სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიში Гия Амиранович Гогитидзе, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), აშშ-ის ყოფილი ხაზინის მდივნის, პოლ ჰენრი ო’ნილის ყალბ ციტატას ავრცელებს. მტკიცების მიხედვით, 2019 წელს აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა პოლ ჰენრი ო'ნილმა უკრაინელებს ღია წერილი მისწერა, რომლის მიხედვითაც „არ არსებობდა მეიდანი, არამედ ეს იყო აშშ-ის შეჭრა რუსეთის გავლენის სფეროში“ და „თქვენ [უკრაინელები] უბრალოდ მსხვერპლი ხართ, გამოყენებული აშშ-სა და მისი ევროპელი ვასალების მიერ“.

პოსტში მოხსენიებული პოლ ჰენრი ო’ნილი 2001-2002 წლებში აშშ-ის ხაზინის მდივანი იყო, თუმცა, პოლ ჰენრი ო’ნილს აღნიშნულ ტექსტთან კავშირი არ აქვს - მისი რეალური ავტორი ვინმე ჰენრი პოლია, რომელმაც ის გერმანული ჟურნალის, „Contra“-ს ვებგვერდზე გამოაქვეყნა. ჟურნალი „Contra“, რომლიდანაც აღნიშნული ტექსტია გადმოტანილი, უკრაინასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელებაში (1, 2) არაერთხელ არის მხილებული, ხოლო სტატია, რომელზე დაყრდნობითაც ყალბი ამბავი გავრცელდა, ვებგვერდიდან წაშლილია. მიუხედავად ამისა, მისი ნახვა ვებგვერდების არქივის საშუალებით არის შესაძლებელი.

Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ცდილობს, კრემლის ყალბი ნარატივი გაამყაროს, თითქოს „მაიდნის რევოლუცია“ „რუსეთის გავლენის სფეროში“ შეჭრის მიზნით დასავლეთის მიერ იყო ორგანიზებული, რომლის შედეგადაც უკრაინა დასავლეთის კონტროლს დაექვემდებარა.

ამდენად, მტკიცება, რომ აშშ-ს ყოფილმა ხაზინის მდივანმა, პოლ ჰენრი ო’ნილმა, გამოაქვეყნა ღია წერილი იმის შესახებ, რომ „მაიდნის რევოლუცია“ აშშ-ის მიერ ორგანიზებული გადატრიალება იყო, რამაც უკრაინა დასავლეთის მსხვერპლად აქცია, ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.