცელდეს ქვეყნის მთლიან ეკონომიკაზეც. თუ ქვეყანაში ისევ 100 პური იწარმოება, მაგრამ 1 პური ფასი 1 ლარი კი არა 1.5 ლარია, ნომინალური ეკონომიკა 50%-ით იქნება გაზრდილი, რეალური კი - 0%-ით. თეორიულად, ჰიპერინფლაციის დროს, შეიძლება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ადგილობრივ ვალუტაში ძალიან მაღალი პროცენტული ტემპით იზრდებოდეს, მაგრამ რეალური ეკონომიკა მცირდებოდეს. 2020 წელს 6.3%-იანი ვარდნის მიუხედავად, ნომინალური ეკონომიკა მცირედით, მაგრამ მაინც 49.7-დან 49.8 მლრდ ლარამდე გაიზარდა.

იმის დასადგენად, თუ რეალურად რა სიდიდით გაიზარდა ეკონომიკა დროის გარკვეულ შუალედში, მშპ მუდმივ ფასებში უნდა დაითვალოს, ან მშპ-ის ზრდის ტემპები გადამრავლდეს ერთმანეთზე.

2019 წლის მუდმივ ფასებში დათვლით, 2012-2024 წლებში მშპ 36.2-დან 67.5 მლრდ ლარამდე გაიზარდა. 2025 წლის ბიუჯეტი 6%-იან ზრდაზეა გაწერილი, რაც იმას ნიშნავს, რომ 2019 წლის ფასებში დათვლით, მშპ 71.6 მლრდ-ს მიაღწევს ანუ 2012 წელთან შედარებით, გაორმაგებული იქნება. სხვა სიტყვებით, რეალური ეკონომიკა 2025 წელს 2012 წელთან შედარებით 97%-ით იქნება გაზრდილი და არა 300%-ით.

გრაფიკი 1: მშპ (მლრდ. ლარი)


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ფინანსთა სამინისტრო

პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდის ტემპმა 9.8%-ს მიაღწია. წლიური ზრდისთვის ეს ტემპიც რომ ავიღოთ, მშპ 2019 წლის მუდმივ ფასებში 74.1 მლრდ ლარს მიაღწევს ანუ 2012 წელთან შედარებით, 105%-ით იქნება გაზრდილი. სხვაობა დასახელებულ 300%-იან ზრდასთან შედარებით, ამ შემთხვევაშიც ძალიან დიდია.

13 წელიწადში ეკონომიკის 4-ჯერ გასაზრდელად წლიურად მშპ-ის საშუალოდ 11.2%-იანი ზრდაა საჭირო, მაშინ როცა საქართველოს შემთხვევაში 2013-2025 წლებში რეალური საშუალო ზრდის ტემპი წლიურად 5.5%-ს შეადგენს.

პაატა კვიჟინაძემ წარმატების გასაზომად ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ც დაასახელა, ოღონდ დოლარში და თან ის 2020 წელს შეადარა. ინფლაციასთან ერთად აქ უკვე მეორე კურსის ცვლილების პრობლემაცაა. 2020 წლის კურსი აშშ დოლართან მიმართებით, საშუალოდ 3.11-ს შეადგენდა, 2025 წლის იანვარ-მაისის კი 2.79-ს. მესამე პრობლემა საბაზო პერიოდია, პანდემიისა და კოვიდრეგულაციების გამო, 2020 წელს ეკონომიკა შემცირდა და 2021 წლის ზრდა ძირითადად დახურული ბიზნესების ხელახლა გახსნით იყო გამოწვეული. დოლარში ნომინალურ ზრდაზე დაყრდნობით, ჩნდება შთაბეჭდილება, რომ თითქოს 2021-2025 წლებში ეკონომიკა ჯამში 133%-ით გაიზარდა ანუ წლიურად საშუალოდ 18%-ით, მაშინ, როცა რეალურმა ზრდამ ჯამურად 53% და წლიურად საშუალოდ 9% შეადგინა (ანგარიში ეფუძნება დაშვებას, რომ 2025 წელს მშპ-ის ზრდის ტემპი 6% იქნება).

როგორც მთლიანი ქვეყნის ეკონომიკის შემთხვევაში, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებითაც, ნომინალურზე მეტად რეალური ზრდაა მნიშვნელოვანი. მუდმივ 2019 წლის ფასებში დათვლით, 2020 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 13 400 ლარს შეადგენდა, 2024 წელს - 18 300 ლარს. 2025 წელს 6%-იანი ზრდის შემთხვევაში მან 19 400 ლარს უნდა მიაღწიოს.

გრაფიკი 2: მშპ ერთ სულ მოსახლეზე ეროვნულ ვალუტაში


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ფინანსთა სამინისტრო

საქსტატს მუდმივი ფასები დოლარში არ აქვს დათვლილი, მსოფლიო ბანკის ბოლო მონაცემები 2023 წლით თარიღდება, თუმცა სხვაობა ნომინალურსა და რეალურ ზრდებს შორის მაინც მკაფიოა.

მუდმივ 2015 წლის ფასებში დათვლით, 2020-2023 წლებში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 33%-ით 4660-დან 6180 დოლრამდე გაიზარდა, მიმდინარე ფასებში კი 93%-ით - 4300-დან 8285 დოლარამდე.

პაატა კვიჟინაძეს როგორც ლარში, ასევე დოლარში შესადარებლად ნომინალური მაჩვენებლები მოჰყავს, რაც რეალური ზრდის ტემპს ორმაგად გაზვიადებულად წარმოაჩენს. 2025 წლის ბოლოს, 2012 წელთან შედარებით, რეალური ეკონომიკა 97%-ით იქნება გაზრდილი და არა 300%-ით, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 54%-ით იქნება გაზრდილი და არა 133%-ით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიმდინარე წლის ზრდას პირველი კვარტლის ზრდაზე დაყრდნობით ვიანგარიშებთ, რიცხვები მხოლოდ მცირედით დაკორექტირდება კერძოდ, 105%-მდე და 61%-მდე, რაც დასახელებულ 300%-თან და 133%-თან მაინც ძალიან შორსაა. ნომინალურად მეტ-ნაკლებად სწორად დასახელებული რიცხვების, მაგრამ ინფლაციისა და კურსის ცვლილების უგულებელყოფის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ პაატა კვიჟინაძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.